Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი ჟურნალისტები საქართველოს ევროპულ მომავალს განსხვავებულად აფასებენ


საქართველო და მოლდავეთი ასოცირებისა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებას - დაჩქარებული წესით - ივნისში მოაწერენ ხელს. ევროპის პოლიტიკური ელიტა შეთანხმდა, რომ ლაპარაკი არ არის კავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა ამ ნაბიჯით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო მეტად დაუახლოვდებიან ევროკავშირის პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ სივრცეს. საინტერესოა, რას ფიქრობენ აღმოსავლეთის პარტნიორობაზე და, კერძოდ, საქართველოზე ის ევროპელი ჟურნალისტები, რომლებიც ევროკავშირის სივრცეში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

სლოვაკეთის ახალი ამბების ინგლისურენოვანი სააგენტოს, „სლოვაკ ნიუს ეიჯენსის“, ევროპული ბიუროს კორესპონდენტი იარომირ ნოვაკი ნატოსა და ევროკავშირის თემებს მრავალი წლის განმავლობაში აშუქებს. იარომირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და განსაკუთრებით საქართველოსათვის მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს 20 მარტის სამიტს ბრიუსელში, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს ხელს:
იარომირ ნოვაკი, სლოვაკეთის ახალი ამებების ინგლისურენოვანი სააგენტოს „სლოვაკ ნიუს ეიჯენსის“ ევროპული ბიუროს კორესპონდენტი
იარომირ ნოვაკი, სლოვაკეთის ახალი ამებების ინგლისურენოვანი სააგენტოს „სლოვაკ ნიუს ეიჯენსის“ ევროპული ბიუროს კორესპონდენტი
„ეს კარგია და მძლავრი დადასტურებაა იმისა, რომ ევროპა რეალურად არის დაინტერესებული კიდევ უფრო შორს წავიდეს ამ ქვეყნებთან, კერძოდ, მოლდავეთსა და საქართველოსთან თანამშრომლობაში. შემდეგი ნაბიჯი, ჩემი აზრით, უნდა იყოს უფრო აქტიური მუშაობა ეკონომიკისა თუ სხვა სფეროებში, რადგან შეთანხმებაზე ხელმოწერა მხოლოდ პირველი და აუცილებელი ნაბიჯია, შემდეგ კი საჭიროა, ჩვენ, როგორც ევროპელები, დავრწმუნდეთ, რომ დაინტერესებულნი ხართ მჭიდრო თანამშრომლობით“.

საქართველოს ეკონომიკის შესაძლებლობებზე, პოლიტიკურ სისტემაზე, კულტურასა და ისტორიაზე კი, ჩემი კოლეგების თქმით, ევროკავშირში ჯერაც ბევრი არაფერი იციან. დანიური ჟურნალ „პოლიტიკენის“ ევროპის საკითხების წამყვანი კორესპონდენტის ტომას ლაურიტზენის თქმით, ბევრი ევროპელისათვის საქართველო, ინერციით, ომებთან, მოუგვარებელ კონფლიქტებსა და არასტაბილურობასთან ასოცირდება და არა ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან:
ტომას ლაურიტზენი, ჟურნალ „პოლიტიკენის“ ევროპის საკითხების წამყვანი კორესპონდენტი
ტომას ლაურიტზენი, ჟურნალ „პოლიტიკენის“ ევროპის საკითხების წამყვანი კორესპონდენტი
„არა მგონია, ევროპელები საქართველოს უყურებდნენ როგორც ტურისტულ მისამართს. ისინი, ჩემი აზრით, საქართველოს უყურებენ როგორც ქვეყანას, რომელმაც მძიმე პერიოდი გამოიარა. შესაძლოა, მათ გაგონილი ჰქონდეთ კონფლიქტი რუსეთთან და 2008 წლის სამხედრო შეჭრა საქართველოში, მაგრამ კარგად არ იცოდნენ, თუ რა მოხდა იქ. დანიელები საქართველოს ძირითადად უყურებენ როგორც ქვეყანას, რომელსაც პრობლემები აქვს რუსეთთან. ამის გამო ისინი საქართველოს მიმართ გარკვეული სიმპათიით არიან განმსჭვალულნი, მაგრამ იმ ქვეყნად კი არ მიაჩნიათ, სადაც საგაზაფხულო არდადაგებზე ჩასვლას ისურვებდნენ“.

საქართველოს დანიაში ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მეტწილად ღვინით იცნობენ, მისი ლამაზი ბუნება და თვითმყოფადი კულტურა კი ის პლასტია, რომელიც ევროპელებმა თანდათან, ასოცირების ხელშეკრულებისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავების პარალელურად, მომავალში უნდა გაიცნონო, ამბობს ტომას ლაურიტზენი, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და, კერძოდ, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ:

„ვიცი, რომ საქართველო ბრწყინვალე ღვინოს აწარმოებს. ეს არის და ეს. მეტი არაფერი ვიცი და ვფიქრობ, რომ ჩვენ, დანიაში, მართლა ძალიან ცოტა რამ ვიცით საქართველოს შესახებ. და არ ვარ დარწმუნებული, ხალხს ახლა შეეძლოს წარმოიდგინოს, რა შეიძლება მოხდეს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. ვფიქრობ, ბევრისთვის საქართველო ევროპიდან ძალიან შორსაა. დარწმუნებული ვარ, ხალხს მოსწონს საქართველოს დახმარებისა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იდეა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება, ვგონებ, თვალსაწიერ მომავალში ძალიან რთული იქნება“.
რატომაც არა? დაე, შესთავაზონ საქართველოს იგივე შანსი, როგორიც სლოვაკეთს ჰქონდა 10 წლის წინათ. მაგრამ ამას სჭირდება კარგი მომზადება. არ უნდა იყოს საზოგადოებაში ამდენი შოკი ფასებთან, ცხოვრების დონესა და ყველა იმ კრიტერიუმთან დაკავშირებით, რასაც ევროპა მართლა ძალიან მკაცრად ითხოვს...
იარომირ ნოვაკი

დანიელ ლაურიტზენს ამ საკითხში ნაწილობრივ ეთანხმება სლოვაკი იარომირ ნოვაკი, რომელიც ევროკავშირში რუმინეთისა და სლოვაკეთის გაწევრიანების მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ ის, რაც გარკვეულ პერიოდში წარმოუდგენელი ჩანს, დროთა განმავლობაში შესაძლებელს ხდის საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები და გარკვეული პირობების თანხვედრა:

„რატომაც არა? დაე, შესთავაზონ საქართველოს იგივე შანსი, როგორიც სლოვაკეთს ჰქონდა 10 წლის წინათ. მაგრამ ამას სჭირდება კარგი მომზადება. არ უნდა იყოს საზოგადოებაში ამდენი შოკი ფასებთან, ცხოვრების დონესა და ყველა იმ კრიტერიუმთან დაკავშირებით, რასაც ევროპა მართლა ძალიან მკაცრად ითხოვს. თქვენ, სხვაგვარად თუ ვიტყვი, ზოგიერთ სფეროში რომის პაპზე მეტი კათოლიკეები უნდა იყოთ. ჩვენ ეს ევროკავშირში გაწევრიანებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გავაცნობიერეთ. თუკი თქვენ გულმოდგინედ მოემზადებით ევროკაშირში შესასვლელად და წარმატებით შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს, ძალიან კარგი იქნება. ეს მოსამზადებელი პერიოდი არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად და არც კულტურულად არ იქნება იოლი, მაგრამ ეს გზა აუცილებლად გასავლელია“.
საჭიროა ჩვენი აზროვნებისა და ქცევის შეცვლა. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? ეს მოხდება მაშინ, თუ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა იმოგზაურონ ევროპაში და სხვა ქვეყნებში, თუ დააკვირდებიან მათ ცხოვრებას და იკითხავენ: დალახვროს ღმერთმა...
იარომირ ნოვაკი

ამ მოსამზადებელი სამუშაოების, ანუ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ მედიამ უნდა იცოდეს და, საზოგადოების სხვა აქტიურ ნაწილთან ერთად, მუდმივად უნდა შეახსენებდეს მათ შესრულებას მთავრობას, რომელიც ყველა ქვეყანაში ბიუროკრატიული მართვისკენაა მიდრეკილიო, - ამბობს იარომირ ნოვაკი:

„თქვენთვის უმჯობესია ნაკლები ბიუროკრატია და ნაკლები კორუფცია. ამ ფენომენს უნდა ებრძოდეთ. ჩვენთანაც არის ეს ფენომენი და ჯერაც არ ამოგვიძირკვავს ის, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონს კორუფცია, აზროვნების ეს ძველებური სტილი, ჩვენში რუსეთთან მრავალწლიანი ურთიერთობის განმავლობაში რომ დამკვიდრდა. საჭიროა ჩვენი აზროვნებისა და ქცევის შეცვლა. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? ეს მოხდება მაშინ, თუ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა იმოგზაურონ ევროპაში და სხვა ქვეყნებში, თუ დააკვირდებიან მათ ცხოვრებას და იკითხავენ: დალახვროს ღმერთმა, კი მაგრამ, ამ ჩვენს ქვეყანაში რაღა ხდება? რატომ არ შეიძლება იმის გაკეთება აქ, რასაც ბელგიაში, საფრანგეთში, სლოვაკეთსა და სხვა ქვეყნებში აკეთებენ? ამის მიხვედრა, ასეთი შეკითხვების დასმა და დაფიქრება კარგი შესაძლებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დაიკარგება“.

იარომირ ნოვაკი, სლოვაკი ჟურნალისტი, ისევე როგორც მისი დანიელი კოლეგა ტომას ლაურიტზენი, ევროპელი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ღიად და პირდაპირ საუბრობენ ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების შანსებზე. თუმცა ორივე ჟურნალისტი ეთანხმება აზრს, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა პროცესები და რომ ევროკავშირი შეეცდება, უფრო მეტად დაეხმაროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ევროპულ ოჯახთან დაახლოებაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG