Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძეგლი - დედა ენა


როგორ იცვლებოდა „დედაენა“ საბჭოთა კავშირის პერიოდში და რა კეთდება დღეს მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, დასაცავად? კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ანბანის სწავლების გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზი ხალხითაა სავსე. სანამ მინისტრი სიტყვით გამოვა, ყველას ყურადღება დარბაზის კუთხეში მდგარი მაგიდისკენაა მიპყრობილი. მაგიდაზე იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ ძველი გამოცემები ალაგია და ყველა სტუმარი ცდილობს მათ შორის ის წიგნი იპოვოს, რომლითაც პირველ კლასში წერა-კითხვის სწავლა დაიწყო.

ლაურა ღუდუშაური სამინისტროში 1948 წელს გამოცემული „დედაენის“ სანახავად მოვიდა და წუხს, რომ თავისი პირველი სახელმძღვანელო აქ ვერ იპოვა. წიგნის სხვადასხვა გამოცემას ათვალიერებს და თავის პირველ შთაბეჭდილებებს იხსენებს:

„აღფრთოვანებული დავრჩი იმით, რომ ამიხსნეს, ორი ასოთი შეიძლება ამხელა წინადადების წარმოთქმა. ეს მაშინვე ძალიან მომეწონა“.
„დედაენის“ ძველი გამოცემები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალურად, დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოიფინა.
„დედაენის“ ძველი გამოცემები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალურად, დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოიფინა.
„დედაენის“ ძველი გამოცემები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალურად თოთხმეტ აპრილთან, ანუ დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოიფინა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გოგი გოგოლაშვილი იხსენებს:

„როცა ეს დღე არსდებოდა, მაშინ ასე განისაზღვრა ამ დღის ფუნქცია: ეს იქნება არა საზეიმო დღე, არამედ ამ დღეს შეჯამდება, რა გაკეთდა ქვეყანაში ქართული ენის სასიკეთოდ“.

ქართული ანბანის სასწავლო სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილმა 1865 წელს შექმნა. წიგნს „დედაენა“ მოგვიანებით, 1874 წელს, დაერქვა. დღევანდელ შეხვედრაზე მისული სტუმრები საუბრისას იხსენებდნენ, თუ როგორ შეიცვალა სახელმძღვანელო საბჭოთა პერიოდში:

„ოცდაათიან წლებში „დედაენა“ დაეწერა, მაგრამ არსად იაკობ გოგებაშვილის სახელი არაა ნახსენები. სამაგიეროდ, არის სტალინის სურათი, აგერ ბერია, მაგრამ არსად არ არის იაკობ გოგებაშვილი“.
იაკობ გოგებშვილის სამუზეუმო ექსპონატები
იაკობ გოგებშვილის სამუზეუმო ექსპონატები
1978 წელს საბჭოთა მთავრობამ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. ამ ცვლილებების მიხედვით, ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ამ გადაწყვეტილებას თბილისში სტუდენტთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. გამოსვლები 14 აპრილს დასრულდა - მას შემდეგ, რაც დემინსტრანტებმა მიზანს მიაღწიეს და ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა და მას შემდეგ ყოველ წელს აღინიშნება.

დღეს, 2014 წლის 14 აპრილს, გადაწყდა, ანბანის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი სულ რამდენიმე დღეში მთავრობის სხდომაზე მოაწერს ხელს:
„რაც იმას ნიშნავს, რომ ის იქნება დაცული. მან გადმოაბიჯა 21-ე საუკუნეს, მას აქვს საუკუნეები წინ. ის იქნება და არის უნიკალური. შარშან ჩვენ მას მივანიჭეთ სტატუსი, როგორც ძეგლს. ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ სწორედ დედაენის მიხედვით იყოს სწავლა. ეს მერე განსახილველია, განათლების სამინისტროს თანხმობა სჭირდება“.
XS
SM
MD
LG