Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილი მერობის პირველი რეგისტრირებული კანდიდატია


ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ შაბათს დაარეგისტრირა ქალაქის მერობის კანდიდატად. განკარგულება საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა გასცა. მისი განმარტებით, ამ განკარგულების გასაჩივრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთი დღის ვადაში შეიძლება. ოქრუაშვილმა სააღრიცხვო ბარათში მიუთითა, რომ ბოლო 2 წელია, საქართველოში ცხოვრობს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პირებს, ვისაც ბოლო 2 წელი მუდმივად უცხოვრია საქართველოში. ცნობილია, რომ ოქრუაშვილი გარკვეული დროის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. თვითონ არაერთ ინტერვიუში განუცხადებია, რომ შესაძლოა ეს ნორმა მისთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდეს, მაგრამ კომისიამ ის დღეს დაარეგისტრირა. კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, კანონის მიხედვით, კომისია ვერ მოიკვლევდა ოქრუაშვილის საქართველოში ცხოვრების ცენზის საკითხებს.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ვინმე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ამ განკარგულებას. სხვა პოლიტიკური პარტიები კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობენ.

ცნობილია გორში ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობის” მერობის კანდიდატის ვინაობა, თუმცა იურისტ მამუკა ნოზაძის საბუთები საარჩევნო კომისიაში ჯერ არ შესულა.

კანდიდატების ვინაობას “ნაციონალურ მოძრაობაში” ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავენ. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ტოლიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მაჟორიტარების შერჩევა და პარტიული სიის ფორმირებაც დასრულებულია და ახლა პრეზენტაციისთვის ემზადებიან. საზოგადოება სწორედ ამის შემდეგ გაიგებს, რა გუნდით წარდგება პარტია ამომრჩევლის წინაშე.

მმართველი კოალიციიდანაც მწირი ინფორმაცია ვრცელდება. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ჯერ ვერ თანხმდებიან მერობის და გამგებლობის საბოლოო კანდიდატებზე. ახლა გორში მხოლოდ ვერსიების დონეზე გავრცელებული კანდიდატების შესახებ მსჯელობენ. კოალიციიდან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ერთ-ერთ უბანში მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ადვოკატი თამარ თედლიაშვილი იქნება.

პოლიტიკურ პარტიებზე მეტად საინიციატივო ჯგუფები აქტიურობენ. 10-მდე ასეთმა ჯგუფმა განაცხადი კომისიაში უკვე შეიტანა. საინიციატივო ჯგუფები მხოლოდ საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატებს აყენებენ, საბოლოო რეგისტრაციისთვის კი მხარდამჭერთა სიები უნდა შეადგინონ. ამისთვის საკმარისი დროა. პოლიტოლოგმა შალვა ტლაშაძემ სწორედ საინიციატივო ჯგუფიდან გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა.

2 თვის შემდეგ გორს არჩეული მერი და 15-კაციანი საკრებულო ეყოლება. 10 წევრი პარტიული სიებიდან აირჩევა, 5 ადგილი კი მაჟორიტარულ უბნებში გამარჯვებულებს ეკუთვნით. გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტს არჩეული გამგებელი და 25-კაციანი საკრებულო ეყოლება - 15 პროპორციული და 10 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG