Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიელები - „კაზანტიპის“ მხარდასაჭერად და საპატრიარქოს აქციის წინააღმდეგ


ანაკლია
ანაკლია

ანაკლიაში, განმუხურსა და მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას მიმართავს არ აჰყვნენ საპატრიარქოს განცხადებას და არ გადაიფიქრონ ანაკლიაში ახალგაზრდული ფესტივალის, „კაზანტიპის“, ჩატარება. მოსახლეობა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქოს მიერ 14 აგვისტოს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელიც ფესტივალის წინააღმდეგ არის მიმართული.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ანაკლიაში, ისევე როგორც ახლომდებარე სოფლებში, ოჯახებს ძირითადად თხილის რეალიზაციით არჩენენ და ფესტივალის გამართვით მათ ალტერნატიული შემოსავლის წყარო გაუჩნდათ. მათი თქმით, „კაზანტიპზე“ დასწრების მსურველთა რიცხვი მატულობს, რაც საშუალებას იძლევა მათ ოთახების გაქირავებით მეტი ფინანსური სარგებელი ნახონ:

„აუცილებლად უნდა გაიმართოს „კაზანტიპი“ ანაკლიაში. ჩვენ არ გვაინტერესებს სხვისი აზრი. თუ ჩვენ გადასარჩენი ვართ და ამას ვერ ვხვდებით, მაშინ ილოცონ და გადაგვარჩინონ. ამდენმა ხალხმა ბანკიდან სესხი გამოიტანა, სახლი გააკეთა და შეიძლება ახლა ამ ხალხს ხელი ჰკრან?! მოგვცენ ჩვენც ცხოვრების საშუალება. ვნახოთ, თუ სასწაული იქნა წელს, მომავალ წელს მერე აღარ იქნება“, - განაცხადა ანაკლიელმა ეკა გვილიამ.

შენ არ შეუშალო ხელი და ატარონ იმათ დრო. შენც ხომ ნახავ სარგებელს. თუ არ გინდა, არ გაუშვა შენი ბავშვი, არ გაუშვა შენი ახალგაზრდა, არ შეუშვა იქ...
ოდიკო ჭაფანძე

ადგილობრივთა ნაწილი, რომელიც მის მსგავსად ფიქრობს, დაახლოებით 200-მდე მოქალაქე, ანაკლიის ცენტრში შეიკრიბა 4 აგვისტოს და „კაზანტიპის“ მხარდამჭერი აქცია გამართა. აქ მონაწილეობის მისაღებად განმუხურიდან მივიდა 73 წლის ოდიკო ჭაფანძე. აი, რას პასუხობს ის საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფესტივალში გარყვნილების პროპაგანდის საფრთხეს ხედავს:

„შენ არ შეუშალო ხელი და ატარონ იმათ დრო. შენც ხომ ნახავ სარგებელს. თუ არ გინდა, არ გაუშვა შენი ბავშვი, არ გაუშვა შენი ახალგაზრდა, არ შეუშვა იქ. თუ სურვილი გექნება და თუ გადაიხდი, მაშინ შედი. თუ არ არის შენთვის მისაღები, დაჯექი სახლში და სხვასაც ნუ შეუშლი ხელს, გლეხობას ნუ შეუშლი ხელს“.

მეც უბრალო გართობა მეგონა და სერიოზულად ჩავიხედე, სერიოზულად წავიკითხე კონსტიტუცია, ვნახე კადრები და გავოცდი. ეს არის აბსოლუტურად ყველაფრის თავისუფლება, ნარკოტიკის, სექსის, პორნოგრაფიის თავისუფლება...
არქიმანდიტი ანთიმოზი

საქართველოს საპატრიარქომ 3 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ 14 აგვისტოს ახალგაზრდული ფესტივალის - „კაზანტიპის“ - საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. არქიმანდრიტ ანთიმოზის განცხადებით, აქცია მშვიდობიანი იქნება და ეკლესია და მრევლი უკვე ემზადება მის ჩასატარებლად:

„ემზადება ეკლესია და მრევლი აქციის ჩასატარებლად. ხალხმა არ იცის „კაზანტიპი“ რას ნიშნავს. მეც უბრალო გართობა მეგონა და სერიოზულად ჩავიხედე, სერიოზულად წავიკითხე კონსტიტუცია, ვნახე კადრები და გავოცდი. ეს არის აბსოლუტურად ყველაფრის თავისუფლება, ნარკოტიკის, სექსის, პორნოგრაფიის თავისუფლება. თავიანთი კონსტიტუცია და წესები აქვთ, თავიანთი პრეზიდენტი ჰყავთ, რომელიც იძახის, რომ ჯადოქარი ვარო. ეს არის მსხვერპლშეწირვა, ეშმაკზე მსხვერპლშეწირვა. ამას პირდაპირ ვამბობ“.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „კაზანტიპი“ ანაკლიაში 10-დან 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს. მისი მსვლელობისას აქ 20-დან 40 ათასამდე სტუმარს ელოდებიან. ტურისტების სიმრავლის მოლოდინში ანაკლიაში, განმუხურსა და მეზობელ სოფლებში ბინის ქირა უკვე გაიზარდა. ის 20-დან 80 დოლარამდე მერყეობს. აგვისტოს თვეში მთლიანად დაჯავშნილია ანაკლიაში განთავსებული სამივე სასტუმრო.

XS
SM
MD
LG