Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერები და საკანონმდებლო ჭიდილი


16 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. თუმცა, როგორც არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ვერ ჩაანაცვლებს მათ მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს, რაც უკანონო მიყურადებასა და თვალთვალზე საკანონმდებლო კონტროლის გაძლიერებას ითვალისწინებს. არასამთავრობო სექტორის წიაღში შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი ვერ სარგებლობს აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერით.

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა - უკანოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება თუ გასაღება. კანონის პროექტით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევად ითვლება აგრეთვე ”კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა უკანონოდ გამოყენების, გავრცელების ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის მიზნით.” პარლამენტის ოფიციალური ვებსაიტი გვატყობინებს ასევე, რომ კანონპროექტით "ზუსტდება, თუ რა ქმედებებს გულისხმობს პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა. ამასთან, მკაცრდება სანქციები პირადი ან ოჯახური ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევებისათვის”.
ის ფაილები, რაზეც მე მოგახსენეთ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იყო მოპოვებული. ამიტომ მომავალში ეს არის საჯარო მოხელეების მკაცრი გაფრთხილება, რომ მსგავსი ქმედებები იქნება მაღალ და მკაცრ სასჯელთან დაკავშირებული - კერძოდ, 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული...
ლევან იზორია

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ წარუდგინა. ინიციატივის მიზეზებზე საუბრისას, მან გაიხსენა საგანგებო კომისიის მუშაობის შედეგად განადგურებული რამდენიმე ათეული ათასი ფაილი, რაც წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს მოიცავდა. საკანონმდებლო ცვლილების ღირსებათა შეფასებისას კი მინისტრის მოადგილემ საგანგებოდ აღნიშნა, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ცალკე დამამძიმებელ გარემოებად გამოიყო უკანონო საქმიანობისთვის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება:

”ის ფაილები, რაზეც მე მოგახსენეთ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იყო მოპოვებული. ამიტომ მომავალში ეს არის საჯარო მოხელეების მკაცრი გაფრთხილება, რომ მსგავსი ქმედებები იქნება მაღალ და მკაცრ სასჯელთან დაკავშირებული - კერძოდ, 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული”.

ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას მიესალმება საპარლამენტო უმცირესობაც. თუმცა, მაგალითად, დეპუტატი პავლე კუბლაშვილი არ ეთანხმება მათ, ვინც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების შეგროვებისა და გავრცელების ცოდვას მხოლოდ წინა ხელისუფლებას მიაწერს. ამ კონტექსტში პავლე კუბლაშვილი გელა ხვედელიძის ისტორიას იხსენებს:

”შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასეთი ჩანაწერი გამოიყენა ჯერ იმისთვის, რომ დაეშანტაჟებინა კონკრეტული ჟურნალისტი და შემდეგ, როდესაც ამ შანტაჟმა არ გაჭრა, გამოუქვეყნა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი. ყველაზე მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე: თანამდებობრივი მდგომარეობაც გამოიყენა, დააშანტაჟა კიდევაც და გამოაქვეყნა კიდევაც ამ პიროვნების შესახებ პირადი ინფორმაციის შემცველი ვიდეოები”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამ საქმესთან დაკავშირებით არ დაკონკრეტებულა, თუმცა ზოგადად აღნიშნა, რომ დამნაშავეები ნებისმიერი ხელისუფლების წიაღიდან უნდა გამოვლინდნენ - გამოძიებული უნდა იქნეს ყველა ფაქტი - და რომ საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს კიდეც. ლევან იზორიას თქმით, მომავალი კვირა გამოყენებული იქნება კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის მოსამზადებლად და გათვალისწინებული იქნება როგორც კომიტეტების, ასევე არასამთავრობო სექტორის წინადადებები თუ შენიშვნები. ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია ამ ტიპის დანაშაულის მაკონტროლებელი მექანიზმების შექმნა თუ გაუმჯობესება.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 16 აპრილს სხდომაზე წარდგენილი კანონპროექტი არ მოიცავს მასშტაბურ საჭიროებებს, რაც სახელმწიფოში უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პრაქტიკის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. თათული თოდუა ამბობს, რომ კომპლექსური ხედვა არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო ცვლილებებშია ჩამოყალიბებული:

თათული თოდუა
თათული თოდუა
”კანონპროექტი, რომელსაც ბევრი ორგანიზაცია უჭერს მხარს, ითვალისწინებს ძირითადად პროცედურული ნორმების გამართვას - რამდენიმე მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხის დაზუსტებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება განხორციელდეს ფარული სატელეფონო მიყურადება თუ პირად ცხოვრებაში სხვაგვარი ჩარევა და რომ ნებისმიერი მიზეზით ამის გამართლება არ არის დაშვებული”.

თათული თოდუა ლაპარაკობს საზოგადოებრივი კამპანიის ”ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ” მიერ ადვოკატირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც გულისხმობს ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში. გარდა ამისა, ცვლილებები გამიზნულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა, პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოსთვის აუცილებელ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც მოწონებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერაც, გადაულახავი წინააღმდეგობა არ შეხვდება საკანონმდებლო ორგანოში. არასამთავრობო სექტორის წიაღში შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორად ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გვევლინება. ბევრისთვის აშკარაა წინააღმდეგობა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG