Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიდანი კიევის უმოქმედობას აპროტესტებს


მაიდანი, კიევი
მაიდანი, კიევი
დამწვარი საბურავები. პრეზიდენტის გადადგომის მომთხოვნი ასობით მოქალაქე. შიში, რომ აქტივისტები პარლამენტის შენობაში შეიჭრებიან. ეს ნაცნობი სცენები კიევში მიმდინარე კვირაშიც განმეორდა.

14 აპრილს კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი მწვავე უკმაყოფილებას გამოხატავდნენ და აცხადებდნენ, რომ კიევი სუსტად და ნელი ტემპით რეაგირებს ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი ექსტრემისტების მიერ სამთავრობო შენობების დაკავებაზე.

კიევის ქუჩებში გასული დემონსტრანტები ამით ძალიან გაბრაზებულები იყვნენ, თუმცა ბრაზთან ერთად მათ განწყობაში შიშიც იგრძნობოდა.
„რაც ყირიმში მოხდა, ახლა აღმოსავლეთში მეორდება. ვნახეთ, ჩვენმა ქვეყანამ როგორ დაკარგა თავისი ტერიტორიის ნაწილი. შეიძლება არაფერი აღარ დაგვრჩესო“, - უთხრა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, 54 წლის ვალენტინ იერმოლენკომ, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს.

განწყობა, რომელიც კიევის მაიდანზე 14 აპრილს სუფევდა, ცხადია, არ იყო იქ ცოტა ხნით ადრე განვითარებული დრამატული და მნიშვნელოვანი მოვლენების იდენტური. სწორედ მაიდნის მოვლენებმა აიძულა ვიქტორ იანუკოვიჩი დაეთმო პრეზიდენტობა და დაეტოვებინა ქვეყანა. მაგრამ ის, რაც კიევში ამჟამად ხდება, ბევრი მოქალაქის პოზიციას გამოხატავს.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი 13 აპრილს მკაცრი გამომეტყველებით გამოვიდა ტელევიზიით და პრორუსულად განწყობილ შეიარაღებულ პირებს უთხრა, პოზიციები დათმეთ ან მასშტაბური „ანტიტერორისტული“ ოპერაცია შეგეხებათო.
ის, რაც უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ხდება, არ წარმოადგენს მხოლოდ აგრესიას ან ტერორისტულ აქტს რუსეთის მხრიდან უკრაინის ამ რეგიონების წინააღმდეგ. მტკიცედ მწამს, რომ ამას თავისი სახელი უნდა ეწოდოს: ომი...
იულია ტიმოშენკო

მაგრამ მეორე დილით ულტიმატუმის ვადა ყოველგვარი შედეგის გარეშე ამოიწურა. ამის შემდეგ ტურჩინოვმა შეცვალა ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელად დანიშნული პირი, რამდენიმე საათში კი ის რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.

ყოყმანი და პოზიციის ცვლა მხოლოდ ტურჩინოვს არ გამოუვლენია.
ერთი დღის განმავლობაში თავისი პოზიცია შეცვალა პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ. დილით ის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებით გამოდიოდა, მოსაღამოებულზე კი მოქალაქეებს ეროვნული წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებდა.

15 აპრილს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში ტიმოშენკო შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ის, რაც უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ხდება, არ წარმოადგენს მხოლოდ აგრესიას ან ტერორისტულ აქტს რუსეთის მხრიდან უკრაინის ამ რეგიონების წინააღმდეგ. მტკიცედ მწამს, რომ ამას თავისი სახელი უნდა ეწოდოს: ომი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს და რომლის მიზანი უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდებაა“.

პოლიტიკური ლიდერების რიგებში პოზიციების ცვლას მოქალაქეები ანგარიშვალდებულების სიმწირედ და გადაწყვეტილების მიღების უუნარობად აღიქვამენ.

„საკმარისიაო“, - სკანდირებდნენ კიევის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები და გამოდიოდნენ შინაგან საქმეთა არაპოპულარული მინისტრის, არსენ ავაკოვის, გადადგომის მოთხოვნით.

ერთ-ერთმა გამომსვლელმა, რომელიც მაიდნის უსაფრთხოების ბრიგადას წარმოადგენდა, მთავრობას საერთოდ იარაღის დარიგება მოსთხოვა. ტურჩინოვმა ეს წინადადება მეორე დღეს უარყო და ამას სამოქალაქო ომისკენ მიმავალი გზა უწოდა.

მას შემდეგ, რაც მაიდანზე ცენტრალური აქცია დასრულდა, აქტივისტების ერთი ჯგუფი - მათ შორის, ნაციონალისტურად განწყობილი მემარჯვენე სექტორის წევრები - უკრაინის პარლამენტისკენ გაეშურა. შენობის წინ მათ საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს და ხელისუფლებისგან მოქმედება და ანგარიშვალდებულება მოითხოვეს.

ეროვნული უშიშროების მდივნის მოადგილემ, ვიქტორია სიუმარმა, დემონსტრანტებს მიმართა და განუცხადა, რომ მათი ამგვარი ნაბიჯები მოსკოვისთვისაა ხელსაყრელი.

სიუმარმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ უშიშროების საბჭომ აღმოსავლეთში არმიის გამოყენების უფლება გასცა და ახლა ოფიციალური პირები დეტალებს ამუშავებენ საიმისოდ, რომ მსხვერპლის რაოდენობის მინიმალიზაცია მოხდეს.
XS
SM
MD
LG