Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით გამოვარჩევთ პარტიებს ერთმანეთისგან არჩევნების წინ?


8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები რჩება. გარკვეული თვალსაზრისით, ეს უნიკალური არჩევნები იქნება საქართველოსთვის. ოთხი წლის წინ ხელისუფლება პირველად შეიცვალა არჩევნების გზით, მშვიდობიანად, რითაც მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით დემოკრატიული წყობისკენ. მომავალ არჩევნებზე კი პირველად გავხდებით იმის მოწმენი, რომ ბევრი პარტია შეეჯიბრება ერთმანეთს ისე, რომ მათთვის მთავარი განსახილველი თემა აღარ იქნება რეპრესიული რეჟიმის დამხობა. ბევრი თვალსაზრისით, „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ შორს დგას დემოკრატიული მენტალობისგან, რაც კარგად გვაჩვენა მოსამართლეთა ქცევამ „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვისას, კორცხელის ინციდენტმა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლამ თუ მათმა დაშინებამ, „პანორამისა“ და ბოტანიკური ბაღის ეპიზოდებმა, მაგრამ ვერც იმას უარვყოფთ, რომ საჯარო სივრცე დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე სააკაშვილის მმართველობისას იყო.

აქამდეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ვიდრე ქართულ პოლიტიკაში ირელევანტური არ გახდება ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული წესების დაცვის ელემენტარულ ნორმებზე კამათი, ჩვენ ვერ ჩავითვლებით დემოკრატიულ ქვეყნად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ინდექსში ჯერ კიდევ „ნახევრად თავისუფალ“ ქვეყნად ვართ მოხსენიებული. ამის მიზეზი მხოლოდ ის როდია, რომ ხელისუფლება პატივს არ სცემს პოლიტიკური ოპონენტებისა და სხვადასხვა სახის უმცირესობათა უფლებებს, არამედ ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ გავლენიან ნაწილში ჯერ კიდევ არის მოთხოვნა საჯარო სივრცის ტოტალიზების, ამ სივრციდან ოპონენტების მთლიანად განდევნისა და განადგურების (ამაზე მეტყველებს მოწოდებები „სამართლიანობის აღდგენის“ შესახებ, რაც ხშირად გულისხმობს არა დამნაშავეთა კანონიერად გასამართლებას, არამედ შურისძიების აქტის განხორციელებას).

ამავე დროს, დემოკრატიული თამაშის ამ ელემენტარულ წესებზე დავის პარალელურად, ქართულ პოლიტიკაში ნელ-ნელა ჩნდება სივრცე სხვა სახის მსჯელობისთვისაც. ძველსა და ახალშექმნილ პარტიებს რომ დავაკვირდეთ, ისინი უფრო და უფრო მეტად ორი სახის კაპიტალით იწონებენ თავს: თავიანთი იმიჯით და იდეებით. როგორც პირველი, ისე მეორე ისეთი პოლიტიკური მახასიათებლებია, რითაც დასავლურ პოლიტიკაში პარტიები და მათი კანდიდატები, როგორც წესი, ოპონენტებისგან გამოარჩევენ ხოლმე თავს. ჩვენში, რაკი აქამდე ფუნდამენტურ საკითხებზე უფრო ვდავობდით, ასეთ განსხვავებებს პარტიებსა და კანდიდატებს შორის ნაკლები ყურადღება ექცეოდა.

დღესდღეობით, მას შემდეგ, რაც შედარებით გაიხსნა პოლიტიკური და საჯარო სივრცე, დავიწყეთ პოლიტიკური ძალების გამორჩევა იმის მიხედვით, თუ ვის უფრო მეტი კომპეტენცია შეიძლება ჰქონდეს და ვის რა იდეები აქვს. იდეებსა და იდეოლოგიებზე, ძირითადად, ორი კატეგორიის ადამიანები ამახვილებენ ყურადღებას: ერთნი სოციალურ ქსელებში და ახალგაზრდულ მოძრაობებში აქტიურად ჩაბმული ახალგაზრდები არიან (ისინი განსაკუთრებით მემარცხენე-მემარჯვნე დაყოფებზე ამახვილებენ ყურადღებას), ხოლო მეორენი - ტრადიციონალისტები და ფუნდამენტალისტურ რელიგიურ ჯგუფებთან დაკავშირებული აქტივისტები (ისინი, ვინც იმ არგუმენტით ეწინააღმდეგება ევროპასთან საქართველოს დაახლოებას, რომ ეს ძირს გამოუთხრის „ქართულ ტრადიციებს“). მართალია, ეს ორი ჯგუფი დიამეტრულად საპირისპირო იდეებზე კამათობს, მაგრამ ორივეს აერთიანებს ის, რომ პოლიტიკოსების შეფასებისას მათთვის იდეების განხილვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული პროცედურების დარღვევაზე აქცენტის გაკეთება.

რაც შეეხება საუბარს პარტიებისა და კანდიდატების იმიჯებზე, ამაზე კომენტარები ამომრჩევლების თითქმის ყველა ფენისგან მომისმენია ან წამიკითხავს. როდესაც საქმე იმიჯს ეხება, ყურადღებას, ძირითადად, კომპეტენციებზე ამახვილებენ. მაგალითად, არაერთხელ გამიგონია, რომ წინა მთავრობის ჩინოვნიკები უფრო კომპეტენტურები იყვნენ, ვიდრე ახლანდელი მთავრობისა. კომპეტენციაზე საუბრებს დასავლურ პოლიტიკურ სივრცეშიც გაიგონებთ, მაგრამ შედარებით იშვიათად. ჩვენში, იმის გამო, რომ განათლების დონე ჯერ კიდევ ბევრად ჩამორჩება დასავლურს, პოლიტიკოსების დაყოფა კომპეტენტურობის მიხედვით ჯერაც აქტუალურია.

იმის მიუხედავად, რომ აქცენტის გაკეთება იდეოლოგიებსა და იმიჯზე გაცილებით უფრო ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პროცედურების დარღვევაზე, ზოგადი ტენდენცია მაინც ისეთია, რომ შეინიშნება პირველის როლის ზრდა მეორესთან შედარებით. ამის ნიშნები ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოკვეთილად მემარჯვენე-ლიბერტარიანული პარტიის, „გირჩის“ გამოსვლა. „გირჩი“, ფაქტობრივად, პირველი ქართული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც მწყობრ იდეოლოგიას ეფუძნება. მისი ლიდერები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ნაკლებად უნდა ერეოდეს საბაზრო ურთიერთობებში, აწესებდეს ნაკლებ გადასახადებსა და შეზღუდვებს, ნაკლებად უნდა გასცემდეს სოციალურ დახმარებას და მეტად ახდენდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას. მართალია, ჩემი მემარცხენე შეხედულებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, „გირჩის“ არც ერთ შემოთავაზებას არ ვეთანხმები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათი შეხედულებები ნამდვილად გარკვეული იდეოლოგიური დოქტრინის ნაწილია და არ არის ჰაერიდან მოტანილი იდეები.

არც ნაციონალურ მოძრაობას და არც „ქართულ ოცნებას“ მსგავსი იდეოლოგიური საფუძველი, რითაც ისინი თავს გამოარჩევდნენ ერთმანეთისგან, არ აქვთ. „ქართულ ოცნებას“, რომელიც თავს აქამდე მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიად თვლიდა, ჰყავს მემარჯვენე თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახით; ასევე, ამ ძალის დე ფაქტო ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ამ თემებზე სრულიად გაუგებარი და არათანმიმდევრული შეხედულებები აქვს (როგორც მის მიერ ბოლოს მიცემულმა სატელევიზიო ინტერვიუებმაც გვაჩვენა). რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მართალია ეს ძალა თავისი პოლიტიკით აშკარად უფრო მემარჯვენე-ცენტრისტულია, ვიდრე „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს მემარჯვენეობა არც მის შემთხვევაშია პარტიის რიტორიკის ცენტრალური ნაწილი. ნაციონალური მოძრაობის წევრები თავიანთ გამოსვლებში უფრო მეტად აკეთებენ აქცენტს „ოლიგარქის მოშორებაზე“, ვიდრე თავიანთ მემარჯვენე იდეებზე (რომელთა ნაწილიც, შესაძლოა, თავად ნაცმოძრაობის წევრებისთვისაც არ იყოს ბოლომდე გასაგები, რაც „გირჩის“ წევრთან სატელევიზიო კამათშიც გამოჩნდა).

შეიძლება დავასკვნათ, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული პოლიტიკა, ერთი შეხედვით, თითქოს უფრო მეტად ემსგავსება დასავლურ პოლიტიკას, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, მასში მაინც ჭარბობს არშემდგარი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი თვისებები. როგორც აღვნიშნეთ, ამ თვისებებს შორის ერთ-ერთი მთავარია ის, რომ პარტიების ერთმანეთისგან გარჩევა, უმთავრესად იმით ხდება, თუ რომელი უფრო წარმატებით წარმოაჩენს თავს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პროცედურების დამცველად, თავის ოპონენტს კი − ამ ნორმების დამრღვევად.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG