Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სექტორი მთავრობას სთხოვს, ხელი არ შეუშალოს პარლამენტს


არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომელსაც კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ აერთიანებს, მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს და არ შეაფერხოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესი. საქმე ისაა, რომ 5 კანონში ცვლილებათა პროექტი, რომელიც უკანონო მიყურადებასა და თვალთვალზე მაღალ საკანონმდებლო კონტროლს ითვალისწინებს და რომელიც სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადდა, უკვე საკანონმდებლო ინიციატივადაა ქცეული, ამ ფონზე კი იქმნება სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია. სამოქალაქო სექტორში იმედოვნებენ, რომ კომისია მოწოდებული იქნება არა შეაფერხოს, არამედ დააჩქაროს პროცესი.

სანამ იმას ვიტყოდეთ, თუ რას საყვედურობს სამოქალაქო სექტორი მთავრობას, შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში მოქალაქეთა ჯგუფმა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და ფარული თვალთვალისა და მიყურადების ძალიან მაღალ კონტროლს დაქვემდებარებულ ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა. როგორც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ავტორი, ზვიად ქორიძე განმარტავს, საუბარია 5 კანონში ცვლილების შეტანაზე. ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ კანონი, პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ კანონი, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი და პარლამენტის რეგლამენტი. ცვლილების სულისკვეთებაზე საუბრისას ზვიად ქორიძეს ასეთი მაგალითი მოჰყავს:

„მაგალითად, გამოძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს, როდესაც ამოწურულია ყველა ოპერატიულ-სამძებრო პროცედურა და გამოძიებას მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ მეთოდის გამოყენებაა აუცილებელი, რომ მან ჩაატაროს საგამოძიებო სამუშაოები და ამას ჰქვია უკანასკნელი ნაბიჯის, უკანასკნელი ღონისძიების მეთოდი და სასამართლოს გამოძიებამ უნდა დაუსაბუთოს, თუ რატომ სჭირდება ეს“.
უცებ მთავრობა აკეთებს განცხადებას და გამოდის ინიციატივით, რომ ის ქმნის უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებისგან...
ზვიად ქორიძე

მაღალი სტანდარტი წესდება ასევე სასამართლოს მიერ გამომძიებლისთვის გაცემული ნებართვით სარგებლობის პირობებზე. ამასთან, ინფორმაცია სასამართლოს მიერ მოსმენის ნებართვის გაცემისა და მიყურადების დაწყების თაობაზე უნდა მიეწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
გასული წლის ივნისში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ინიციატივას კანონპროექტის ძალა შესძინა და ცვლილებათა განხორციელების საპარლამენტო პროცესი დაიძრა. მოგვიანებით პროექტი საკონსულტაციოდ გაიგზავნა და თავისი დადებითი დასკვნა წარმოადგინა ევროპის საბჭომ და მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტმა.

და აი, როგორც ზვიად ქორიძე ამბობს, ამ ფონზე იქმნება მთავრობაში უწყებათაშორისი კომისია:
თუკი ამ კომისიის მუშაობის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს იმ კანონების იმპლემენტაცია, რომელთა მიღების იმედიც გვაქვს და რომლებიც შეეხება თვალთვალისა და მიყურადების ახალი პრაქტიკის დანერგვას...
ეკა გიგაური

„უცებ მთავრობა აკეთებს განცხადებას და გამოდის ინიციატივით, რომ ის ქმნის უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებისგან, რომლებიც იმუშავებენ იმაზე, რომ კანონში ჩამოთვლილი პრინციპები მოდიოდეს შესაბამისობაში იმ ლეგიტიმურ ინტერესებთან, რომელიც აქვს სახელმწიფოს და გამოძიებას. შესაბამისად, არის ასევე მეორე ვალდებულება, რომელიც აქვს ასევე სახელმწიფოს - ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომლის შესაბამისობაშიც უნდა განიხილოს მან ეს საკანონმდებლო ინიციატივა“.

და სწორედ ამიტომ ეჩვენება ძალიან უცნაურად ეკა გიგაურს, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, მთავრობის გადაწყვეტილება, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია. მისი თქმით, ეს აჩენს ეჭვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ კი, სამართალდამცავი ორგანოები, შეგნებულად ცდილობენ გააჭიანურონ და ხელი შეუშალონ საკანონმდებლო განხილვების პროცესს:

„თუკი ამ კომისიის მუშაობის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს იმ კანონების იმპლემენტაცია, რომელთა მიღების იმედიც გვაქვს და რომლებიც შეეხება თვალთვალისა და მიყურადების ახალი პრაქტიკის დანერგვას, ამ შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი, მაგრამ თუკი ეს კომისია გაემიჯნება იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, ეს არის პრობლემა“.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უთხრა, ყველა აღიარებს, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები, მართლაც, არის, ხელისუფლება მონდომებულია ითანამშრომლოს ამ თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორთან, მაგრამ ისე, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობას და სტაბილურობას ხელი არ შეეშალოს. ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ეს შენ გეხებას“ კამპანიის მონაწილეებს შეახსენებს, რომ მათ ასეთი აქტიური პროტესტი უკანონო მოსმენების მიმართ წინა წლებში არ გამოუხატავთ.
„უნდა დაიხვეწოს, ის კანონმდებლობა მოძველებულია, მაგრამ ის განწყობა, რომ იცით, რა, ყველას უსმენენ, ნამდვილად არ არის სწორი და ძალიან დიდი სხვაობაა და ასეთი აქციები, ალბათ, უპრიანი იქნებოდა გამართულიყო 2012 წლამდე, როცა მართლა ყველას უსმენდნენ და „ეს შენ გეხება“ მე არ მახსოვს 2012 წლამდე, როცა მართლა ყველას გვეხებოდა. ცოტა გადაჭარბებულია, ასე ვთქვათ, გარემოებებზე აპელირება“.

მანანა კობახიძის - და მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მსგავსი შინაარსის განცხადების -პასუხად, სამოქალაქო სექტორის წარამომადგენლები, კერძოდ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მათ პრინციპებისთვის არ უღალატიათ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღრმისეულ რეფორმირებაზე მაშინაც საუბრობდნენ, როცა ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციაში იყვნენ და ამ ინიციატივას მხარს უჭერდნენ:

„ვისაც აქვს პრეტენზია და ფიქრობს, რომ სად იყვნენ ეს ორგანიზაციები ამ ან სხვა მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით აქამდე, მე ვთავაზობ მათ ასეთ რამეს, საჯაროდ გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა ამ კონკრეტულ პრობლემაზე პრეზენტაცია“.

სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გააჭიანუროს საკანონმდებლო ინიციატივის კანონად ქცევა, რადგანაც ეს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის გააქტიურების ფაზაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მით უფრო, რომ უკანონო მოსმენა-მიყურადების თემა უკვე წლებია ექცევა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების რეკომენდაციათა სიის სათავეში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG