Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტია ვეტომ ვერ დაძლია


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ პლენარულ სხდომაზე კენჭი კანონის პრეზიდენტისეული ვარიანტის ჩაგდების შემდეგ უყარეს. ვეტოს დაძლევას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა, როგორც კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განმარტა, გადაწყვეტილების მიუხედავად, კანონი ძალაში შესული ჯერ კიდევ არაა. როგორ წარიმართა პროცესები 28 დეკემბერს ამნისტიის კანონპროექტის გარშემო?

”დღის წესრიგში დგება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის იმ ვერსიას, რაც პარლამენტმა ხელმოსაწერად გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, ანუ თავდაპირველ ვერსიას. ეს პროექტი მიღებულად ჩაითვლება და ვეტო დაძლეულად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს 89 ან მეტ ხმას”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე.

პრეზიდენტის ვეტო, 91 ხმით, ოვაციით დაიძლია. მას ვერ უშველა 24 პარლამენტარის ხმამ.

საქართველოს პარლამენტს ამნისტიის კანონის პრეზიდენტისეული ვარიანტი 28 დეკემბერს, 5 საათზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანოში სწორედ მან გაახმიანა საქართველოს პრეზიდენტის არგუმენტები, თუ რატომ დაადო ვეტო კანონპროექტს ამნისტიის შესახებ და რატომ დაუბრუნა ის პარლამენტს ვრცელი შენიშვნებით. თუმცა პრეზიდენტის შენიშვნები კანონპროექტის თაობაზე საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ 27 დეკემბერს გახდა ცნობილი. ქვეყნის პირველმა პირმა ჰუმანურ აქტად წოდებული ამნისტიის კანონპროექტის შესახებ სტუდენტებთან ისაუბრა:

”პედოფილია არ იკურნება და პედოფილიის ნაწილში მე ამ კანონს ვადებ ვეტოს. ყველა სხვა დანაშული ჯანდაბას, თუმცა ყველა დანაშული მიღებულია, მაგრამ პედოფილიის ნაწილში მე ამ კანონს ვეტოს ვადებ და აიღოს პარლამენტმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ პედოფილებს უშვებს გარეთ. მე ამაზე ხელს ვერ მოვაწერ”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
არც ერთ სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციას არასდროს არ უთქვამს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. ხუთი პოლიტპატიმარია აღიარებული ბელარუსში ...
მიხეილ სააკაშვილი

28 დეკემბერს პრეზიდენტის საიტზე კანონპროექტზე ვეტოს დადების ოფიციალური მიზეზები გამოქვეყნდა. გარდა შენიშვნებისა კანონპროექტის იმ ნაწილებთან, რომლებიც უკავშირდება არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე ამნისტიის გავრცელებას, პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"შენიშვნა, რის გამოც უკან გიბრუნებთ კანონპროექტს, უკავშირდება კანონპროექტის პრეამბულის მეორე აბზაცს, აგრეთვე კანონპროექტის 22-ე და 24-ე მუხლებს, რომლითაც ამნისტია ვრცელდება "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრულ პირებზე”.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე" მიღებულ დადგენილებაში შეყვანილ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს ოპერაცია ”ენვერისა” და ჯაშუშობის სხვა საქმეებზე იხდიან, ამნისტია არ უნდა შეეხოს:

”არც ერთ სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციას არასდროს არ უთქვამს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. ხუთი პოლიტპატიმარია აღიარებული ბელარუსში, 11 ჩრდილოეთ კორეაში და საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა, რომ 200 პოლიტიკური პატიმარი გვყავს საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს უშვებენ ჩემ ჯინაზე და არა ვიღაცის დაკვეთით, რადგან თუ რუსეთის აგენტებს უშვებ, ამას ან ვიღაცის ჯინაზე აკეთებ და ან რუსეთის პირდაპირი შემოტევით”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

”ტყუილის, ცილისწამების და სახელმწიფოებრივი სირცხვილის საუკეთესო დემონსტრაცია”, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ამნისტიის კანონპროექტის შესახებ თინათინ ხიდაშელმა, პარლამენტის უმრავლესობის წევრმა. თინა ხიდაშელის თქმით, ბრალდება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ამნისტიის კანონპროექტს უყენებს და რომელიც, მისი სიტყვებით, პედოფილების გათავისუფლებას მოიცავს, სრულიად უსაფუძვლოა. თინა ხიდაშელს აქეთ აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტთან.
ვინც ჯაშუშია, ის უნდა გასამართლდეს, მაგრამ შოუები და სხვა პიარაქციები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს აქცევდნენ ჯაშუშებად და იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, სწორედ ასეთ ადამიანებს ვუწოდებთ ჩვენ პოლიტპატიმრებს ...
ეკა ბესელია

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ამნისტიის კანონის ერთ-ერთმა ავტორმა კი, ეკა ბესელიამ, ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთ პრეტენზიაზე, რომელიც, ამნისტიის კანონპროექტის მიხედვით, პოლიტპატიმართა გათავისუფლების საკითხს გულისხმობს.

”ვინც ჯაშუშია, ის უნდა გასამართლდეს, მაგრამ შოუები და სხვა პიარაქციები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს აქცევდნენ ჯაშუშებად და იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, სწორედ ასეთ ადამიანებს ვუწოდებთ ჩვენ პოლიტპატიმრებს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სახელმწიფოს თურმე ანგრევს 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი, სახელმწიფოს არ ანგრევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ქვეყანას ღირსებას უნარჩუნებს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

”სამართლიანობა და კანონიერება არ ეწინააღმდეგება ჰუმანურობას”, - ასე გამოხატა საკუთარი პოზიცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამნისტიის საფარქვეშ ნარკორეალიზატორთა მოხვედრას. საქართველოს პრეზიდენტის დარად, ის წინააღმდეგია სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვონ ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულმა და არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ძალადობის ჩამდენმა პირებმა:

”მე მიმაჩნია, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე. ასე რომ, ამ კუთხით მე პოზიცია არ შემიცვლია”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს ორგანიზაცია მკაფიოდ აფიქსირებს თავის მოწოდებას პარლამენტის მიმართ, შეაჩერონ ამ საკითხის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის წარმოდგენამდე ...
დავით ბაქრაძე

”ამნისტიის შესახებ არსებული კანონპროექტის მიღებით, საქართველო ღიად მიდის მთავარი საერთაშორისო პარტნიორების - ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის - წინააღმდეგ”, - განაცხადა დავით ბაქარაძემ, უმცირესობის ლიდერმა, ვეტოს დაძლევის პროცედურამდე რამდენიმე წუთით ადრე.

”არსებობს აბსოლუტურად მკაფიო პოზიცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის. ეს არ არის ჩემი სიტყვები. ეს არის ოფიციალური წერილი, რომელიც გამოგზავნილი იქნა საქართველოს პარლამენტში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე, სადაც ეს ორგანიზაცია მკაფიოდ აფიქსირებს თავის მოწოდებას პარლამენტის მიმართ, შეაჩერონ ამ საკითხის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის წარმოდგენამდე. თქვენ ერთდროულად ახდენთ პრეზიდენტის, მთავრობის და ევროსაბჭოს პოზიციების გადალახვას”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

28 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე კვლავ საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელმაც კანონს ხელი 7 დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს. პრეზიდენტის მიერ კანონის უარყოფის შემთხვევაში, კანონს ხელს უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, კანონი გამოსაქვეყნებლად სწორედ იმ მომენტიდან იქნება მზად და ის იურიდიულ ძალას შეიძენს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის კანონს ხელს აუცილებლად მოაწერს. ამნისტია კი, კანონპროექტის ავტორთა თქმით, 15 ათასამდე პატიმარსა და მსჯავრდებულს შეეხება.
XS
SM
MD
LG