Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რას ითხოვენ აბასთუმანში?


აბასთუმანი
აბასთუმანი

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოშლილი საკანალიზაციო სისტემა, მწყობრიდან გამოსული წყალგაყვანილობა – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც კურორტ აბასთუმნის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად აწუხებთ. მოსახლეობა ამბობს, რომ, აღნიშნული პრობლემების გარდა, კურორტზე დაუსაქმებლობაც აქტუალურია. რა გეგმები აქვს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას აბასთუმანთან დაკავშირებით და დაიწყება თუ არა კურორტის რეაბილიტაცია?

აბასთუმანში ტურისტთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება, ადგილობრივები კი კურორტში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობენ. მათი თქმით, დაბაში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, მოშლილია საკანალიზაციო სისტემა და ფეკალური მასები პირდაპირ მდინარეში ჩაედინება, ხოლო საუკუნოვანი შენობები ნგრევის საშიშროების წინაშე დგას. მწყობრიდან გამოსულია წყალგაყვანილობის სისტემა და ონკანებში დაბინძურებული წყალი მოდის, რის გამოც აბასთუმნელებს სასმელი წყლის ყიდვა უწევთ.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გარდა, ადგილობრივები უმუშევრობასაც უჩივიან. ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მხოლოდ ბინების გაქირავებაა, რაც ტურისტულ სეზონზეა დამოკიდებული. აბასთუმნელების მტკიცებით, საკურორტო სეზონის დროს შესული თანხა ოჯახის შესანახად წლიდან წლამდე საკმარისი არ არის.

„ჩვენი პრიორიტეტია აბასთუმანი ტურისტებისათვის სასურველი გახდეს“, – აცხადებენ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ზაქარია ენდელაძე არ უარყოფს, რომ კურორტზე ბევრი რამ გასაკეთებელია. მისივე თქმით, აბასთუმანში პროექტების განხორციელება ახლო მომავალში დაიწყება. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ირწმუნება, რომ მათი პრიორიტეტი სწორედ სამუშაო ადგილების შექმნაა. უნდა გაიხსნას ქარხნები – „ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს იქნება“, – ამბობს ზაქარია ენდელაძე.

აბასთუმნის რეაბილიტაციის გეგმა 2012 წელს შემუშავდა, რომლის ფარგლებშიც კურორტზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვადასხვა ობიექტის აღდგენა გადაწყდა. ფეიზუა ხანის სასახლეს, სანატორიუმ “ვარძიას”, საცხოვრებელ სახლებს, ძველ ნაგებობებსა და რომანოვების სასახლეს – კურორტ აბასთუმანში არსებულ ამ ისტორიულ შენობებს - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინიციატივის თანახმად, პირვანდელი სახე 3 წელიწადში უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ აბასთუმნის საქართველოს მთავარ ტურისტულ ცენტრად ქცევის იდეა ამ დრომდე ვერ განხორციელდა.

XS
SM
MD
LG