Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოროვირუსული ინფექციის ეპიდაფეთქება ახალციხეში


დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ბაქტერიოლოგიური კვლევა დაასრულა. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოვლენილი ნაწლავური ინფექციის შემთხვევები, სავარაუდოდ, ნოროვირუსული ინფექციის ეპიდაფეთქება იყო. რამდენიმე სახის ანალიზი სკოლამდელი ასაკის პაციენტების 30-ზე მეტ ბავშვს გაუკეთეს. კვლევის შედეგად, პათოგენური ბაქტერიები არ გამოვლენილა. ჯანდაცვის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ინფექცია ბაგა-ბაღის აღსაზრდელებში საყოფაცხოვრებო გზით გავრცელდა. სპეციალისტები ბავშვების კვებით ან წყლით დაავადებას გამორიცხავენ, თუმცა ასე კატეგორიულად არ ფიქრობს ექიმი ინფექციონისტი ნესტან უშხვანი.

ამ დროისთვის ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით არც ერთი ბავშვი აღარ იმყოფება, აპრილის თვის დასაწყისში კი ინფექციურ განყოფილებაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობში პალატებში ადგილი აღარიყო და სამედიცინო დაწესებულებაში ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მოთავსებულ ბავშვებს მკურნალობას დერეფანში უტარებდენ. პაციენტები ძირითადად 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ. მარინე ისოიანი იხსენებს, თუ რა პირობებში მოუწია მის პატარას მკურნალობის ჩატარება:

"მუცელი სტკიოდა, მესამე დღეს პირღებინება და კუჭის აშლილობა დაემატა. საავადმყოფოში რომ დავრეკეთ, გვითხრეს, ეგ ბაღიდან არის და აუცილებლად ამოიყვანეთ, გადასხმის გარეშე არ იზამსო. ადგილი რომ არ იყო, თავიდან დერეფანში ვიყავით, მერე პალატაში გადმოგვიყვანეს".

საავადმყოფოში ამბობენ, რომ მათ ყველაზე ადრეახალციხის პირველი ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიმართეს. ექიმების თქმით, მათი პაციენტები ძირითადად 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ყველა მათგანი ბაგა-ბაღის აღსაზრდელია. მაღალი ტემპერატურა, პირღებინება და ფაღარათი – მშობლები ამბობენ, რომ ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებულ ყველა ბავშვს ერთი და იგივე სიმპტომი აქვს.

ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში აღრიცხვაზე მყოფი 32 ბავშვიდან 31 ახალციხიდანაა. საშუალო სიმძიმის პაციენტებს სამედიცინო დაწესებულებაში სამ-ოთხ დღეს ტოვებენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ბავშვების წყლითა და საკვებით დაინფიცირებას გამორიცხავენ. დირექტორი ამბობს, რომ, მათი მოთხოვნით, პირველ ბაგა-ბაღში წყალს ლაბორატორიული ანალიზი შემთხვევის დაფიქსირების მეორე დღესვე ჩაუტარდა. პასუხი დამაკმაყოფილებელია. ნანა ბერიძე ამტკიცებს, რომ ბაღში შესული ყველა საკვები პროდუქტი დეტალურად მოწმდება.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შემავალ ბაგა-ბაღებში ამბობენ, რომ ნაწლავური ინფექციების ერთეული შემთხვევები გასულ წლებშიც დაფიქსირებულა, თუმცა ამ მასშტაბის - არასდროს. პრევენციის მიზნით, ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში დეზინფექცია ყოველდღიურად ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG