Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკა“


ანა კორძაია-სამადაშვილის მეორე რომანიც ბაკურ სულაკაურმა გამოსცა. იგი პირველზე უფრო დიდია მოცულობით და ანა პირველზე უფრო მაგრად ხლართავს აქ ამბებს. იმ რომანს, რომელსაც „შუშანიკის შვილები“ ერქვა, ასეთი მინაწერი ჰქონდა: „ერთი რომანის სცენარი“. ეს კი უკვე რომანია, რომელსაც ზოგი დეტექტივსაც უწოდებს, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი ასე. ჩემი დღევანდელი სტუმარი, ჯაბა ზარქუაც ფიქრობს, რომ ეს არაა კლასიკური დეტექტივი. ჯაბა ერთ-ერთია, ვინც ამ რომანის წაკითხვა მოასწრო. იგი თავადაც წერს, მაგრამ იმ იშვიათ ახალგაზრდა ქართველ პროზაიკოსთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც წერის გარდა სხვების შემოქმედების შეფასებასაც ახერხებენ:

„როგორც თვითონ ავტორს აქვს ნათქვამი, ეს წიგნი გადის დეტექტივში, მაგრამ ასე მიდგომა ამ წიგნისადმი, როგორც რაღაცა უბრალო დეტექტივისადმი, ჩემი აზრით, არაა მართებული, იმიტომ რომ დეტექტივის გარდა, პრინციპში, უფრო სხვა რამეა, იმიტომ რომ დეტექტივისთვის დამახასიათებელი ბოლოს ასეთი კვანძის მკაფიო გახსნა და ყველაფრის დახურვა და ლოგიკური წერტილის დასმა აქ არ არის. აქ ცოტა სხვა აქცენტებია დასმული“.

მაინც რა აქცენტებია დასმული? რამ მიიქცია ყველაზე მეტად მისი ყურადღება ანას წიგნში? ამაზე ჯაბა ზარქუა საკმაოდ ვრცლად და დეტალურად საუბრობს:

„ეს ჩემთვის, პირველ რიგში, საინტერესო იყო თავისი სიუჟეტური სტრუქტურით და აგებულებით. ჩემი აზრით, ძალიან რთულია, როდესაც სიუჟეტის მოქმედების არეალი და ლოკაცია ვიწროა, რომანი მცირე მასშტაბისაა, სულ 140-150 გვერდია, და რომანში არის არაადეკვატურად ბევრი პერსონაჟი. ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან რთული ამოცანა მწერლისთვის, რომ ამ პერსონაჟებით, ამ მრავალი და უხვი პერსონაჟებით მკითხველი არ დაღალო... ეს რისკი ყოველთვის არის და ხშირად ვიღლები ხოლმე ამ ტიპის ნაწარმოებების კითხვისას, იმიტომ რომ ავტორი ვერ ახერხებს პერსონაჟების ისე გამოკვეთას, რომ ყველა ცალ-ცალკე დაამახსოვრდეს მკითხველს, მაგრამ ანამ ამ ამოცანას კარგად გაართვა თავი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს მოახერხა, ამ პატარა სივრცეში ჩატია ამდენი პერსონაჟი (ზოგი სრულიად უმნიშვნელო, მაგალითად, თეზო, თხრობა რომლითაც იწყება და რომლითაც მთავრდება და რომელიც იდეაში არაფერშია საჭირო, გარდა სტრუქტურისა და ფორმის შეკვრისა) და მოახერხა ის, რომ ეს პერსონაჟები აღეჭურვა პატარა ისეთი შტრიხებით, რომ მკითხველი კი არ დაიღალა, პირიქით, გსიამოვნებს, რომ არის რაღაცა მრავალფეროვნება. ანუ ეს არ ტოვებს ჩაყრილის და ხელოვნურად ერთად თავმოყრილის შთაბეჭდილებას. თითქოს ყველაფერი ასეც უნდა იყოს და ეს, ჩემი აზრით, ღირსება იყო ამ ნაწარმოების და ეს იყო ძალიან რთული ამბავი შესასრულებლად“.

ანა მკვეთრი, მოკლე-მოკლე ფრაზებით იწყებს თხრობას, თავიდან შეიძლება ვერც კი იცნოთ. ანა ხომ, ძირითადად, ისე წერს, როგორც ლაპარაკობს... ჰოდა, ეს დასაწყისი ცოტათი გეუცნაურებათ. მოქმედება იმით იწყება, რომ ერთ-ერთი მეასეხარისხოვანი პერსონაჟი მოკლულ ქალს იპოვის, ფანჯრის გისოსებს მიღმა დაინახავს. შემდეგ კიდევ გრძელდება ანას ეს მოკლე-მოკლე, მადაზე მოსაყვანი წინადადებები და უცებ დგება მოკლულის, ელისაბედის ანდერძის ჯერი და ანდერძის დაწერისას ანა ფრთებს შლის, იგი ისევ ის ანა ხდება, ერთმანეთზე ასხმული ეპითეტებით, ხატოვანი თქმებითა და გრძელი, გადაბმული, პაროდიული კანცელარიზმებით. ანდერძი, მაგალითად, ასე მთავრდება: „ნოტარიუსს, რომელიც ამ სახლსა და კარ-მიდამოს გადაუფორმებს, ვუბარებ, პროცედურის დასრულების შემდეგ დიმიტრი მ.-ს (მოკლულის ძმაა) უთხრას: „არამი იყოს შენზე, მათხოვარო““.

ამ რომანში ანა კორძაია-სამადაშვილი დიალოგების ნამდვილ დიდოსტატად მოგვევლინა:

„დიალოგებია კარგად აგებული, თხრობა არის ძალიან არითმიული და რაღაცნაირი, ტაქიკარდიული, ბევრია ამოვარდნები და ხშირად გიჭირს მკითხველს ზოგიერთ ადგილას, რომ წაჰყვე ავტორს და ავტორის სინქრონულად იაზროვნო, მაგრამ ეგ არაფერი, რაც უფრო მეტს კითხულობ, ნელ-ნელა ეჩვევი და ხვდები, რომ ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ნაწარმოები და წიგნი ჩაიკას შესახებ, ქალის შესახებ, პრინციპში, სხვანაირად დაწერილი არც უნდა ყოფილიყო. ანუ სტილი, ჩემი აზრით, ძალიან სწორადაა შერჩეული“.

ანა ამ რომანში შესანიშნავი აღმწერიცაა, საინტერესოდ ხედავს, ძალიან უცნაურად ხატავს სიტუაციას, ჩამონათვალშიც მაგარია (გაკვირვებულებს გაგეცინებათ დაკრძალვის დაგეგმვაზე, სხატრი დალაგება და ყველა ჭირისუფალისთვის თავისი როლის მიჩენა განსაკუთრებულ კომიკურ ეფექტს სძენს ეპიზოდს) და იმ გიჟურ მოქმედებებსაც ძალზე ადეკვატურად აღწერს, რომელშიც ჩართულნი არიან მისი პერსონაჟები. პერსონაჟები კი მართლაც ძალიან ბევრნი არიან, ძირითადი გმირები თბილისური პატარა კუტოკის წევრები არიან, ლამის ყველა თაობის წარმომადგენლები, ექსცენტრული, ისტერიული ტიპები, გულყრებით, კივილებით და გიჟობებით. მოკლედ, საყვარელი ხალხია, ალმოდოვარის პერსონაჟებივით. აქვეა ერთი დაბნეული გამომძიებელიც, მისი საცოლე, ასევე ზემოხსენებული თეზო, რომელიც რომანის დასაწყიშიც პახმელიაზეა (ალბათ) და რომანის ბოლოშიც, და, რაც მთავარია, მკვლელი.

როგორც ვთქვით, მოქმედების ადგილი აქაც თბილისია, ისევე როგორც ანას პირველ რომანში. ეს ანას მორიგი თბილისური რომანია, მოქმედება კი ძალიან ცხელ თბილისურ ზაფხულში ვითარდება, შესაბამისად კი, თბილისურ ზაფხულებთან დაკავშირებული თანამედროვე მითოლოგიაც ბევრია რომანში.

„ვინ მოკლა ჩაიკაში“ ცხოველებს, ფრინველებსა თუ გასულიერებულ ნივთებსაც შეხვდებით. უყვარს ანას ასეთი რაღაცები. ხეს ზულფიას დაარქმევს, ხე შეიძლება კოპიტი იყოს ან, უბრალოდ, გმირებს ეგონოთ, რომ კოპიტია. ანა ყურადღებას არ აკლებს კატებს, ძაღლებს, ვირთხებს, სხვადასხვა მწერს. პერსონაჟს შეუძლია უსასრულოდ აკვირდებოდეს მოსეირნე ყვავს და მერე მისი დამალული რაღაცა ბრჭყვიალა ნივთი მოიპაროს.

რომანში არაერთხელ შეხვდებით წმინდა ანასეულ სიბრძნეებსაც. აი, მაგალითად, იცით რა უნდა ყველა ქალს, რომელიც ორმოცს გადასცილდება?

„...ქალებზე ვლაპარაკობ და არა მდედრობითი სქესის ბიოლოგიურ ერთეულებზე – ყველა ქალს უნდა კაცთან ერთად იყოს. ვიღაც კაცისა კი არ იყოს, ან კაცი კი არ ჰყავდეს, არამედ კაცთან ერთად იყოს. <...> კაცთან ერთად ჭამოს და დათვრეს, თუნდაც ღორივით. თუ თქვენ გგონიათ, რომ ღორივით დათრობა მხოლოდ კაცებს სჩვევიათ? არამც და არამც, ახალგაზრდავ! თუკი ეს კაცი ამ ქალის ცხოვრებაში მამრის ფუნქციასაც ასრულებს – ეს უკვე სიყვარულია, სამოთხის კარი გაღებულია, მაგრამ დამიჯერეთ, ჩემო კარგო, – ჩემი ხნის ქალისა ტყუილიც დაიჯერება, – ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. <...> ყოველი ქალის ორგაზმი, ჩემო მეგობარო, მისი შრომისმოყვარეობის შედეგია და არა მამაკაცის განსაკუთრებული ღირსებებისა, და ჩემს მიერ აღწერილი ქალები ძალიან შრომისმოყვარე ხალხია. ელისაბედი სწორედ ასეთი ქალი იყო. და მას კაცთან ერთად ყოფნა უნდოდა, მაგრამ კაცები, ვისთანაც ის, როგორც თქვენ ბრძანეთ, თანაცხოვრობდა, არსად გამოიჩინებოდნენ, ან უგვანობის, ან უხასიათობის, ან ასოციალურობის, ან ცოლშვილიანობის გამო...“
XS
SM
MD
LG