Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანდეს


ევროპარლამენტი
ევროპარლამენტი
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც პირველად გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. საუბარია რეზოლუციაზე, სახელწოდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის თაობაზე", რომელიც ევროპარლამენტმა ხუთშაბათს დაამტკიცა. რას ნიშნავს ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის დაკავშირება საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდავეთთან?

ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში და მოუწოდებს ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები გამოიყენოს. საერთაშორისო სამართალთან ყოვლად შეუსაბამო რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნახსენებია საქართველოც და აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაციას. აქვე ნათქვამია, რომ, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებათა ფონზე, გამოიკვეთა ეთნიკური წმენდა და იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები.

რუსეთის უკანონო, აგრესიული ქმედებების ფონზე, რეზოლუციაში მტკიცე მხარდაჭერაა გამოხატული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული კიდევ ორი ქვეყნის - საქართველოსა და მოლდავეთის - სწრაფვისადმი ევროკავშირისკენ. ევროპარლამენტი მოუწოდებს აღმასრულებელ სტრუქტურას, ხელი მოეწეროს ასოცირების შესახებ
ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას, როგორც ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოს, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით...
შეთანხმებებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, საქართველოსა და მოლდავეთთან. ამასთან, რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს მზადყოფნას, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად, ევროკომისიის მოქმედი შემადგენლობის მანდატის ამოწურვამდე, მოხდეს მისი რატიფიცირებაც. აქვე ნათქვამია, რომ საქართველოსა და მოლდავეთისთვის უნდა გამოიყოს შეთანხმებების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის საჭირო დამატებითი ფინანსური დახმარება.

მაგრამ ევროკავშირისკენ სავალი გზა ამით არ მთავრდება. რაც შეეხება შემდგომ პერსპექტივებს, რეზოლუციის 31-ე პუნქტში ევროპარლამენტი აღნიშნავს:

”ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება უკრაინასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ სხვა ქვეყნებთან არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს მათ ურთიერთობაში ევროკავშირთან. ამ კონტექსტში (ევროპარლამენტი) მიუთითებს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას, როგორც ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოს, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუკი ისინი მტკიცედ იცავენ დემოკრატიის პრინციპებს, აღიარებენ თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს, ადამიანის უფლებებს, უმცირესობათა უფლებებს და უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას”.

ევროპარლამენტის რეზოლუციის ამ აქცენტს - როგორც განსაკუთრებულ სიახლესა და ქვეყნის ისტორიულ შანსს - საგანგებოდ მიესალმებიან საქართველოში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აღნიშნავს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტებში საქართველოს პირველად დაუკავშირეს ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი:
რაც მე მახსოვს, ჩემი გამოცდილებიდან, პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში იქნა გაჟღერებული, საბოლოო ჯამში, აისახა ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციაში - ზოგჯერ ადრე, ზოგჯერ გვიან. შეიძლება, წლები გავიდეს და მერე აისახოს...
კახა გოგოლაშვილი

”ამ განცხადებით ცხადია, რომ ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელს მოვაწერთ ივნისში, არ არის ბოლო ეტაპი ევროკავშირთან ინტეგრაციისა. არამედ ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, ხოლო ბოლოს, საბოლოო მიზნის მისაღწევად, ანუ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, არის კიდევ გარკვეული ეტაპები. მაგრამ ეს მიზანი არის უკვე გამოკვეთილი და იგი არის ხელშესახები”.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი არ არის და ის უფრო სარეკომენდაციო სახეს ატარებს, „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას ერთ დამაიმედებელ ტენდენციაზე აკეთებს აქცენტს:

”რაც მე მახსოვს, ჩემი გამოცდილებიდან, პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში იქნა გაჟღერებული, საბოლოო ჯამში, აისახა ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციაში - ზოგჯერ ადრე, ზოგჯერ გვიან. შეიძლება, წლები გავიდეს და მერე აისახოს... მაგრამ ეს ჩვენთვის რჩება როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი ნებისმიერ მოლაპარაკებაში, ნებისმიერ საუბარში ევროკავშირთან თუ მის წევრ სახელმწიფოებთან და ა.შ., როგორც Reference point-ი (ორიენტირი), როგორც მინიშნება, რომ ევროპარლამენტმა, ანუ პოლიტიკურმა ძალებმა ევროპაში, პრაქტიკულად, მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებას”.

კახა გოგოლაშვილი ევროპის პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად იმიტომაც მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე არაფერია ნათქვამი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტში, რომლის რატიფიცირებაც გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვილნიუსის სამიტზე მოხდა. თუმცა „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის აზრით, უიმედოდ დაგვიანებული არაფერია და სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ ჩანაწერი ჩაემატოს ასოცირების შეთანხმებაში, ვიდრე ამ დოკუმენტს ივნისში მოეწერება ხელი.

კახა გოგოლაშვილი შეგვახსენებს, რომ მარტის მიწურულს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა, უკრაინაში შექმნილი მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნეს. მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ:

”ახალ, გამოწვევბით სავსე რეალობაში, იმისთვის, რომ არავის - პირველ რიგში მათ, ვისაც სურს ჩვენი ქვეყნის ამ გზიდან ჩამოშორება - არ შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ საქართველო ევროკავშითან ინტეგრაციის გზაზე არ წააწყდება არავითარ ფორმალურ ბარიერებს და მისი ამ გზაზე წინსვლა მხოლოდ მიღწეულ პროგრესსა და ორივე პარტნიორი მხარის მზადყოფნაზე იქნება
დამოკიდებული, აუცილებლად მიგვაჩნია: ასოცირების შესახებ შეთანხმების შესავალ ნაწილში მკაფიოდ განისაზღვროს ევროკავშირის დამოკიდებულება „საქართველოს ევროპული პერსპექტივის“ აღიარებითა და საქართველოს „ევროპულ სახელმწიფოდ“ ცნობით. მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობას - ევროკავშირის მხარესთან დააყენოს შეთანხმების ტექსტში აღნიშნული ცვლილების საკითხი;

ევროპულ საბჭოს - ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ შეთანხმების ტექსტში აღნიშნული ცვლილების შეტანას”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG