Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტვიტერის გავლენა საზოგადოებრივ აზრზე


რაც უფრო მეტ ადამიანს შორის ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა სოციალური მედიის საშუალებით, მით უფრო მეტ გავლენას ახდენენ ისინი საკუთარ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. როგორც ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს ტვიტერის მაგალითზე, ამ პროცესს საკუთარი დინამიკა მოეპოვება. გამოკვლევის შედეგებმა შესაძლოა პოლიტიკოსებსა და სარეკლამო საქმის სპეციალისტებს დახმარება გაუწიოს იმის გაგებაში, თუ რატომ არის სოციალურ მედიაში ზოგიერთი კამპანია წარუმატებელი.

როგორც პეკინის ჯიაოტონის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ფეი სიონი ამბობს, როგორც კი ტვიტერის მომხმარებელთა შორის საზოგადოებრივი აზრი გარკვეულ დონეზე სტაბილიზდება, მისი შეცვლა ძალიან ძნელია. მან თავის კოლეგასთან, იუნ ლიუსთან ერთად შეისწავლა 2011 წლის პირველ ნახევარში ტვიტერით გავრცელებული ექვსი მილიონი ინგლისურენოვანი ცნობა. სპეციალური ალგორითმის მეშვეობით მათ ამ 140-ნიშნიანი ტექსტების ანალიზი ჩაატარეს სხვადასხვა საკვანძო სიტყვის მიხედვით, როგორებიცაა “iPhone 4”, “Blackberry” და “iPad 2”. ამის შემდეგ გაანალიზეს თითოეული ამ პროდუქტის შესახებ დადებითი და უარყოფითი მოსაზრებები. აღმოჩნდა, რომ ახალი პროდუქტის თაობაზე მოსაზრებები თავიდან ძალზე მერყეობდა, 10-20 საათის შემდეგ კი სტაბილური გაბატონებული აზრი მკვიდრდებოდა. ეს სტაბილურობა შენარჩუნებული იყო ახალი ინფორმაციის გამოჩენამდე.

სტაბილურობა იმით აიხსნება, რომ ამა თუ იმ თემაზე ტვიტების რიცხვი პირველი საათებისა და დღეების შემდეგ სწრაფად იკლებს. ამიტომ მკვლევართათვის ცნობების რაოდენობა კი არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ მომხრე ან მოწინააღმდეგე პოზიციის პროცენტული მაჩვენებელი.

მეცნიერთა თქმით, 10000-ზე მეტი მომხმარებელი ამა თუ იმ თემაზე მხოლოდ თითო ტვიტს აგზავნის. მაგრამ ზოგი ენთუზიასტი თემაზე დისკუსიას განაგრძობს და ასზე უფრო მეტჯერ აკეთებს კომენტარს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ „Blackberry“-ს შესახებ მოსაზრება თავდაპირველად სტაბილური იყო, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, ნაკლებ ინტერესზე მიუთითებს, რადგან თემა შედარებით მოძველებული იყო. „iPhone 4“-ის თაობაზე დადებითმა გამოხმაურებებმა თავიდან მკვეთრად იკლო, ხოლო „iPad 2“-ზე სწრაფად მოიმატა. საბოლოოდ კი ორივემ დადებითი გამოხმაურებების ერთსა და იმავე დონეს მიაღწია. მკვლევართა აზრით, ეს იმით აიხსნება, რომ ამ პროდუქტების მწარმოებელ კომპანია Apple-ს ლოიალური ფანკლუბი აქვს.

თავდაპირველი ორჭოფობა იმაზე მიუთითებს, რომ ტვიტერი მართლაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ფუნქციას ასრულებს. მაგრამ ნელ-ნელა სულ უფრო მეტად იზრდება მომხრეთა ან მოწინააღმდეგეთა ჯგუფის გავლენა, სხვები კი გავლენას კარგავენ. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძალზე იშვიათია შემთხვევები, როცა ვინმეს საკუთარი პოზიცია შეუცვლია.

მართალია, გაანალიზებული ტვიტები 2011 წლიდანაა, მაგრამ, გამოკვლევის ავტორების აზრით, იმავე შედეგს მოელიან აქტუალური მონაცემებითაც. ამავე დროს, მათი თქმით, ახალი ალგორითმით შესაძლებელი უნდა იყოს შინაარსის უკეთესი ანალიზი.

დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით ტვიტერს გამოიყენებს 241 მილიონი მომხმარებელი, რომლებიც დღეში დაახლოებით 500 მილიონ ცნობას აგზავნიან.
XS
SM
MD
LG