Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვისარგებლოთ პროგრამით „აწარმოე საქართველოში“


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართაპროექტის„აწარმოე საქართველოში“ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება. 90 ახალი სამრეწველო პროექტი, 5 000 დასაქმებული - მინისტრთა კაბინეტი მიღწეული შედეგებით კმაყოფილია და პროგრამის გაფართოებაზე საუბრობს.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს. მისი მიზანია კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, განვითარება და ხელშეწყობა. სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს.

პროექტის ამოქმედების ერთი წლის თავზე მთავრობამ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტატისტიკა ასეთია: დაიწყო 90 ახალი სამრეწველო პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 252 მილიონ ლარს აღემატება. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკების მიერ კერძო სექტორისთვის 122 მილიონ ლარამდე გაიცა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი:

„ჩვენ, რეალურად, 1-2 წელიწადში შევძლებთ მთლიანად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები“.

უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად ან არსებულის გაფართოების თუ გადაიარაღებისთვის საჭირო თანხის მისაღებად. შემდეგ უკვე ჩვენი სააგენტო ორი წლის განმავლობაში მოვახდენთ ბანკის მიერ სესხზე დაწესებული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას...
ოთარ ანთია

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პროგრამის დეტალებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მეწარმის მიერ აღებული სესხის პროცენტის ათ პროცენტს სახელმწიფო იხდის.

„დაახლოებით, 10 საპროცენტო მუხლის დაფინანსება ხდება, ანუ რეალურად მეწარმისთვის 1-3-პროცენტიანი სესხი იყო“.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს პირი, თუ მას პროგრამაში მონაწილეობის მიღება სურს:

„უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად ან არსებულის გაფართოების თუ გადაიარაღებისთვის საჭირო თანხის მისაღებად. შემდეგ უკვე ჩვენი სააგენტო ორი წლის განმავლობაში მოვახდენთ ბანკის მიერ სესხზე დაწესებული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას. ასევე, ხელს ვუწყობთ „სტარტაპებს“. ბანკის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის გარანტიაში ჩვენ სესხის თანხის 50 პროცენტის ოდენობით შევდივართ“.

ოთარ ანთიას თქმით, პროგრამას ახალი კომპონენტები დაემატა. კონკრეტულად საუბარია უცხოური სასტუმრო ქსელებისა და ბრენდების საქართველოში შემოყვანის წახალისებაზე. გარდა ამისა, დაფინანსდება კინოინდუსტრია:

„წახალისებული იქნება საქართველოში ფილმების გადაღება და, თუ საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვებს ფილმი აღიარებას, სახელმწიფო გაწეული ხარჯების ნაწილს აუნაზღაურებს“.

თუ მეწარმეს, რომელსაც უნდა, რომ პროგრამით ისარგებლოს, მანამდე რამე პრობლემა ჰქონდა ბანკთან (რაღაც მიზეზის გამო გადახდა დააგვიანა ან სხვა მსგავსი პრობლემის გამო საკრედიტო ისტორია გაუფუჭდა), ის ვეღარ სარგებლობს ამ პროგრამით, რაც სერიოზული შეფერხებაა...
შოთა გულბანი

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი ამბობს, რომ პროგრამის წარმატებულობის განსასაზღვრად საჭიროა იმის შესწავლა, თუ რა გაკეთდა სინამდვილეში და რა, უბრალოდ, ქაღალდზეა დაწერილი:

„ჩვენ 10 წლის წინ 60 ათასი რეგისტრირებული საწარმო გვქონდა და მათი რაოდენობა 400 ათასამდე ავიდა. 400 ათასში 5 ათასი თუ მოიმატებს, დიდი წარმატება არ არის, თან, ალბათ, საუბარია წვრილ-წვრილ საწარმოებზე“.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი შოთა გულბანი კი პროგრამას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მეწარმეებს ყველაზე მეტი პრობლემა ბანკთან ურთიერთობისას ექმნებათ:

„თუ მეწარმეს, რომელსაც უნდა, რომ პროგრამით ისარგებლოს, მანამდე რამე პრობლემა ჰქონდა ბანკთან (რაღაც მიზეზის გამო გადახდა დააგვიანა ან სხვა მსგავსი პრობლემის გამო საკრედიტო ისტორია გაუფუჭდა), ის ვეღარ სარგებლობს ამ პროგრამით, რაც სერიოზული შეფერხებაა“.

მისივე თქმით, პროგრამის მხარდაჭერის პირობებში ბანკებს შეუძლიათ უფრო მეტად რისკიანები იყვნენ. ეს მომხმარებელს საქმეს ბევრად გაუიოლებდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG