Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციული პატიმრობა 90-დან 15 დღემდე შემცირდება


ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდება - ამ ცვლილებას მოიცავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტი, რომლის შესახებაც 15 ივლისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ეს საკმაოდ მკაცრი სასჯელია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და უნდა შეიცვალოს.

კანონპროექტის ავტორები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და მისი პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე - მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე მეტი. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სამართალდამცავები ასევე ვალდებულები იქნებიან დაკავებულ პირებს, სისხლის სამართლის საქმეების მსგავსად, დაკავების მიზეზი და მათი უფლებები განუმარტონ.

სასჯელის ვადის შემცირების გარდა, საკანონმდებლო ცვლილება, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, პროცედურების დახვეწასაც ითვალისწინებს. კერძოდ: „ჩვენ გვინდა, რომ დაიხვეწოს პროცედურა და დაკავებისთანავე პირს განემარტოს მისი უფლებები, ადმინისტრაციული პროცედურები შეივსოს სამართლის პროცესში არსებული კონსტიტუციური გარანტიებით, ანუ უფრო დაცული იყო ადამიანი“.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ძალიან მკაცრია 90-დღიანი პატიმრობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კანონი გადაგვეხედა...
ზვიად ძიძიგური

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა, რომელმაც ზოგადად ცვლილებას, პატიმრობის ვადის შემცირების თვალსაზრისით, მოსაწონი უწოდა, თუმცა ასევე შენიშნა, რომ მთლიანად ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმების მომხრე არ არის: „ადმინისტრაციული პატიმრობის ფენომენის გაუქმებას არ ვემხრობი, რადგან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველო შეძლებს იმას, რომ ნარკომანები, რომლებიც მხოლოდ მომხმარებლები არიან, არა სისხლის სამართლის წესით, არამედ ადმინისტრაციული წესით დასაჯოს“.

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ 90-დღიანი პატიმრობა წინა ხელისუფლების პერიოდში მოქალაქეებზე ზემოქმედების ერთ-ერთ სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენდა: „ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ძალიან მკაცრია 90-დღიანი პატიმრობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კანონი გადაგვეხედა“.

მე მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა საერთოდ გაუქმებულიყო ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ ადამიანის უფლებები მეტად იყოს დაცული...
ნაზი ჯანეზაშვილი

იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი იხსენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სასამართლოს ყველა სტანდარტის იგნორირებით, არაერთ ადამიანს შეფარდებია 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც წინასწარი პატიმრობის ვადასაც კი აღემატებოდა. ხშირად ასეთი პატიმრობის მიზეზი ხდებოდა, მაგალითად, დემონტრაციის დროს გზის გადაკეტვა ან სხვა რამ. ადამიანის დაკავებისთვის კი პოლიციელის ჩვენებაც საკმარისი იყო:

„მე მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა საერთოდ გაუქმებულიყო ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ ადამიანის უფლებები მეტად იყოს დაცული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს პატიმრობა დარჩება 15-დღიანი ვადით, აუცილებელია, რომ დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპები და მაქსიმალურად იქნეს დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპიც“.

გავიხსენოთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღემდე 2009 წლის ივლისში გაიზარდა. მანამდე ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30 დღე იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ იურისტი ეკა ბოკუჩავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ 90-დღიანი პატიმრობა ცალკეული პირების, ძირითადად საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ არაერთხელ გამოიყენა. ეკა ბოკუჩავა ასევე განგვიმარტავს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც წესი, გამოიყენება წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში ან ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შემთხევვაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის თქმით, კანონის გარკვეულ მუხლებზე სასამართლოს ექნება ვალდებულება დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმის წარმოება, რაც ნიშნავს, ერთი მხრივ, სამართალდამცავი ორგანოს მზაობას, მაგრამ, მეორ მხრივ, ამან შესაძლოა დაცვის მხარეს არ დაუტოვოს დრო მოსამზადებლად და მტკიცებულებების წარმოსადგენად. ეკა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ დაკავებულ პირს და მის დაცვას უნდა მიეცეს გონივრული ვადა ყველა საჭირო პროცედურისათვის. ამ მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნების მომზადებასაც აპირებს.

კანოპროექტი მისაღებია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პირველი მოსმენისას კანონს მხარს დაუჭერენ, თუმცა, მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში არსებობს, არის არა დავა კონკრეტულ ვადებზე, არამედ ის, რომ დეპუტატისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მხოლოდ ასი ლარით ჯარიმდება. ჩიორა თაქთაქიშვილი ასევე ამბობს, რომ, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობაც“ შეამცირებდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადას.

საკანონმდებლო ცვლილებას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს სახალხო დამცველიც, თუმცა ომბუდსმენის ოფიციალურ ვებსაიტზე მითითებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კანონპროექტით არ სწორდება დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელებასთან დაკავშირებული ხარვეზები“. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის უფლებას, ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები საკუთარი დაცვის მოსამზადებლად. შესაბამისად, სახალხო დამცველი საკანონმდებლო ორგანოს ამ ხარვეზების გამოსწორებისაკენ მოუწოდებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG