Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2014 წლის ყველაზე მაგარი თამაშები


რამდენიმე მეგობარმა მომწერა და, მგონი, მართლებიც არიან. ახალგაზრდული პროგრამის მიმართ ასეთი შენიშვნა ჰქონდათ, რომ პროგრამაში არ ეთმობა საკმარისი დრო კომპიუტერულ თამაშებს. მართლები კი იმიტომ არიან, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს თამაშები და ასევე ძალიან ელოდება კარგ ახალ თამაშებს. ამის დასადასტურებლად ჯერ ჩემს მეგობრებს გადავხედე, მერე საკუთარ თავს და მივხვდი, რომ, მართლაც, კომპიუტერულ თამაშებს ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. მერე დავჯექი, მათეს ვთხოვე ფიფა ჩაერთო, მათემ მანჩესტერი აირჩია, მე იუვენტუსი და ვიფიქრე, შემდეგი პროგრამა კომპიუტერულ თამაშებზე ხომ არ გამეკეთებინა-მეთქი. ამიტომ ახლა ვეცდები წარმოგიდგინოთ 2014 წელს დაანონსებული რამდენიმე თამაში. სია სრულყოფილი ვერ იქნება, ეს ყველაფერი ხუთ წუთში უნდა მოვასწრო, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ ფეისბუკზე ან ტვიტერზე თქვენი ვერსიები გამიზიაროთ.

პირველი თამაში, რომელსაც მე ყველაზე მეტად ველოდები, „Watch Dogs”-ია. “Ubisoft”-ის საჩუქარი გეიმერებისთვის, რომლის პრეზენტაციაც 27 მაისისთვის არის დაგეგმილი. კომპანიამ იზრუნა იმაზე, რომ თამაშის მიმართ დიდი მოლოდინი გაჩენილიყო. ინტერნეტში უამრავ თრეილერს, რევიუს, აღწერას ნახავთ. „Watch Dogs” ისეთი კატეგორიის თამაში უნდა იყოს, რომლის შინაარსსაც და გეიმპლეისაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ექსტრა კლასი. თამაშის მთავარი გმირია აიდენ პირსი, ჰაკერი, რომელიც ცდილობს შეაღწიოს სუპერკომპიუტერში, ცენტრალურ ოპერატიულ სისტემაში. მოქმედება ხდება ჩიკაგოს ბელეტრისტულ ვერსიაში, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საერთო ქსელი. ქსელს აქვს წვდომა ქალაქის სათვალთვალო კამერებთან, ბანკებთან, საკომუნიკაციო ობიექტებთან და თვითონ მოსახლეობის პირად ინფორმაციასთანაც კი. ეს მონაცემების დიდი ბანკია, რომელიც თქვენ ხელში უნდა ჩაიგდოთ და ამ მონაცემების მიხედვით გარკვეული დავალებები შეასრულოთ.

შემდეგ თამაშს, რომელზეც უნდა ვისაუბრო, უკვე სხვები უფრო ელოდებიან. უფრო სწორად, ამ თამაშს უკვე დიდი ხანია ყველა ელოდება. ლოდინი ნამდვილი საგაა, რომელიც 2011 წლიდან დაიწყო, როცა სეგაშიც და „Creative Assembly”-შიც დაიწყეს საუბარი, რომ მალე კომპანიები “Alien”-ის მიხედვით თამაშის შექმნაზე იფიქრებდნენ. საბოლოოდ, მათი მუშაობის პირველი შედეგი 2014 წლის დასაწყისში გამოჩნდა - თრეილერი, რომელმაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ამ წლის ბოლოს აუცილებად გამოვა „Alien: Isolation”.

თამაშზე მუშაობის დრო და ავტორები გვაძლევენ საშუალებას ვიფიქროთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი „Survival” თამაში იქნება, თანაც, ზუსტად ისეთი, რომელიც ამ ჟანრისა და სერიის ფანებს ძალიან მოენატრებოდათ - თამაში, რომელიც აგებულია ფილმის მიხედვით, უფრო სწორად, თამაში, რომელიც უცხოპლანეტელების შესახებ გადაღებული ორი ძალიან მაგარი ფილმის გაგრძელება უნდა იყოს. დიახ, ვგულისხმობ რიდლი სკოტის 1979 წლის ფილმს, „Alien”-ს, და ჯეიმს კამერონის 1986 წლის ფილმს, „Aliens”-ს, - საი ფაისა და ჰორორის ორ კლასიკას.

თამაშში მოქმედება 2137 წელს ვითარდება, „Alien”-იდან 15 წლის შემდეგ და 42 წლით ადრე, ვიდრე „Aliens”. როგორც შემქმნელებმა განაცხადეს, თამაშს მეტი საერთო ექნება რიდლი სკოტის ფილმთან, რომელიც კლასიკური “Survival”-ია, ვიდრე კემერონის ვერსიასთან, რომელიც უფრო „action shooter”-ია. „Alien”, მართალია, თანამედროვე თამაშებს ძალიან ჩამორჩება მოთამაშის ტექნიკური აღჭურვილობით, - აქ, უბრალოდ, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო: მხოლოდ თქვენ, მოძრაობის დეტექტორი და რამდენიმე იარაღი ხართ, - მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ნაკლი საერთოდ არაა, პირიქით, დიდი პლუსია, რომლის გამოც არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებ ამ თამაშს. 70-იანი წლების საი ფაი ფილმების სტილი და ვიზუალი, რომელიც კვლავ დაგაბრუნებთ იმ პერიოდში, როცა პირველი ფილმები ნახეთ უცხოპლანეტელებზე და როცა პირველად მოგინდათ გეცხოვრათ მომავალში, არის მთავარი მიზეზი, რის გამოც, ჩემი აზრით, “Alien” ყველამ უნდა ითამაშოს, იმის მიუხედავად, უყვარს თუ არა ჟანრი.

რა თქმა უნდა, არ არსებობს წელი მთავარი “Shooter”-ის გარეშე, რომელსაც პერიოდულად სულ თამაშობ. წელს ერთი ასეთი ვარიანტი მაქვს - Wolfenstein: The New Order. ეს ახალი მსოფლიო წესრიგია, რომელშიც ჩვენი ძველი მეგობარი უილიამ ბლაზკოვიცი ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მტერი, რომლის წინააღმდეგაც წლების განმავლობაში იბრძოდა, კიდევ არსებობს, მეტიც - ახლა გაცილებით უფრო ძლიერია. ეს მსოფლიოს ალტერნატიული ისტორიაა, რომელშიც მეორე მსოფლიო ომს ნაცისტური გერმანია იგებს. თამაშის სცენარი 60-იან წლებში ვითარდება, როდესაც ნაცისტებს ხელში უკვე მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიები, გიგანტური რობოტები, გამანადგურებელი მანქანები და მთელი მსოფლიოს ბუნებრივი რესურსები აქვთ. ამ დროს რეჟიმს ძველი მტერი, უილიამ ბლაზკოვიცი უნდა დაუპირისპიროთ, რომელიც თავიდან მხოლოდ ერთი პისტოლეტითაა შეიარაღებული. თუმცა, თუ ბლაზკოვიცმა ნაცისტები „Wolfenstein”-ის წინა 8 სერიაში დაამარცხა, მისიის შესრულება მას ახლაც არ უნდა გაუჭირდეს.

ყოველთვის მომწონდა ასეთი ისტორიები. ამიტომ ჩემთვის წლის შუთერი, ალბათ, ეს თამაში გახდება, რომელიც 20 მაისს უნდა გამოვიდეს.
ესაა სამი თამაში, რომელსაც მე წელს ყველაზე მეტად ველი, თუ არ ჩავთვლით ტრადიციულ სერიებს, მაგალითად, ფიფას და ა.შ. მსგავსი სიების შედგენის დროს, რამდენადაც არ უნდა გინდოდეს, ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს მოთამაშის გემოვნებას, ამიტომ შეგიძლიათ სია ნებისმიერ მომენტში გაამდიდროთ, თუ საიტზე, ფეისბუკზე ან ტვიტერზე მომწერთ.
XS
SM
MD
LG