Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიბნელე, რომელიც აზროვნებას გვაიძულებს - მერაბ მამარდაშვილის გამოცდილება


„იმისათვის, რომ იყოს აზრი, საჭიროა სიბნელე, რომელიც აზროვნებას აიძულებს“ - ეს სიტყვები ეკუთვნის მერაბ მამარდაშვილს. ეს აზრი მამარდაშვილის ფილოსოფიური პოზიციაა, პრინციპი, რომელსაც მისი აზროვნება ეფუძნება. სიბნელის თემაზე, თუმცა სხვა, ერთი შეხედვით, თითქოს მხოლოდ ყოფითი მნიშვნელობით, მასვე ეკუთვნის ერთი ავტობიოგრაფიული აღიარებაც: „მე ვიღვიძებდი შავი გვირაბის ერთ-ერთ ყველაზე პროვინციულ ადგილას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით და სადაც არანაირი გამონათება არ იყო. ვგულისხმობ ჩემს ცხოვრებას თბილისში.“ თბილისია ის ადგილი, სადაც მამარდაშვილმა სიცოცხლის ბოლო, თანაც შემოქმედებითად ყველაზე ნაყოფიერი ცხრა წელი (1981-1990) გაატარა და ამ პერიოდში წაიკითხა თავისი უმნიშვნელოვანესი ლექციების ორი ციკლი პრუსტზე, რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევა, აგრეთვე „აზროვნების ესთეტიკა“ და სხვა მნიშვნელოვანი ცალკეული ლექციები თუ მოხსენებები. მიუხედავად ამისა, თბილისში დაბრუნება, სადაც მას სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ უცხოვრია, შავი გვირაბის ყველაზე პროვინციულ ადგილში გამომწყვდევად მიაჩნდა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ თბილისში დაბრუნებული მამარდაშვილის ნააზრევში ჩნდება სამშობლოს და დაბრუნების თემა, რომელიც თავდაპირველად წმინდად ფილოსოფიური რეფლექსიის საგანი იყო, შეიძლება ითქვას, რომ მამარდაშვილმა „პრუსტზე ლექციებში“ შექმნა ერთგვარი სამშობლოს მეტაფიზიკა, რომელთან დაბრუნებაც არა სივრცეში, არამედ დროში გამგზავრებით უნდა იყოს შესაძლებელი. ბოლო წლებში კი სიტყვა „სამშობლო“ მამარდაშვილის პოლიტიკური აქტივობის ლექსიკონში აღმოჩნდა, როდესაც მან 1989 წელს თავისი საბედისწერო ფრაზა - „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“ წარმოთქვა. ეს სიტყვები მის სამშობლოში მამარდაშვილის ყველაზე ცნობილ გამონათქვამად იქცა და მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოში მისდამი დამოკიდებულება: ნაციონალისტურმა ეიფორიამ, რომლითაც იმდროინდელი საქართველო იყო მოცული, მამარდაშვილი სამშობლოს გამყიდველად შერაცხა, ანუ იმად, ვინც სამშობლო ჭეშმარიტებაზე გაცვალა. ერთი წლის შემდეგ, პირველი მრავალპარტიული არჩევნების წინ, მამარდაშვილმა კიდევ უფრო გაამძაფრა თავისი პოლიტიკური პოზიცია, როდესაც განაცხადა, რომ „თუკი საქართველო ზვიად გამსახურდიას აირჩევს, მე მომიწევს ჩემი ხალხის წინააღმდეგ წასვლა“. მოგვიანებით, გამსახურდიასთან დაპირისპირებულმა საზოგადოების ნაწილმაც მამარდაშვილის სწორედ ეს ორი ფრაზა აიტაცა და ერთგვარ ანტიზვიადისტურ ლოზუნგებად აქცია. ამით საფუძველი ჩაეყარა მამარდაშვილის როგორც ნააზრევის, ასევე მისი პიროვნული პოზიციების სრულ გაპრიმიტიულებასა და დამახინჯებას: ნაციონალისტებისათვის ის სამშობლოს გამყიდველისა და მტრის ხატად წარმოისახა, ხოლო გამსახურდიას მოწინააღმდეგეთათვის ლამის საკუთარ პოლიტიკურ წინასწარმეტყველად. ამ ყველაფრის შედეგი კი ისაა, რომ, მიუხედავად მამარდაშვილის დადებითი თუ უარყოფითი ნიშნებით პოპულარობისა, ის თავის სამშობლოში ყველაზე მეტად წაუკითხავ და გაუაზრებელ მოაზროვნედ რჩება.

მამარდაშვილს სამშობლოში არ გაუმართლა, მშობლიური გარემო არ გადაქცეულა თავშესაფრად და შვების ადგილად. გარდა საქართველოში მისი არ- თუ ვერგაგებისა, თავად სამშობლოს თემა მისი აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე მეტად მტკივნეული და ტრაგიკული ნაწილია, სადაც ფილოსოფოსის პირადი გამოცდილება მეტაფიზიკურ კანონზომიერებად გარდაიქმნება. ამ კანონზომიერებას მამარდაშვილი „შეუძლებელ სიყვარულს“ უწოდებს. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მამარდაშვილმა პრუსტზე ლექციების დასაბეჭდად მომზადებულ ტექსტს დაურთო წინასიტყვაობა, რომელშიც ის თავის ქართველობაზე ლაპარაკობს: „ჩვენ ერთმანეთს მივეკუთვნებით და ეს არასდროს არ მოხდება. მე ქართველი ვარ და არ ვყოფილვარ ქართველი.“

მოსკოვში ცხოვრების პერიოდში მას საქართველო წარმოსახული ჰქონდა ერთგვარ მითიურ ქვეყნად, რომელსაც ის რუსულ-საბჭოთა გარემოს უპირისპირებდა: „ოცდაათი წელი ვცხოვრობდი და მწამდა, რომ ჩვენ, ქართველები ისეთი ბნელები არ ვართ, როგორც რუსები. [...] დავბრუნდი და აღმოჩნდა, რომ ეს ილუზია იყო, რომ მენტალური, ფსიქიკური, სიტყვიერი ხრწნის პროცესი მეტისმეტად შორს იყო წასული.“ მსგავს აზრს იმეორებს მამარდაშვილი თავის ერთ უკანასკნელ ინტერვიუშიც, სადაც ის ქართულ საზოგადოებაში ღრმად გამჯდარ სიბნელესა და სიცრუეზე საუბრობს.

სამშობლოთი გაწბილება მამარდაშვილისთვის ფილოსოფიური შემეცნების ახალ მამოძრავებელ ძალად იქცა. თუკი სამშობლო მისგან შორს მყოფი ფილოსოფოსისათვის წარმოსახული იყო დამთრგუნველი საბჭოთა რეალობის ალტერნატივად, ნახევრად ზღაპრულ სამყაროდ, რომელიც მის ბოლო იმედად რჩებოდა, ანუ ადგილად, რომელთანაც ის თავისი მონატრებით, ნოსტალგიით იყო მიბმული, მასთან დაბრუნებამ ამ ზღაპრული მხარის განჯადოება გამოიწვია. იმედები და მოლოდინები გაწბილებით დაუსრულდა. ასეთი მწარე გამოფხიზლების ფონზე შეიქმნა პრუსტზე ლექციები, რომელთა კითხვაც მამარდაშვილმა თბილისში დაბრუნებისთანავე დაიწყო. ამ ციკლის რამდენიმე მთავარი კითხვები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: რისი ნოსტალგია გვექაჩება და გვაბრუნებს წარსულში? რა გვენატრება, როცა მონატრებას განვიცდით? მამარდაშვილთან ამ კითხვებზე პასუხის ძიება მოგზაურობადაა გამოსახული და ის იწყება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ სცენებით, სადაც ჯოჯოხეთის კარზე აწერია, რომ აქ შემომსვლელმა, პირველ რიგში, იმედი გარეთ უნდა დატოვოს და შიში დაძლიოს.

იმედი მამარდაშვილთან ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური მნიშვნელობით დატვირთული სიტყვაა. ვერავინ, ვერცერთი გარეშე ძალა და ინსტანცია ვერ მოაგვარებს ჩვენს პრობლემებს. სანამ გარე ძალების იმედზე ვართ, არ დავბადებულვართ, რადგანაც დაბადება არა ბიოლოგიური ფაქტი, არამედ ის საკუთარი თავის შექმნაა, თანაც ისეთი მასალისაგან, რომელიც მისთვის ბუნებას არ მიუცია და ის მან პირადად უნდა გამოიმუშაოს. სხვა შემთხვევაში ადამიანი ემბრიონულ მდგომარეობაში რჩება. მაგრამ „დაბადებას“, ისევე, როგორც ნებისმიერ აქტს ცხოვრებაში, წინ ეღობება შიში იმისა, რომ ადამიანმა საკუთარი სულის უფსკრულში ჩაიხედოს, შიში იმის გაგებისა და გაცნობიერებისა, რაც სინამდვილეშია. „შიში არ უნდა გახდეს შენი მრჩეველი!“ - მოაქვს მამარდაშვილს დანტეს სიტყვები. „კარტეზიანულ მედიტაციებში“ მამარდაშვილი ამბობს, რომ შიში, ის, რაც გვაშინებს და უძლეველ ურჩხულებად მოგვაჩვენებს თავს, სინამდვილეში აჩრდილებივითაა, რომლებიც მაშინვე ქრება, როცა უკან კი არ დავიხევთ, არამედ გავბედავთ და მათი მიმართულებით გადავდგამთ ნაბიჯს. სხვა შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ აჩრდილებს, სიმულაკრებს და ყალბ ორეულებს ვხედავთ. შიში, იმედი და სიზარმაცე გვიმალავენ სინამდვილეს, როგორც საგნებისა და გარე სამყაროს, ასევე საკუთარი თავის შესახებ, ჩვენ საკუთარ ჯოჯოხეთს, რომლის გაუვლელადაც ჩვენი დაბადება შეუძლებელია.

ჯოჯოხეთი არაადამიანური სამყაროა, თავისუფალი ადამიანური სტერეოტიპებისა და რწმენა-წარმოდგენებისგან. ჯოჯოხეთური შემზარაობის წარმოსაგენად მამარდაშვილი ქმნის ასეთ ხატს: „ჯოჯოხეთია, როდესაც ჩვენ მიჯაჭვული ვართ, ხოლო ჩვენ თვალწინ აუპატიურებენ ჩვენს შეყვარებულს, ჩვენი კეთილშობილი გრძნობებისა და მდგომარეობების იდეალს.“ მაგრამ სწორედ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნა გვაიძულებს აზროვნებას, ბადებს აზრს. ამ კონტექსტში შემოაქვს მამარდაშვილს სიბნელის, როგორც აზრის გაჩენის, შემეცნების აუცილებელი პირობის მეტაფორა. სიბნელე - ესაა ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, ცოდნის შეუძლებლობა, როცა ცოდნის მეშვეობით შეუძლებელია ქმედება. ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა შეყვარებულობა, ან მონატრება, ვერ გავიგებთ თავად სიყვარულისა თუ მონატრების საგნის თვისებებიდან გამომდინარე. არავინ გვიყვარდება მისი თვისებების გამო, ან არ გვენატრება სამშობლო, იმის გამო, რომ სამშობლო უნდა გვიყვარდეს. ასეთი დამოკიდებულება მკვდარი, აზრისგან დაცლილი სტერეოტიპებითაა განპირობებული. თავად მონატრების საგანიც რაღაც სხვა სულიერი მდგომარეობის კრისტალიზებული, გასაგნებული ფორმაა, რომელთან შეხებაც მონატრებულს ხელახლა ვერ განგვაცდევინებს. სამშობლოში დაბრუნება იმ იმედით, რომ მონატრებულ განცდას დავიბრუნებთ, მხოლოდ გაწბილებით დასრულდება, თუ ჩვენ მიერ უკვე ერთხელ განცდილს, ურომლისოდაც არსებობა არ შეგვიძლია, თავადვე ხელახლა არ შევქმნით.

სამშობლო, როგორც მატერიალური მოცემულობა, ან ვალდებულებათა ჯამი, არ არსებობს. მამარდაშვილი ფილოსოფოსს ჯაშუშს ადარებს და მას „უცნობი სამშობლოს მოქალაქეს“ უწოდებს. თუმცა ეს „ნაცნობი“ სამშობლოს უარყოფასთან ან ვულგარულ კოსმოპოლიტიზმთან არ იგივდება, რამდენადაც „სამყაროს მოქალაქეობაც“ ისეთივე ზოგადი და უპიროვნო მოცემულობაა, როგორც იდეოლოგიებით ნაკარნახებ ვალდებულებად ქცეული სამშობლოს თაყვანისცემა. სამშობლო, ისევე, როგორც ნებისმიერი საგანი, რომელთანაც ადამიანი ძლიერ ემოციურ კავშირში იმყოფება, იმდენად შეიძლება არსებობდეს და განიცდებოდეს, რამდენადაც ის მასში ხელახლა იქმნება და ინდივიდუალური განცდის მეშვეობით თავიდან იბადება. „ფილოსოფოსები და პოეტები - ისინი, რა თქმა უნდა, ჯაშუშები არიან. ისინი ყოველთვის უცხო ქვეყანაში იმყოფებიან და რაღაც სხვა რამეს წარმოადგენენ.“ მამარდაშვილის აზრით, ნამდვილი კულტურა და სულიერება არ დაიყვანება იმ ეთნიკურ მასალამდე, რომლითაც ის იქმნება. შექსპირი არ არის გენიალური იმიტომ, რომ ის ინგლისელია. შექსპირის გენიალურობა მისი განუმეორებლად ინდივიდუალური სამყაროს ხედვისა და ქმნის უნარია, რომელიც პირდაპირაა მიბმული უნივერსალურზე, რამდენადაც უნივერსალურ ღირებულებად შეიძლება მხოლოდ პიროვნული გამოცდილება იქცეს და არა დაწესებული და საყოველთაოდ მიღებული ზოგადი ნორმა, რომელიც პიროვნულ საწყისსაა მოკლებული.

პიროვნულობის განადგურების მეტაფორად მამარდაშვილს ჯვარცმა შემოაქვს: „ქრისტე იქნა ჯვარცმული საკუთარსავე ხატზე იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მისგან სრულიად განსაზღვრულ ქმედებებს ელიან, სასწაულებს ითხოვენ მისგან.“ ხატის შექმნა ადამიანის დუბლირებას ნიშნავს. სხვების მიერ შექმნილი ორეული იკავებს პიროვნების ადგილს, რომელსაც აკერპებენ, თაყვანს სცემენ, ადიდებენ, ან გმობენ და შეაჩვენებენ. თუმცა ყოველივე ამას არაფერი საერთო თავად ამ პიროვნებასთან და მის ნააზრევსა თუ ნამოქმედართან არა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ თავად მერაბ მამარდაშვილსაც, სულ ცოტა, საქართველოში, ასეთივე ბედი ეწია: მას ან, უფრო სწორად, მის ორეულებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების სახით ციტირებენ მისი თაყვანისმცემლებიც და მგმობელებიც. ამგვარ ვნებათა ორომტრიალში ის კვლავაც უცნობ მოაზროვნედ რჩება, ისევე, როგორც მისი ცხოვრებისეული გამოცდილება - ბნელი გვირაბის ყველაზე პროვინციულ და გამონათების პერსპექტივის გარეშე მყოფ ადგილში გამომწყვეულმაც კი შეძლო ის, რასაც მამარდაშვილი სრულიად მისტიკური კატეგორიებით გამოთქვამდა: „საკუთარი თავის გაზავება, სამყაროში საკუთარი გაზავებულობისა და მასთან მთლიანობის განცდა [...] როდესაც ფილოსოფოსი ან პოეტი საკუთარ სულს უნივერსალურ სულში ცვლის.“

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG