Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰაააააა!


სტუდენტობისას ბუნუელის ფილმები მაწვალებდნენ ხოლმე, სულ მინდოდა გამეგო, რატომ უყვარდა ასე ჭიანჭველები, ხოჭოები, კოღოები და რატომ გადაეკიდა ჯუჯებს. სულ მინდოდა ამეხსნა ბუნუელის მეტაფორების მნიშვნელობა. მერე წავიკითხე ლატავრა დულარიძის შესანიშნავი წიგნი ბუნუელზე და ყველაფერს მივხვდი - არაფერსაც არ ნიშნავს ეს აკვიატებები. უფრო სწორად, არაფრის სიმბოლო არაა, თორემ როგორ არ ნიშნავს. ბუნუელისთვის არ არსებობს მხოლოდ ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ბუნუელი კინემატოგრაფისტია, მისი თვალი ხედავს ახლოდან. მისი თვალი მიკროსკოპია. ის ხედავს მცირეს, უმნიშვნელოს.

ბუნუელს ბევრმა მიბაძა მერე. აგერ, კანის ფესტივალზე გამგზავრების წინ, ჩემთვის უკვე ტრადიციულ ფორიაქში, იმის შიშით, რომ რაღაც ჩამიშლის ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო დღეებს, კიშლოვსკის დეკალოგი გამახსენდა - მეორე სერიის დაუვიწყარი სახე - ჭიქაში ჩავარდნილი ფუტკარი, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობს. კიშლოვსკიმ თავისი გმირების დრამა მოულოდნელად გადაიტანა ამ ფუტკარზე, მასშტაბები შეცვალა იმისათვის, რომ ეთქვა - “მხოლოდ ჩვენ არ ვწვალობთ და მხოლოდ ჩვენ არ ვიტანჯებით!”

კანის წლევანდელი ფესტივალის ჯერჯერობით საუკეთესო ფილმის, “პატერსონის” ავტორი ჯიმ ჯარმუში სინეფილია. სულ იმეორებს რომ კინოს ისტორიამ ასწავლა ხელობა. ეტყობა, კინოს ისტორიამ ჩამოუყალიბა, ეს მიკროსკოპი-თვალი, რომელიც გაცილებით უფრო მეტს ხედავს, ვიდრე ვხედავთ ჩვენ. ხედავს და გვიჩვენებს. ხედავს და გვარწმუნებს, რომ ავტობუსის მძღოლიც კი, უსახო, არაფრით გამორჩეული ქალაქის, პატერსონის მკვიდრიც კი, შეიძლება იყოს დიდი პოეტი. უფრო მეტიც, ისე შეიძლება იცხოვროს, რომ არც არაფერი დაბეჭდოს, არც არაფერი გამოაქვეყნოს, მაგრამ წეროს გენიალური ლექსები და მერე ისე გაქრეს, რომ არავინ არაფერი გაიგოს მის შესახებ.

ესეც თქვენი მასშტაბების რღვევა. გადატანა დიდიდან მცირეზე, ხილულიდან უხილავზე. ესეც ჰოლივუდის მორიგი გამოწვევა, ჰოლივუდისა, თავისი ერთნაირი ბიოგრაფიული ფილმებით პოეტებზე, მხატვრებზე, პრეზიდენტებზე და, ცხადია, ათასნაირ სუპერგმირზე.

ჯარმუში ირჩევს სხვას - ფუტკარ-მძღოლს, რომლის გვარია პატერსონი და რომელიც ცხოვრობს ქალაქში, სახელად პატერსონი, რომელსაც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, დილით ადრე უხდება ადგომა, თავის მეგობარ გოგოსთან გასაუბრება ლოგინში (ქალი მას თავის სიზმრებს უყვება), შემდეგ ჯდება ავტობუსში, რომელიც ასევე ერთნაირად, ერთი მარშრუტით მოძრაობს (და მხოლოდ ერთხელ გაფუჭდება, რაც პატერსონის ცხოვრებაში იქნება “მნიშვნელოვანი მოვლენა”), საღამოს შეივლის ბარში, ერთ ჭიქა ლუდს დალევს, დაელაპარაკება თანაქალაქელებს და იძინებს. ჰო, მთავარი დამავიწყდა - პატერსონი სულ წერს, როცა გზაშია - ბლოკნოტში. კომპიუტერს არ ცნობს. არც მობილურ ტელეფონს ცნობს. საერთოდ, სხვა სამყაროდანაა თითქოს მოვლენილი ეს ცოტა არ იყოს სასაცილო პატერსონი.

ადამ დრაივერი ჯიმ ჯარმუშის ფილმ "პატერსონში"
ადამ დრაივერი ჯიმ ჯარმუშის ფილმ "პატერსონში"

მერე ამ ბლოკნოტს საყვარელი ძაღლი შეუჭამს. დათრგუნვილი და დამარცხებული გაეშურება ქალაქის ერთადერთი ღირშესანიშნაობისკენ, ჩანჩქერისკენ. აქ გაიცნობს იაპონელ პოეტს, რომელიც ცარიელ ბლოკნოტს აჩუქებს. გაესაუბრება პატერსონს და რამდენჯერმე, იმის საჩვენებლად, რომ უსმენს, თანაუგრძნობს და ესმის მისი, წარმოთქვამს მაგიურ სიტყვას “აჰაააა!”... “აჰაა... აი, რაში ყოფილა საქმე”.

ამ სიტყვას წარმოთქვამს მაყურებელიც. თავის გულში იმეორებს, “აჰააა!”... ჰიჩკოკთან რომ არის, ისე. ჰიჩკოკთან, რომერთან, ტრიუფოსთან, ჯონ ფორდთან... როცა რაღაცას ხვდები და ამბობ “აჰააა!”... ხვდები, გსიამოვნებს, რომ ხვდები... გსიამოვნებს, რომ შენც ხარ ცოტათი პოეტი.

ჯიმ ჯარმუშმა გადაიღო ძალიან კარგი ფილმი - გამჭვირვალე, ნაზი, სადა, როგორც იაპონური ტანკა. ტელესერიალების ესთეტიკით გაღარიბებულ კინემატოგრაფს დაუბრუნა კინოხელოვნება, პოეზია - როცა ეკრანი ფრესკას ემსგავსება, როცა უბრალო ხმაურიც კი მუსიკად აღიქმება და, რაც მთავარია, როცა მთელ კინოდარბაზს გადაეცემა ეს ჯადო, როცა დარბაზში ყველა ერთად ხდება პოეტი.

წელს ბერლინის კინოფესტივალზე შევამჩნიე ეს სიღარიბე, ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა გადაღებული იყო მსხვილი და საშუალო ხედებით. კინოდან გაქრა პეიზაჟი, გაქრა ქალაქი. კინოს აღარ აინტერესებს, როგორ იცვლება ადამიანი, როცა, მაგალითად, სვამს ჩაის, უყურებს მზეს და უსმენს ფოთლების შრიალს. კინოს აინტერესებს მხოლოდ, როგორ განვითარდება სიუჟეტი. კინოს აღარ აინტერესებს ფუტკრები და ჯუჯები. “ბერლინალეზე” ერთადერთი ჩინური ფილმი იყო, რომელშიც გამოსახულებამ სილამაზე შეინარჩუნა.

თანამედროვე კინოს “ანტიდოტის” გადაღება მინდოდაო - აღნიშნა ჯიმ ჯარმუშმა კანის პრესკონფერენციაზე, არ შეეშინდა იყოს “ძველმოდური” თავისი გმირივით, პატერსონივით... და საბედნიეროდ, მაინც მოახერხა მოეჯადოვებინა კანის პუბლიკა. “პატერსონს” დიდი შანსი აქვს, გაიმარჯვოს წლევანდელ ფესტივალზე.

არაერთხელ მითქვამს, კინორეჟისორი, თუკი ის მართლაც კინემატოგრაფისტია, ყველაზე უსახო ქალაქსაც კი გადააქცევს პოეტურ ქმნილებად, ყველაზე უსახო ქალაქშიც მიაგნებს განუმეორებელს. რატომღაც ზესტაფონი დავიჩემე... აი, რითია გამორჩეული ზესტაფონი? არაფრით? არ არსებობს ქალაქი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, რომ არ გამოირჩეოდეს რამით მაინც. მთავარია, გქონდეს მიკროსკოპი-თვალი. ფუტკარ-პოეტებს ყველგან დაინახავ. იმ ფუტკარ-პოეტებს, რომლებიც თავიანთ ქალაქებს და სიცოცხლეს ალამაზებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG