Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობა და თავისუფლება


ვართ თუ არა თავისუფლები 25-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ?

26 მაისის, როგორც დამოუკიდებლობის დღის არჩევით ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს ნარატივი წარსულისა და მომავალი საფრთხეების შესახებ: როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოვეყავით რუსეთის იმპერიას, რომელმაც სამი წლის შემდეგ ისევ დაგვიპყრო, ისე დავაღწიეთ თავი იმავე საუკუნის ბოლოს საბჭოთა იმპერიას; დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის იდენტიფიკაცია მისი აღნიშვნის თარიღშივეა ჩაწერილი.

მაგრამ საჭიროა ვთქვათ: დამოუკიდებლობა საშუალებაა იმისათვის, რომ თავისუფლები გავხდეთ. არა, დაპრყობილ საქართველოშიც იყვნენ ერთეული თავისუფალი ადამიანები, მაგრამ თავისუფლების მიღწევა იმდენად დიდ შრომას, ნიჭსა და გამართლებას მოითხოვდა, რომ შეუძლებელია, ეს თავისუფლება მასობრივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო (ცალკე საკითხია დღეს ზოგიერთის მიერ განცდილი წარსული თავისუფლების ილუზია იმის გამო, რომ 37 წლის რომელიღაც წლისთავს 37 მანეთად შეეძლო მოსკოვში გადაფრენა). ქვეყნის დამოუკიდებლობა ჩვენ სწორედ იმისათვის გვჭირდება, რომ მისი მოქალაქეების უმრავლესობას ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად იცხოვროს.

როგორც მამარდაშვილი ამბობდა, დამოუკიდებლობა იმისათვის გვინდა, რომ ჩვენი თავი დავინახოთ. დამოუკიდებლობა თავისუფლების პირობაა.

ჰოდა, ვართ თუ არა თავისუფლები?

მაგრამ არა, დამოუკიდებლობის თემას ასე ადვილად ვერ მოვიტოვებთ უკან. ბოლოს და ბოლოს, სწორედ დღეს ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენგან ამ დამოუკიდებლობის ფაქტობრივ გაქრობას მოითხოვენ; პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფები, რომლებიც უკვე ამბობენ, რომ შეჩვეული ჭირი უნდა გვერჩივნოს შეუჩვეველ დაპირებას.

დიახ, ქართულ საზოგადოებაში არსებობს პრობლემა, რომელიც საფრანგეთში ვიშის რეჟიმის პრობლემას მაგონებს: რატომ მოხდა, რომ დეკარტის ქვეყანაში აღმოჩნდნენ ნაცისტური ოკუპაციის მხარდამჭერები? ეს არ ყოფილა გერმანოფილობის ან უბრალოდ კონფორმიზმისა თუ ოპორტუნიზმის ბრალი. ვიშის რეჟიმს აცოცხლებდა ებრაელებისა და ლიბერალების, კაპიტალიზმისა და მოდერნულობის დიდი სიძულვილი, რომლითაც გამსჭვალული იყო 20-იანი და 30-იანი წლების ფრანგული საზოგადოების ნაწილი. სწორედ ამ სიძულვილმა გახადა შესაძლებელი ვიშის რეჟიმის არსებობა გერმანული ოკუპაციის პირობებში.

სწორედ ეს სიძულვილია, რაც მსგავსების შთაბეჭდილებას აჩენს. ჩვენშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც იმდენად სძულთ კონკრეტული უმცირესობები და აბსტრაქტული ლიბერალური ღირებულებები, რომ მზად არიან, რუსეთიც კი გამოიყენონ მათთან საბრძოლველად, თუნდაც ეს ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას გულისხმობდეს. ცნობიერად თუ არაცნობიერად ისინი საქართველოში ამზადებენ ვიშის რეჟიმს.

ეს ჰგავს ავტოიმუნურ დაავადებას, რომელიც თითქოს საზოგადოებას შეეყარა. მოგეხსენებათ, ავტოიმუნური დაავადების დროს იმუნური სისტემა ორგანიზმის რომელიღაც ნაწილს გარედან მოსულ ვირუსად აღიქვამს და უტევს მას. ამის მსგავსად, დღეს უტევენ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებს იმ საბაბით, თითქოს ისინი ქართული საზოგადოების ნაწილი კი არა, რაღაც გარედან მოსული მოვლენები იყოს. როგორც ავტოიმუნური დაავადება ანგრევს ორგანიზმს, ისე დაანგრევს ეს შეტევა საზოგადოებას. მათ შორის იმიტომაც, რომ ის აუცილებლობით გულისხმობს გარე ძალების ჩარევას შიდა პროცესებში.

გამოსავალი?

უკვე 25 წელია გვესმის გამოსავლის ფორმულა: „ერთ მუშტად უნდა შევიკრათ!“ მაგრამ სწორედ ერთიანობის ეს ფანტაზმია, რომელიც ხელს უშლის თანამედროვე საზოგადოების შედგომას საქართველოში. ფანტაზმის წარმოშობის ახსნა რთული არაა - ის საქართველოში არსებული ნდობისა და თანამშრომლობის გაბატონებული ფორმით აიხსნება.

ნებისმიერი საზოგადოება ეფუძნება ნდობას, რომელიც არსებობს მის წევრებს შორის. რაც საქართველოში ძალიან გვაკლია, ესაა ე. წ. დამაკავშირებელი (bridging) ნდობა, რომელიც შესაძლებელს ხდის თანამშრომლობას სხვადასხვა, განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენლებს შორის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უცხოსადმი უნდობლობა გამართლებულია, რაც საოცარ კონტრასტშია დასავლეთ ევროპაში ადამიანების ერთმანეთის მიმართ არსებულ ნდობასთან. 100-დან 82 ქართველი ამბობს, რომ უცხოს არ უნდა ენდო, მაშინ როდესაც 100-დან 65 სკანდინავიელისათვის უცხოს ნდობა ჩვეულებრივი რამ არის.

სამაგიეროდ ჭარბად გვაქვს ე. წ. „შემადუღაბებელი“ (bonding) ნდობა, რომელიც იქითკენ გვიბიძგებს, რომ ჩვენი ნათესავები, ახლობლები და მეგობრები ძალიან ახლო ძაფებით მივაბათ ჩვენს არა მხოლოდ კერძო, არამედ საჯარო ცხოვრებასთანაც. ჩვენი მიდრეკილება, მხოლოდ ახლობლებს ვენდოთ, იქითკენ გვიბიძგებს, რომ სამსახურში პროფესიონალ უცხოს არაკომპეტენტური მეგობარი ვამჯობინოთ, ორგანიზაცია ქსელებით ჩავანაცვლოთ, გავრიყოთ ყველა, ვინც ჩვენს ჯგუფს არ ეკუთვნის.

სწორედ აქაა იმის მიზეზი, რომ როდესაც გვინდა წარმოვიდგინოთ მთელი საზოგადოება, ჩვენ მას წარმოვიდგენთ დუღაბის მოდელის მიხედვით. სწორედ ამიტომაა, რომ გვინდა მთელი საზოგადოება ისეთი იყოს, როგორც ჩვენი საახლობლო ჯგუფია; სწორედ ამის გამოა, რომ ვერ წარმოგვიდგენია, რანაირად შეიძლება განსხვავებების მქონე და დიფერენცირებული სოციუმი, ამავე დროს, ძლიერიც იყოს.

ამიტომ რაც ჩვენ გვჭირდება, არის საზოგადოება მეტი ხიდითა და ნაკლები ცემენტით, საზოგადოება, სადაც ადამიანები უცნობებთან თანამშრომლობენ, სადაც ფორმალური ორგანიზაციები არაფორმალურ ქსელებზე არაა დამყნობილი, სადაც საჯარო და კერძო გამიჯნულია, სადაც ერთიანობა მიიღწევა არა განსხვავებების ხარჯზე, არამედ განსხვავებების ერთმანეთთან დაკავშირებით.

სწორედ ასეთი სივრცის შექმნის პროცესში შეგვეძლება ამაყად ვთქვათ, რომ მოპოვებულ დამოუკიდებლობას სწორად ვიყენებთ - თავისუფლებისათვის. ასეთ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანების ზეიმია, რომლებსაც ერთად ყოფნა ეამაყებათ და უხარიათ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG