Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა იძაბება


ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე ვითარება დაძაბულია
ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე ვითარება დაძაბულია
ინდოეთმა მკაცრად დაგმო პაკისტანის შეიარაღებული ძალების მიერ ქაშმირის სადავო ტერიტორიაზე ინდოეთის ორი ჯარისკაცის მოკვლა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტს „ყოვლად დაუშვებელი“ და „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა.

ოთხშაბათს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალმან ხურშიდმა მკაცრად გააკრიტიკა პაკისტანი ქაშმირში მომხდარი ინციდენტის გამო, თუმცა, დასძინა, ამ ფაქტმა არ უნდა შეარყიოს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ძალისხმევაო:

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარანტია, რომ მომხდარი არ გამოიწვევს ესკალაციას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ესკალაცია იმ ძალიან სამწუხარო მოვლენის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა“.

ინდოეთის არმიის ინფორმაციით, ორი ჯარისკაცი იმ დროს დაიღუპა, როდესაც სამშაბათს მათ გადაკვეთეს ჰიმალაის ტერიტორიაზე გამავალი ე.წ. კონტროლის ხაზი, რომელიც ერთმანეთისაგან ყოფს ინდოეთსა და პაკისტანს. ინდოეთის არმია აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოკლული ინდოელი ჯარისკაცის გვამი „საშინლად იყო დასახიჩრებული“. როგორც ინდოეთის შეიარაღებული ძალების სპეციალურმა წარმომადგენელმა უთხრა სააგენტო „ფრანს პრესს“, ჯარისკაცს თავი ჰქონდა მოჭრილი. ინდოეთის მთავრობამ დელიში განმარტებისათვის დაიბარა პაკისტანის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი, ხოლო ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა მკაცრად დაგმო ინდოელი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ქმედება:

„პაკისტანის არმიის მოქმედება უკიდურესად პროვოკაციულია. არაჰუმანურია დაღუპულ ინდოელ ჯარისკაცთა გვამების მიმართ მათი მოპყრობა. ჩვენ პროტესტს გავუგზავნით პაკისტანის მთავრობას, ხოლო ჩვენი სამხედრო ოპერაციების სარდლობის გენერალური დირექტორი პაკისტანელ კოლეგასთან მოლაპარაკებას გამართავს. ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ შექმნილ სიტუაციას“.

პაკისტანის არმიის ხელმძღვანელობა უარყოფს ინციდენტში მისი ჯარისკაცების მონაწილეობას და დელის ბრალდებებს „პროპაგანდას“ უწოდებს, რომელიც პაკისტანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გასულ კვირას ინდოელი ჯარისკაცების თავდასხმისაგან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. პაკისტანი აცხადებს, რომ 6 იანვარს მომხდარი ინციდენტის დროს მისი ერთი ჯარისკაცი მოკვდა.

უპირატესად მუსლიმანებით დასახლებული ქაშმირი, რომელზეც პრეტენზიას ორივე ქვეყანა აცხადებს, რამდენჯერმე გახდა ინდოეთ-პაკისტანს შორის ომის მიზეზი მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ მყოფმა ქვეყნებმა 1947 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 2003 წლიდან კონტროლის ზონის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რასაც ორივე მხარე ხშირად არღვევს.

გასულ წელს ინდოეთმა და პაკისტანმა განაახლეს სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც შეწყვეტილი იყო მუმბაიში 2008 წელს მომხდარი თავდასხმის გამო. 4 წლის წინ პაკისტანში მოქმედმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ მუმბაიში 166 კაცი დახოცა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG