Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 27 მაისი


ქართული პრესა უკრაინის მომავალი პრეზიდენტის მრჩევლებად ქართველი პოლიტიკოსების დანიშვნის პერსპექტივას ეხმაურება. გია ნოდიამ „რეზონანსს“ უთხრა: „უცხოელი მრჩევლები ჰყავდათ სააკაშვილსა და შევარდნაძესაც, თუმცა ეს უკანასკნელი რამდენად უსმენდა მას - ეს სხვა საკითხია. ამასთან, საქართველოში გატარებული რეფორმები სამაგალითოა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის. შესაბამისად, ის, რომ სააკაშვილი მოგვევლინება უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩევლად, გასაკვირი არ არის“. ამავე საკითხზე „რეზონასსაც“ და „ალიასაც“ გაუზიარა მოსაზრება სოსო ცინცაძემ. ის თვლის, რომ „თუ პოროშენკოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება უნდა, მაშინ სააკაშვილი და მისი ხალხი არ გამოადგება. მიშა დღეს პუტინისთვის არის წითელი ნაჭერი, რომელსაც ხარს ცხვირწინ უფრიალებენ ხოლმე. სადაც სააკაშვილი იქნება, იქ პუტინთან მოლაპარაკება უკვე გამორიცხულია“, - უთხრა „ალიას“ სოსო ცინცაძემ.

„ალიას“ პირველ გვერდზე მკითხველის ყურადღებას მიიქცევს სათაური - „პრეზიდენტი მარგველაშვილი მერაბიშვილის შეწყალებაზე ხელის მოწერას აპირებს?“. ეს არის „კავკასიის კონფედერაციის“ ხელმძღვანელ ზაალ კასრელიშვილთან ინტერვიუს სათაური. კასრელიშვილი ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, „შემოდგომამდე, შეიძლება, ვანო მერაბიშვილი გარეთ გამოვიდეს და ამ პერიოდში სააკაშვილიც გამოჩნდეს საქართველოში“. ჟურნალისტის შეკითხვაზე - რა ძალა მუშაობს ამ ყველაფერზე, კასრელიშვილი პასუხობს, „კონკრეტული გვარ-სახელები არ ვიცით, მაგრამ ქვეყნის შიგნითაც არიან მოწადინებული და ასევე ქვეყნის გარეთ არიან დაინტერესებული ადამიანებიო“.

„ახალი თაობა“ აქვეყნებს წერილს, რომელიც გაზეთისთვის ემზარ კვიციანის ადვოკატს გადაუცია. კვიციანი წერილში ჰვება რამდენიმე ეპიზოდის შესახებ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. ერთ-ერთი ამბავი 2003 წლის ზაფხულში კოდორის ხეობაში გაეროს მეთვალყურეთა გატაცებას ეხება. ემზარ კვიციანის ვერსიით, როცა მათი გათავისუფლებით დაიმუქრა, მას ჯერ უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი ჯემალ გახოკიძე, შემდეგ უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია და მოგვიანებით, შუამავლის სახით, ტარიელ ონიანი დაუკავშირდა, რომელიც გაეროს მეთვალყურეთა მეორე დღესვე დაბრუნებას დაჰპირდა. „ამ საქმის შემსრულებლების ვინაობა დღემდე არ ვიციო“, წერს კვიციანი. მისი წერილი კი ირაკლი ოქრუაშვილისათვის განკუთვნილი შეკითხვებით სრულდება: „რატომ აპირებდი 2011 წლის 26 მაისს თბილისში ჩამოსვლას კოდორის გავლით? მაინტერესებს, ვინ დაიცავდა შენს უსაფრთხოებას ჯერ რუსეთში, შემდეგ აფხაზეთსა და კოდორში, ან ვის უნდა გამოეტარებინე? ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსებთან - შენ, გივი თარგამაძე, სააკაშვილი თუ ბოკერია, რათა შეგესრულებინათ ამერიკელების მოთხოვნა და კოდორი რუსებისთვის გადაგეცათ? ან იქნებ, მერაბიშვილი იყო მოლაპარაკებებში? თუ ყველანი ერთად იყავით?“ - ეკითხება ემზარ კვიციანი ირაკლი ოქრუაშვილს „ახალი თაობაში“ გამოქვეყნებულ წერილში.

„ბიზნეს-რეზონანსი“ წერს, რომ ბოლო ათ წელიწადში მინისტრების ხელფასი საქართველოში 3 000%-ით გაიზარდა: „2003 წლამდე მინისტრის საშუალო ხელფასი 165 ლარს შეადგენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მინისტრის ხელფასი 3 540 ლარი იყო, „ქართული ოცნების“ მმართველობისას კი მინისტრის ხელფასმა ცვლილება ორჯერ განიცადა. ყოფილმა პრემიერმა თავისი გუნდის წევრებს ხელფასი გაუზარდა, მოქმედმა პრემიერმა კი, საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ისევ შეუმცირა. დღეს მინისტრის ხელფასი, საშემოსავლოს დაქვითვით, 5 000 ლარია. საერთო ჯამში, დამოუკიდელობის პერიოდში ქართველი მინისტრების ხელფასი 2 930%-ით გაიზარდა“, - წერს „ბიზნეს-რეზონანსი“.

ამავე ნომრიდან შეიტყობთ, რომ ქართული ბოსტნეულის ექსპორტი რეკორდულად იზრდება, რამაც ადგილობრივ ბაზარზე მისი გაძვირება გამოიწვია. სტატიაში განსაკუთრებით არის გამოყოფილი კარტოფილსა და პომიდორზე მოთხოვნის ზრდა: „შარშან კარტოფილის ბაზარზე ასეთი ტენდენცია აღინიშნებოდა - ერთბაშად გაიზარდა ექსპორტი, მკვეთრად შემცირდა იმპორტი. 2013 წელს ქვეყნის გარეთ სამი მილიონ 455 ათასი დოლარის კარტოფილი გავიდა, 2012 წელს კი - 92 ათასი დოლარის, ხოლო 2011 წელს - 315 ათასი დოლარის“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG