Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საგრანტო პროგრამა სოფლებისთვის


ევროკავშირი ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს მათთვის, ვისაც სოფლად, სოფლის მეურნეობის გარდა, რამე სხვა ბიზნესის დაწყება სურს. ეს ევროპის სამეზობლო პროგრამის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD-ის) -ახალი ელემენტია. თუ მანამდე პროგრამის მთავარი მიზანი სოფლად აგროწარმოების ხელშეწყობა იყო, ახლა სხვა მიმართულებების ხელშეწყობაც გადაწყდა.

კერძოდ, აგროწარმოების გარდა, გრანტები გაიცემა სოფლად სხვადასხვა ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის აგროტურიზმისა და ა.შ., რაც ადგილზე ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. ამისთვის არ იქნება აუცილებელი კოოპერატივები შეიქმნას.

თუმცა ახლად შექმნილი კოოპერატივებისთვისაც არსებობს გეგმები - მათთვის ევროკავშირის პროგრამა დამატებით დაფინანსებასაც გამოყოფს და მათ წევრებს ბიზნესგანათლებითაც დაეხმარება. დამატებით თანხები გამოიყოფა კოოპერატივების სააგენტოსთვისაც, რომელიც თავისი პერსონალის კვალიფიკაციას აამაღლებს. დამატებითი ფული მიემართება ბიუჯეტშიც, რომ მთავრობამ აგროსექტორის განვითარება უკეთ შეძლოს.

ევროპის სამეზობლო პროგრამა „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ 2013 წელს დაიწყო და იგი საქართველოში სურსათის წარმოების ზრდისა და სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით ევროკავშირმა შეიმუშავა.

პროექტის ხანგრძლივობაა სამი წელი - 2013 წლის მარტიდან 2016 წლის მარტამდე - და მას სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა დარგობრივ სამინისტროებსა და სასოფლო-სამურნეო მომსახურების ცენტრებთან ერთად ახორციელებს.

პროგრამა „ENPARD-საქართველოს“ მოსალოდნელ შედეგებს შორის არის: მცირე ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

პროექტის ბიუჯეტია 40 მილიონი ევრო, რომელიც გულისხმობს საბიუჯეტო დახმარებას, გრანტებს, საქართველოს მთავრობისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას.

როგორც პროექტის დაწყების წინ ითქვა, საქართველოში სურსათის წარმოების მოცულობის ზრდა და სოფლად სიღარიბის დონის შემცირება წარმატების მთავარი ინდიკატორები იქნება.

სწორედ სიღარიბის დონის შემცირების მიზნით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ პროგრამამ თავისი ძირითადი მიმართულება და დაფინანსების მასშტაბი ნაწილობრივ გააფართოვა და მასში ახალი კომპონენტები შეიტანა. სოფლად არა მხოლოდ სასოფლო სამეურნეო, არამედ სხვა ტიპის ბიზნესის განვითარებაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკისა და, განსაკუთრებით, სოფლის განვითარებისთვის, რადგან, როგორც ცნობილია, იმ პირობებში, როცა საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, სოფლის მეურნეობა მშპ-ს 8 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობის შესახებ სოფლის ტიპის დასახლებებში, უდავოდ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია და, წესით, მომავალი წლების ეკონომიკურ მონაცემებზეც უნდა აისახოს.

XS
SM
MD
LG