Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10-წლიანი პატიმრობა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტი ემზადება სასჯელის გასამკაცრებლად პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვა მიმდინარე კვირის დღის წესრიგშია შეტანილი. რას გულისხმობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა და რატომ მიიჩნევენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები სასჯელის გამკაცრებას არასაკმარის ზომად დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის გზაზე?

ახალი კანონპროექტის თანახმად, „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა“ დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე; „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით“ დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო ეს ქმედებები, ჩადენილი „ანგარებით“ ანდა „არაერთგზის“, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე. ამასთან, თუკი დანაშაულს ჩაიდენს პირი, რომელსაც „სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“, მას სასჯელის სახით ელოდება თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ათ წლამდე.

ეს ახალი, გამკაცრებული ნორმები სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლში იქნება მოცემული მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ 157-ე მუხლს ცალკე გამოეყოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაული. ამჟამად 157-ე მუხლი აწესრიგებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისათვის. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 7 აპრილს დაუჭირა მხარი, პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით მიმდინარე კვირაში განიხილავენ.

ვინ უნდა დავსაჯოთ, საბოლოო ჯამში, ვის უნდა შევუფარდოთ ეს მაღალი სასჯელები, თუ არ გვეყოლება გამოვლენილი კონკრეტული პირები, ვინც დანაშაულში იქნებიან ბრალდებულები და ვის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს...
ნინო ელბაქიძე

თუმცა, ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, სასჯელის გამკაცრებას არასაკმარის ზომად აღიქვამენ კამპანიაში „ეს შენ გეხება“. როგორც ამ კამპანიის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ელბაქიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კანონის გამკაცრება კარგია, მაგრამ წარმატებული საგამოძიებო პროცესის გარეშე ეს არაეფექტიანი იქნება პრობლემის დასამარცხებლად:

„თუ არ იქნება ეფექტური გამოძიება, თუ არ გვექნება ხელთ არსებული მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ... ვინ უნდა დავსაჯოთ, საბოლოო ჯამში, ვის უნდა შევუფარდოთ ეს მაღალი სასჯელები, თუ არ გვეყოლება გამოვლენილი კონკრეტული პირები, ვინც დანაშაულში იქნებიან ბრალდებულები და ვის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს“.

მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით 10-მდე პირია დაკავებული, რომელთა დიდ ნაწილს შს სამინისტროს სისტემის ყოფილი მაღალჩინოსნები წარმოადგენენ, საზოგადოებრივი კამპანია „ეს შენ გეხება“ სკეპტიკურად არის განწყობილი გამოძიების ეფექტიანობის მიმართ. არასამთავრობო სექტორი საგამოძიებო პროცესების დაჩქარებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს, ხელისუფლება კი თვლის, რომ მარტსა და აპრილში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და საბოლოო შედეგის მისაღებად ჯერ გონივრული ვადა არ გასულა. სწორედ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე ლაპარაკობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც:

„ერთი თვეც არ არის გასული დანაშაულის გაცხადებიდან და დანაშაული გახსნა პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა... ასე რომ, რა მოუთმენელი გვჭირს ახლა ჩვენ... “

თუმცა მე-3 სექტორის ათვლა ბევრად დიდი ხნით ადრე იწყება და ამიტომ საგამოძიებო პროცესის წარმატებით დაგვირვინების არ სჯერა კამპანიას „ეს შენ გეხება“. მისი წარმომადგენლებისთვის საიმედო პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება წლების განმავლობაში არაეფექტიანი იყო მსგავსი ტიპის დანაშაულთან ბრძოლის პროცესში. ისინი ამბობენ, თითქოს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა კიდეც (2013–2014 წლებში), მაგრამ რეალური დამნაშავეები – დამკვეთები და შემსრულებლები – არ დაისაჯნენო.

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბრძოლა უფრო ეფექტიანი იყოს?

ამ შეკითხვაზე პასუხად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ლიკა საჯაია მე-3 სექტორის დიდი ხნის მოთხოვნას იხსენებს:

ლიკა საჯაია
ლიკა საჯაია

„ჩვენი ახლო წარსულიდან გამომდინარე, დამნაშავეები ხშირად თვითონ სამართალდაცვით სფეროში გვხვდებიან, რადგანაც მათ უფრო მიუწვდებათ ხელი ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე და პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე... შემდეგ უკვე რამდენად ეფექტურია, რომ იმავე სამართალდამცავმა ორგანომ გამოიძიოს ეს დანაშაული – ეს საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, თუკი შეიქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს“.

გარდა ამისა, ლიკა საჯაიას თქმით, უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე და ამ მიზნით პარლამენტის წიაღში უნდა შეიქმნას საგანგებო ორგანო, რომლის წევრებისთვისაც სავსებით ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალებიც. პარალელურად, ძალაში რჩება არასამთავრობო სექტორის წლების ამაო მოთხოვნა, რომ სამართალდამცველებს არ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა ფარულ მოსმენებზე.

სწორედ ფარული ჩანაწერების პრობლემასთან ბრძოლისა და საგამოძიებო პროცესის ეფექტიანობის საჭიროებაზე იმსჯელეს 13 აპრილის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა. ომბუდსმენსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მსგავსი პოზიციები აქვთ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და ისინი ერთობლივი გეგმების თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობენ. კვლავაც გრძელდება საქართველოს სახალხო დამცველის კამპანია „წამმზომი ჩართულია“, რომლის ფარგლებშიც გაისმა მოწოდება ხელისუფლების მისამართით, რომ დროულად დასრულდეს საგამოძიებო პროცესი და დაისაჯონ რეალური დამნაშავეები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG