Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტიას მიბმული პოლიტპატიმრები


საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონის მისაღებად ემზადება. წინასწარი მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაახლოებით 3500 პატიმარი დატოვებს. მათ შორის იქნებიან სხვადასხვა მუხლით მსჯავრდებული ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები, რომელთა გათავისუფლება ამნისტიის შესახებ კანონისთვის დამატებული მე-19 მუხლის საფუძველზე მოხდება. როგორია პოლიტპატიმართა გათავისუფლების მექანიზმი და რატომ მიაჩნიათ ის ოპოზიციის წევრებს კონსტიტუციასთან შეუსაბამო?

5 დეკემბრიდან, ანუ პოლიტიკური ნიშნით დევნილთა და დაპატიმრებულთა შესახებ პარლამენტის მიერ დადგენილების მიღების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკურ ლექსიკონში ძნელად, მაგრამ მაინც იკიდებს ფეხს ახალი, დამოუკიდებელი სიტყვა „პოლიტპატიმარი“ „ეგრეთ წოდებულის“ გარეშე. სწორედ ამ „ეგრეთ წოდებულის“ გამო უსაყვედურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს, თუმცა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მეტი კამათი გამოიწვია ამნისტიის შესახებ კანონის პროექტში მე-19, ანუ პოლიტიკური ამნისტიის შესაბამისი მუხლის დამატებამ, რომლის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა:

„რადგან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე დადგენილება მიიღო პარლამენტმა, შესაბამისად, იქვე გაკეთდა ჩანაწერი, რომ უმოკლეს დროში უნდა შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი. სწორედ ეს მექანიზმია მე-19 მუხლი, რომელიც ემატება ამნისტიის კანონის პროექტს. ამნისტიით ხომ ვათავისუფლებთ უკვე მსჯავრდებულ პირებს. ამავე პრინციპს ვავრცელებთ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მიმართაც“.
ანუ ამ გადაწყვეტილებით, პარლამენტმა კანონის არსებობის გარეშე დაამტკიცა სია, ახლა კი იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც უნდა გადაიხედოს სასამართლო გადაწყვეტილებები ამ სიის მიხდვით ...
ჩიორა თაქთაქიშვილი

ეკა ბესელიას თქმით, ამნისტიის კანონის მიღებისთანავე საპატიმროებს დატოვებს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ყველა - 215-ივე - ადამიანი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს სასამართლოს გარეშე ბრალი ან ნასამართლეობა მოეხსნება. მიუხედავად ამგვარი დათქმისა, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი, მიიჩნევს, რომ პარლამენტს არა აქვს უფლება ამნისტია მე-19 მუხლის არსებული რედაქციით მიიღოს:

„ეს მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების განცალკევებას. ანუ ამ გადაწყვეტილებით, პარლამენტმა კანონის არსებობის გარეშე დაამტკიცა სია, ახლა კი იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც უნდა გადაიხედოს სასამართლო გადაწყვეტილებები ამ სიის მიხდვით“.

ჩიორა თაქთაქიშვილის მსგავსად, საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი, ლევან ბეჟაშვილი, მიიჩნევს, რომ ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევლინების გათავისუფლების მიბმა ამნისტიაზე კანონის უხეში დარღვევაა:

„პარლამენტის დადგენილება არის კანონქვემდებარე აქტი, რომელიც, კანონის შესაბამისად, გამოიცემა კონკრეტული კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად. შესაბამისად, გამოდის, რომ 5 დეკემბერს დაშვებულ სამართლებრივ ხარვეზს პრაქტიკულად ამ კანონით ვასწორებთ, რათა გადაწყვეტილებას მივცეთ კანონიერი საფუძველი და ამნისტიის კანონში ჩავსვათ ეს მუხლი. ჩვენ უნდა მიგვეღო პოლიტიკური ამნისტიის და პოლიტიკური დევნის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ საკანონმდებლო აქტი, გაგვესაზღვრა პირობები, გაგვესაზღვრა, თუ რა პროცედურითა და ვის მიერ ხდებოდა და ა.შ.“

საპარლამენტო უმცირესობა გამოვიდა ინიციატივით, ექსპერტიზის ჩასატარებლად კანონპროექტი გაეგზავნათ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიისათვის, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპონენტების ეს ინიციატივა უარყო. კობა დავითაშვილმა არ უარყო კანონპროექტში ხარვეზების არსებობა, თუმცა კოლეგებს მაინც სხვა გზით სიარული ურჩია:

„დარწმუნებული ვარ, რომ სიაში მყოფი ბევრი ადამიანი მოითხოვს საკუთარი საქმის სამართლიან გამოძიებას, რადგანაც ამ სიაში არიან როგორც პოლიტპატიმრები, ასევე სინდისის პატიმრები. პოლიტპატიმარმა რაღაც ქმედება შეიძლება მართლაც ჩაიდინა, მაგრამ სინდისის პატიმარს არანაირი ქმედება არ ჩაუდენია. აქედან გამომდინარე, ეს გადაწვეტილება ამ კუთხითაც არ არის იდეალური გამოსავალი. ოპოზიციას კი ვურჩევ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რისთვისაც საჭიროა პარლამენტის წევრთა 1/5–ის მხარდაჭერა. ისე, საინტერესოა, რა გადაწვეტილებას მიიღებს თქვენ მიერ დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლო“.
საკანონმდებლო ბაზა შეიძლება ეროვნულ დონეზე არ არსებობდა, მაგრამ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ისევე სავალდებულოა შესასრულებლად ქართული მხარისთვის, როგორც ქართული კანონმდებლობა ...
თამუნა გაბისონია

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა კი, შალვა შავგულიძემ, არ გაიზიარა ოპონენტთა აზრი, რომ პარლამენტის დადგენილებით პატიმრობისგან გათავისუფლება გადამდები აღმოჩნდება და კანონის დარღვევით საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად, სასამართლო გადაწყვეტილებების შეცვლის ან პატიმართა შეწყალების ფუნქციით აღიჭურვება:

„საკითხის წონიდან გამომდინარე მიიღო პარლამენტმა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დადგენილება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რამ ნებისმიერი კატეგორიის პირებზე გავრცელდება“.

პარლამენტში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარის თამუნა გაბისონიას თქმით, პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა მიმართებით საქართველოს საკანონმდებლო ბაზა მართლაც მწირია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის დადგენილება უკანონო და უსაფუძვლოა, რადგანაც, გაბისონიას თქმით, საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ვალდებულია შეასრულოს საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები.

„შესაბამისად, იკისრა ვალდებულება იმ კონვენციის შესრულებისა, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების თემას, ანუ რეზოლუცია #1900. ამდენად, საკანონმდებლო ბაზა შეიძლება ეროვნულ დონეზე არ არსებობდა, მაგრამ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ისევე სავალდებულოა შესასრულებლად ქართული მხარისთვის, როგორც ქართული კანონმდებლობა და, მეტიც, თუკი კანონსა და საერთაშორისო ხელშეკრულებას შორის არსებობს წინააღმდეგობა, იერარქიულად საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება უფრო მაღლა დგას. ამიტომ მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ბაზის არარსებობა არ არის ის საკითხი, რომელზეც მხარე უნდა აპელირებდეს“, უთხრა თამუნა გაბისონიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG