Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ჩხეიძე - აბიტურიენტი


25 მაისი, კვირა
დილიდან მოყოლებული, რაღაც უცნაურ განწყობაზე ვარ. გუშინ წარმატებით დავამთავრე სასკოლო გამოცდები, თორმეტწლიანი შრომის დაფასების ნიშნად ოქროს მედალსაც მომცემენ. ამ დაძაბულ წელიწადს თითქოს ერთი დიდი ტვირთი მომეხსნა ზურგიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩემს ბედნიერებას მაინც რაღაც აკლია. ეს „რაღაც“ არის გულისტკივილი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩემი კლასელის გამო, რომელმაც, რაკი ერთი გამოცდა ვერ ჩააბარა, უარი უნდა თქვას სტუდენტობაზე და მომავალ წელს ხელახლა სცადოს ბედი.

რა უსამართლობაა! უსამართლობაა, როდესაც უამრავი ბავშვი, უსახსრობის გამო, ვერ იღებს უმაღლეს განათლებას. უფრო მეტიც, სკოლის დამთავრებაც უჭირს, რადგან აბიტურიენტობის დროს, ბევრად მეტი ფული გჭირდება სწავლისათვის, ვიდრე შემდეგ, როცა უნივერსიტეტში ისწავლი. ისეთ ბავშვებს კი, რომლებიც მომზადებას ვერ ახერხებენ და ცდილობენ, საკუთარი ძალისხმევით გახდნენ სტუდენტები, არ ეძლევათ შანსი, რომ ერთი საგნის გამო, სტუდენტობის მიღმა არ დარჩნენ. არ მიმაჩნია სწორად, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში ბავშვებს ორი შანსი ეძლევათ, ხოლო ისტორიასა და, მაგალითად, მათემატიკაში ერთხელ განცდილი კრახი მის მომავალს, შესაძლოა, რადიკალურად ცვლიდეს... უნდა მოიძებნოს რაიმე გამოსავალი.

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და, ეს ერთი რამ არის, რაც გულში ხინჯად დამრჩა. დღეს ყველა მირეკავს, მილოცავს სკოლის დამთავრებას, მე კი ვერ გამიაზრებია, რომ სკოლაში ყოველდღე აღარ მომიწევს სიარული, ყოველდღე ვეღარ ვნახავ ჩემს კლასელებს. თუმცა, ბოლო ზარი ჯერ კიდევ წინ არის და, ალბათ, მერე უფრო დამწყდება გული. ჯერ თითქოს რაღაც გაურკვევლობაში ვარ: ვიღებ მოლოცვებს, დღეს სტუმრებიც მყავდა, მაგრამ თან არ მინდა დავიჯერო, რომ სულ რაღაც ორ დღეში ჩემი ცხოვრების პირველი და, ალბათ, ყველაზე სათნო ეტაპი დასრულდება...

ადამიანი ხომ მაშინ იწყებს რაიმეს დაფასებას, როდესაც კარგავს. თუ აქამდე ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი, ახლა, როდესაც სკოლის დღეები დასასრულს უახლოვდება, მეც უფრო მეტად ვაფასებ ჩემს ბავშვობას და სკოლაში გატარებულ წლებს. ეს დრო მთელი ცხოვრების მანძილზე ტკბილი მოგონების სახით დარჩება ჩემში.

საღამოს ქართულზე ვიყავი. ყველაზე მეტად იქ მისვლა მიყვარს: რა სჯობს მშვიდ გარემოში, სასიამოვნო ადამიანებთან ერთად ლიტერატურაზე საუბარს?! ამ დროს რეალობას ვწყდები და რაღაც სხვა, იდილიურ სამყაროში გადავინაცვლებ, საიდანაც ყველაფერს სხვა თვალით უყურებს ადამიანი...
თავისუფლების დღიურები - სალომე ჩხეიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:45 0:00

26 მაისი, ორშაბათი
აი, კიდევ ერთი დღე უახლოვდება დასასრულს. ხვალ ბოლო ზარი მაქვს. დღესაც მთელი დღე უცნაური გრძნობა მეუფლება - აი ისეთი, თან რომ გიხარია და თან გული მაინც სევდით რომ გევსება. ხვალ ის დღეა, თორმეტი წელი რომ ელოდები და ბოლო წუთს, გულის სიღრმეში მაინც არ გინდა, რომ ასე მალე მოვიდეს. რაღაც ისეთი განცდაა, სანამ თვითონ არ გამოცდი, ვერ გაიგებ.

ხვალ მნიშვნელოვანი დღეა იმითაც, რომ ბაბუაჩემი ოთხმოცდაორი წლის ხდება. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ბევრისგან განსხვავებით, ბავშვობაში მქონდა და ახლაც მაქვს ბებიებთან და ბაბუებთან ურთიერთობის საშუალება, რომ ისინი, ყოველთვის ჩემ გვერდით დგანან და თავიანთი სიყვარულითა და მზრუნველობით მილამაზებენ ცხოვრებას. ვერ წარმომიდგენია, მათ გარეშე როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი სიცოცხლე! ის სიყვარული, რომელიც შვილიშვილს, ბებიასა და ბაბუას შორის არსებობს, ყველასგან გამორჩეულია, ენით აუწერელიც კი. პირადად ჩემთვის ეს ასეა. ის არ ჰგავს არც მშობლისა და შვილის, არც არანაირ სხვა სიყვარულს. ასაკით ყველაზე მეტად „დაშორებული“ ადამიანები ყველაზე უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან და მე მიხარია, რომ ასეთი სიყვარული ოთხი მხრიდან ვიგრძენი! არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რომ მათთან გატარებული დროც როდისმე წარსულს უნდა ჩაბარდეს...

სწორედ ამ სიყვარულის დასაფასებლად, ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანის გასახარებლად, დღეს საჩუქარიც ვიყიდე. ვიცი, მისთვის საჩუქარი კი არა, ის ფაქტი იქნება უდიდესი სიხარული, რომ მე მასზე ვიზრუნე და ყურადღება გამოვიჩინე.

მოკლედ, დღეს ემოციების ორომტრიალი იყო ჩემში. საჩუქრის ამოსარჩევად გასულს, საღამოს გრილ ამინდში სეირნობამ სიამოვნებაც მომგვარა და ფიქრებიც „ამიფორიაქა“...

27 მაისი, სამშაბათი
დადგა ეს ნანატრი დღეც - დავამთავრე სკოლა! არაჩვეულებრივი დრო გავატარე დღეს, სულ მემახსოვრება. მშვენიერი გრძნობაა, როდესაც წარწერებიანი თეთრი მაისურით დადიხარ ქუჩებში და ყველა გილოცავს, არ აქვს მნიშვნელობა, გიცნობს თუ არა. ყველას ახსენდება ის დრო, როდესაც თავად ჰქონდა ბოლო ზარი და შენც გიხარია, რომ სხვებს ტკბილ მოგონებებს უღვივებ, წამით მაინც უბრუნებ ბავშვობას. ეს ის დღეა, როდესაც იშლება ზღვარი ადამიანებს შორის, ყველა გიყვარს და ყველას უყვარხარ, ყველას გულით ულოცავ და ყველა გულწრფელად გილოცავს. ეს დღე ჰგავს ბოლო ფურცლებს წიგნის იმ პირველი თავისა, რომელსაც შენი ბავშვობა ჰქვია. რამდენი რამ მასწავლა სკოლამ: აქედან დაიწყო ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება, აქ შევიძინე პირველი მეგობრები, აქ ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, აქ მივხვდი პირველად, თუ რამდენნაირი ხასიათის ადამიანი არსებობს და როგორ უნდა გავუგო მათ, აქ ვისწავლე სხვისი დახმარება, აქ თანამიგრძნეს პირველად და აქ შევიგრძენი ის დიდი სიყვარული, რომელიც ერთ დიდ ოჯახში - ჩემს კლასში - სუფევდა. სკოლა ხომ ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო და ძნელია, ასე უცბათ მასთან განშორება.

თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული და ჩვენც დღეს შევეცადეთ, ბედნიერად დაგვესრულებინა ჩვენი თორმეტწლიანი თანაცხოვრება. სკოლიდან ჩვენს ერთ კლასელთან წავედით, სადაც ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ვიმღერეთ, ათასი რამე გავიხსენეთ, ერთი შეხედვით, მხიარულებაში ვიყავით, მაგრამ ყველას თვალებში ფარულ სევდას ვხედავდი. ეს იყო სევდანარევი მხიარულება, სასიამოვნოდ სევდანარევი. არც ერთს არ გვინდოდა, რომ დღე დასრულებულიყო. ძალიან მაგარი განცდაა, როდესაც შენი კლასელი წამოდგება, იტყვის გარდაცვლილთა სადღეგრძელოს და შენს გარდაცვლილ მამას ახსენებს, რომელსაც არც კი იცნობდა. და მაშინ ხვდები, თუ რა დიდ პატივს გცემს ის შენ, რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის.

როდესაც ჩემი კლასელის მამა მოვიდა და ჩვენთან ერთად მხიარულობდა, უცნაური გრძნობა დამეუფლა: წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა მამაჩემიც ყოფილიყო ჩემ გვერდით და ასე, ჩემს მეგობრებთან ერთად ემხიარულა... მაგრამ ის, ალბათ, მხედავს საიდანღაც და ჩემი ბედნიერებით ისიც ბედნიერია.

ამ საოცარი და, ამავდროულად, სევდიანი დღის შემდეგ მაინც მოვახერხე იუბილარ ბაბუასთან მისვლა და მილოცვა. ძალიან გაუხარდა, მისმა სიხარულმა კი მეც გამახარა.

მოკლედ, ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. ახლა კი, ასე „გრძნობაარეული“ და დაღლილი შევეცდები, ძილს მივეცე...

28 მაისი, ოთხშაბათი
გუშინდელი დღის შემდეგ თავს დაღლილად ვგრძნობ. ვათვალიერებ გუშინდელ ფოტოებს და უკვე მენატრება სკოლა და ბავშვები. დღეს უკვე მართლა საბოლოოდ გავიაზრე, რომ სკოლა დავამთავრე. ალბათ, შეგუება დამჭირდება იმ ამბავთან, რომ ყოველდღე აღარ მომიწევს იქ წასვლა. ჩემი ძმა მიამბობდა დღეს, თუ რას გრძნობდა, სკოლა რომ დაამთავრა და ეს ზუსტად ის იყო, რასაც მეც ვგრძნობდი.

ამ „ემოციური არეულობის“ ფონზე აბიტურიენტობა მაინც მახსენებს თავს: დღეს უკვე მომიწია მასწავლებელთან წასვლა და ჩვეულ რიტმში ჩადგომა. სახლში დაბრუნებულმა კი დედაჩემს გავუზიარე გუშინდელი შთაბეჭდილებები. არაჩვეულებრივი განცდაა, როდესაც იცი, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დროს მოგისმენს, არ დაიღლება შენი თავგადასავლების მოსმენითა და რჩევების მოცემით. ეს, რა თქმა უნდა, დედაჩემია. ჰოდა, კიდევ ერთხელ დავსხედით და გავუზიარე ჩემი განცდები... გულზე მომეშვა. ხვალისთვის ვემზადები.

29 მაისი, ხუთშაბათი
დღეს ხუთშაბათია. რატომღაც ასე დავთქვით, და მე და ჩემი მეგობრები სწორედ ამ დღეს ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. დაძაბული და გადატვირთული დღეების შემდეგ რამდენიმე საათი ერთად ყოფნა ნამდვილად გვჭირდება. დღესაც არ დავარღვიეთ ტრადიცია და ამჯერად ჩემთან შევიკრიბეთ. არც ვიცი, მათ გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი ექნებოდა თუ არა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეგობრები მყავს! რა უნდა მექნა მათ გარეშე, როგორ უნდა მეცხოვრა, არ ვიცი. რამე მიჭირს? სულ ჩემ გვერდით არიან, ჩემთან ერთად უხარიათ და ჩემთან ერთად სტკივათ...

როგორც ყოველთვის, დღესაც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ბავშვობის მეგობრებთან სალაპარაკოს რა გამოლევს! პიანინოდან დაწყებული, გიტარით დამთავრებული, ყველაფერზე დავუკარით, ვიმღერეთ და ერთად ყოფნით კიდევ ერთხელ ვისიამოვნეთ. ძალიან მენატრებიან ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებთან ერთადაც გავიზარდე. ისინი ქობულეთში ცხოვრობენ და ყოველი ზაფხულის მოსვლა იმიტომ მიხარია, რომ მათ ვნახულობ. მინდოდა, დღეს ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ, მაგრამ აბა, როგორ გამოვა? არა უშავს, სულ რაღაც ორ თვეში მათაც ვიხილავ.

30 მაისი, პარასკევი
რაღაც ისე დაემთხვა, რომ ამ კვირაში ერთად მოიყარა თავი სასიამოვნო ამბებმა. დღეს Sprachdiplom-ი, ანუ გერმანული ენის დიპლომი გადმომეცა. ზამთარში ჩავაბარე გამოცდები, დღეს კი დიპლომი ჩამოვიდა. კარგი შეგრძნებაა, რომ იშრომებ და შედეგს მიიღებ. პატარა წარმატებაც უხარებს ადამიანს გულს. ჩემი მეგობრებიც იყვნენ, კონცერტიც გაიმართა, ალაფურშეტიც იყო. მოკლედ, სასიამოვნო დრო გავატარეთ. ცოტა დიდხანს კი გაგრძელდა, რაღა დავმალო და გადავიღალე.

დაჯილდოების შემდეგ მეორე ბაბუას ავუარე, იქვე ცხოვრობს. თავისი მომზადებული უგემრიელესი სადილით გამიმასპინძლდა, თუმცა, დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, ქართულზე ვიყავი წასასვლელი. წავედი კიდეც, ვისაუბრეთ ათას რამეზე და ბოლოს ვასიკო კეჟერაძის მსოფლხედვასაც გავეცანით. ყველაზე მეტად ეს პერსონაჟი მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ეს არის ის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. მეც ძალიან მიყვარს ლიტერატურა და მგონია, რომ ეს ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა. ადრე სკოლაშიც მისი წიგნებით გვასწავლიდნენ, ძალიან მომწონდა. დასანანია, რომ რამდენიმე წელია, მისი წიგნები რატომღაც სხვა ავტორის სახელმძღვანელოებმა ჩაანაცვლა.

მოკლედ, ეს დღეც სწრაფად გავიდა... უნდა დავიძინო.

31 მაისი, შაბათი
გაზაფხულიც იწურება... ხვალ ზაფხულის პირველი დღეა და მეც სრულწლოვანი ვხდები. ყოველთვის მიხაროდა დაბადების დღის მოსვლა. ახლაც მიხარია, მაგრამ, თითქოს არ მინდა, 18 წლის ვხდებოდე. ჯერ კიდევ ვერ შევეგუე, რომ ასე სწრაფად გავიდა დრო და ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს... დილით ვიმეცადინე, შემდეგ მეორე ბაბუასთან წავედი. ასეთი წესი გვაქვს: შაბათობით მე და დედა მასთან მივდივართ ხოლმე და მთელ დღეს იქ ვატარებთ. ჩემი ასაკის გოგოსთვის ალბათ უცნაურია, მაგრამ ბაბუაჩემთან ნარდის თამაში ჩემთვის ერთი სიამოვნებაა! ძალიან მიყვარს ბაბუას მომზადებული კერძებიც, ბევრ ქალს გაუწევდა კონკურენციას.

სასიამოვნოდ გატარებული დროის შემდეგ სახლში დავბრუნდი. მაინც კარგი შეგრძნებაა, ხვალ მნიშვნელოვანი დღე რომ მოგელის. ამიტომ შევეცდები, სწრაფად დავიძინო. ასეთი იყო ჩემი „არასრულწლოვნობის“ ბოლო კვირა, მნიშვნელოვანი ამბებითა და ემოციებით დატვირთული. ხვალაც, ალბათ, დიდი სიხარული მელის. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, ყურადღებას რომ იჩენენ და გილოცავენ. ხვალინდელი დღის შემდეგ კი უკვე კვლავ აბიტურიენტობას დავუბრუნდები და გამოცდებისთვის ჩვეულ მზადებას გავაგრძელებ...
XS
SM
MD
LG