Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სპეციალისტები კახეთში და ფერმერთა მოლოდინები


კახეთში რუსი სპეციალისტების 4-კაციანი დელეგაცია იმყოფება. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში საექსპორტოდ გამზადებული ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიულ კონტროლს ჩაატარებენ. პროცედურა სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე განხორციელდება.

კახელები სიტყვის საქმით დადასტურების მოლოდინში არიან. საკუთარი აზრი აქვთ ქართველ ექსპერტებსაც.

კახეთის რეგიონში მყოფი რუსი სპეციალისტები იკვლევენ, ხომ არ შეიცავს რომელიმე ხილი ან ბოსტნეული ისეთ მავნე ორგანიზმებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არ არის რეგისტრირებული. შემოწმება როგორც ვიზუალურ, ასევე ლაბორატორიულ კვლევებს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი რუსული მხარის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მასზე გაიცემა სერტიფიკატი, ეს კი ნიშნავს, რომ პროდუქცია საექპორტოდ მზად არის. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული სამსახურის უფროსის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, ამ ეტაპზე მოწმდება ატმის მოსავალი.

მართალია, ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის რუსეთის ბაზრის გახსნის შესახებ ჯერ კიდევ 26 მაისს ითქვა, მაგრამ პროდუქტის გატანა ჯერ არ დაწყებულა. კახელ ფერმერთა დიდი ნაწილი იმ დროს ელოდება, როცა სიტყვა საქმით დადასტურდება. ერთადერთი, რითაც ფერმერები უკმაყოფილონი არიან, შუამავალ კომპანიებს უკავშირდება. ფერმერმა რუსულ ბაზარზე პროდუქტი სწორედ შუამავლების მეშვეობით უნდა გაიტანოს, სხვა შემთხვევაში თავად უნდა დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად. გლეხები ვარაუდობენ, რომ უფრო მეტ მოგებას შუამავალი ოპერატორები ნახავენ.

იმის შესახებ, თუ რომელი კომპანიები შუამავლობენ რუსეთსა და ქართველ ფერმერებს შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული სამსახურის უფროსი ზურაბ ლიპარტია დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის რუსული ბაზრის გახსნას დადებითად აფასებს ექსპერტი სოფლის მეურნეობის დარგში დემურ გიორხელიძე. ის ფიქრობს, რომ გლეხები მოგებულნი დარჩებიან, თუმცა მისთვის გაურკვეველია, რატომ იქცა ტრადიციად, ექსპორტის განხორციელებამდე პროდუქტი რუსეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა ადგილზე შეამოწმონ. გიორხელიძე ამბობს, რომ ნებისმიერი პროდუქტი გადის შემოწმებას, როდესაც რომელიმე საზღვრის გადაკვეთა ხდება. კიდევ ერთი საკითხი, რასაც ექსპერტი პროცესის შეფერხებად მიიჩნევს, შუამავალი ბიზნესოპერატორებია.

კონრეტულად როდის გაიგზავნება ქართული ატმის პირველი პარტია რუსულ ბაზარზე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი - მას შემდეგ, რაც რუსი სპეციალისტები დასკვნას გამოაქვეყნებენ. შეგახსენებთ, რომ კახელი გლეხებისთვის მოწეული მოსავლის გაყიდვა ჯერ კიდევ სერიოზულ სიძნელეს წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG