Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი, კაცი და ნიანგი


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) 1990 წელს ცვლილებები შეიტანა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში და ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა სიიდან. ის შეფასებულია, როგორც განსხვავებული სექსუალური ქცევა და არა დააავადება.

არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამ წერილის დასრულებას. ისიც არ ვიცი, რა აზრი აქვს. უბრალოდ, გამახსენდა, რომ იმის მსგავსი, რაც რადიო თავისუფლების საიტზე გამოქვეყნდა, რომელიმე სხვა ჟურნალ-გაზეთში რომ დაბეჭდილიყო, აუცილებლად გამოვეხმაურებოდი.

პრობლემას ის ქმნის, რომ "თავისუფლების დღიურები" მოწვეული სტუმრის თავისუფალი მონოლოგია, რომელიც ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე გადის ეთერში. ამ ადამიანებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ჩვენი სინამდვილის მიმართ. მაგრამ პრობლემას ისიც ქმნის, რომ დღიურები ქვეყნდება რადიოში, რომელიც დღიდან თავისი დაარსებისა ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის, რომლის „მაუწყებლობა და პუბლიკაციები არ უნდა შეიცავდეს მასალას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს ძალადობის გამჩაღებლად ან წამქეზებლად.“

ახლა გადავხედოთ ბატონი ექიმის დღიურებს. არ შევიმჩნიოთ ის, რომ თავისი კლინიკის უფასო რეკლამას ცდილობს (თანამედროვე მედიცინაში არარსებული სამსახურით), არღვევს სამედიცინო ეთიკას (რადგან მის პაციენტს თავისუფლად შეუძლია ამოიცნოს თავი და დაინახოს, როგორია მისივე ექიმის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ), თავი დავანებოთ ამ კომპიუტერულ თამაშებს, „ერევნებს“ და 100 ლარით შვილის მოქრთამვის სრულიად უგემოვნო ისტორიას. ყურადღება შევაჩეროთ, აი, ამ ციტატაზე:

„ვთანხმდებით, რომ პირველი სწორი ნაბიჯი იქნება, რომ მის შვილს ქალი მოვასინჯვინოთ. ეს ჩვენი შეთქმულებაა და ვადებინებ პირობას, ისე მოიქცეს, როგორც მე ვეტყვი. ის მთანხმდება. დედას ვუშვებ ოთახიდან და შემომყავს ბიჭი. ვეკითხები, რა უნდა? მპასუხობს, რომ არაფერი არ უნდა. ვეკითხები, რომ სულ უნდა, პასიურ როლში იყოს? რა თქმა უნდა არა, მაგრამ არ გამოსდის. ვეკითხები, უნდა თუ არა, რომ შვილი ჰყავდეს? მპასუხობს, რომ უნდა. ვპასუხობ, რომ მე შემიძლია ისეთი მეთოდი ვასწავლო, რომ გარანტირებულად შეძლებს აქტიური როლის თამაში გინდა კაცთან, გინდა, ქალთან, გინდა ნიანგთან. თვალები ენთება. მე ვამატებ, რომ по ходу ბავშვის გაკეთებასაც შეძლებს, ოღონდ ამისთვის ჯერ ცოტა ქალებზეც უნდა წაივარჯიშოს. ვეძახით დედას და ამბავს ვატყობინებთ, რომ გავდავწყვიტეთ ქალთან მოვსინჯოთ, ოღონდაც ამისთვის ჯერ საჭიროა „ლიგაში“ 4-5 დღე წამკურნალება. საბოლოოდ დედა ბედნიერია, შვილი − ახალი შესაძლებლობების შანსით დაიმედებული, მე კი კიდევ ერთ ჰომოსექსუალს ბისექსუალური არჩევანის შანსი მივეცი.“

ამ დღიურის გამოქვეყნების შემდეგ ბატონ ექიმს არაერთი დედა „მოუთრევს“ თავის შვილს. მამებმა, ალბათ, ხელი ჩაიქნიეს; „ბოზებში“ წაყვანამ არ უშველა და გადააბარეს დედას, რომელსაც „ლიგა“ სასწაულს ჰპირდება. თან მხოლოდ და მხოლოდ 5 დღეში! რას უნდა ველოდოთ ამ 5 დღეში? ეტყობა, მაინც არ სურს ბატონ ექიმს, გათქვას თავისი პროფესიული საიდუმლო; ჩვენც იძულებულები ვართ, გადავხედოთ ისტორიას - გავიხსენოთ ამერიკელი რეჟისორი აიტერსონ ტოსკანო, რომელმაც 30 000 დოლარი დახარჯა „მკურნალობისთვის“ და რომ ვერ იქცა ჰეტეროსექსუალად, ეკლესიას მიმართა. „დემონებისგან განდევნაც“ არაეფექტიანი გამოდგა - ცხოვრების წესი კი შეიცვალა, მაგრამ სიზმარში ისევ ჰომოსექსუალად რჩებოდა. იქნებ ჯობია, „მკურნალობის“ სხვა მეთოდები გავიხსენოთ? ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი ხომ არა, სადაც ჰიმლერის მითითებით მამაკაცის ჰორმონებით ამდიდრებდნენ ჰომოსექსუალებს? ელექტროშოკი? ამის ტრადიციაც არსებობს, ოღონდ 50-იან წლებში: უჩვენებდნენ შიშველი მამაკაცის ფოტოებს და დენს უშვებდნენ თავში... საროსკიპოებიც შეიძლება. მამამ თუ არ გაამართლა, ექიმს თავისი ასისტენტები უთუოდ ეყოლება.

რა შეიძლება მოგვიტანოს ასეთმა „მკურნალობამ“? დიახ, რა შეიძლება მოუტანოს ყოველ ჩვენგანს? რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას?

1. „ნამკურნალები ყმაწვილი“, რომელსაც თავისი იდენტობა წაართვეს, გადააკეთეს და დაანგრიეს, ცხადია, მოვა „რომელიმე 17 მაისს“ ტაბურეტკით ხელში; მოვა იმიტომ, რომ თავის სიძულვილს მოძალადე დედის, მოძალადე შვილის, კულტურის, ქვეყნის და პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ, აუცილებლად სხვაზე გადაიტანს. ის უკვე ღრმადაა დარწმუნებული, რომ ავად იყო და რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა. ჰოდა როგორ არ შეუერთდება იმათ, ვინც ზუსტად მასავით ფიქრობს?! მართალია, დროდადრო, სიზმარში ისევ ესიზმრება შიშველი ბიჭები, უფრო მეტიც, ეაკულაციასაც ვერაფერს უხერხებს, მაგრამ „ექიმმა უთხრა“, რომ ეს ეტაპია - დაქორწინდება, ბავშვები ეყოლება და იცხოვრებს ბედნიერად.

2. „ნამკურნალები ყმაწვილი“ დაქორწინდება და მოვა პოლიტიკაში. ძალაუფლება რომ ექნება, იმასაც მოახერხებს, რომ დროდადრო, კონსპირაციულ ბინებში ყმაწვილები მიიპატიჟოს და გაერთოს ცოტა. აკი გვითხრა „ექიმმა“, ჰომოსექსუალს ბისექსუალად გადავაქცევო. ჰოდა, ხანდახან ხომ უნდა დაიკმაყოფილოს ახლა უკვე „ბისექსუალური ვნებები“? და ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში არაფერი იმალება, ეს ჩვენი პოლიტიკოსი შეიძლება მოკლან კიდეც და მერე საზოგადოებას მისი ორიენტაცია გაახსენონ, რათა არავის არ ჰქონდეს ეჭვი - აბა რამდენი ადამიანი განიცდის ამ ქვეყანაში ჰომოსექსუალის მკვლელობას? მით უმეტეს, რომ აგერ ექიმმაც ამაყად გვიამბო, როგორ მოკლა ჰომოსექსუალი ახალგაზრდა კაცში და როგორ „გადააკეთა“ ძვირფასი დედის თანხლებით.

დარწმუნებული ვარ, საქართველოში დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას წავიკითხავთ როგორც არარეალიზებული სექსუალობის ისტორიას. ასევე დათრგუნული სექსუალობის ისტორიას. ერთი პრობლემაა ადამიანი, რომელიც ვერ ხდება ბედნიერი, რადგან გარემოს, სოციუმის, მშობლების, თუ კულტურის გავლენით თავისი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს. მაგრამ მეორე პრობლემაა არარეალიზებული თუ დათრგუნულ-შეშინებული პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში მოდის სწორედაც რომ იმ „სიხარბის“ დასაძლევად, რასაც მისი სექსუალური კონსტიტუცია უქმნიდა. ჰოდა აბა როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას, როგორ უნდა დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია, როცა საკუთარ კონსტიტუციას და იდენტობას ღალატობს? უნდა კი ქვეყანას ეს არარეალიზებული, შეშინებული ადამიანები მმართველად? როგორ აბარებს ძალაუფლებას ხალხს, რომელსაც საკუთარი თავის ეშინია?

3. ყველაზე მთავარი: დაქორწინდება და შვილები ეყოლება.

ხუთ დღეში „ნამკურნალებს“, ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ ეყვარება ცოლი. ერთ მშვენიერ დღეს თუ ნერვებმა უმტყუნა, შეიძლება სწორედ უბედური ქალი გახდეს მისი დათრგუნული აგრესიის მსხვერპლი. ვინ-ვინ და „ლიგაგავლილ“ ყმაწვილს არასდროს დაავიწყდება, როგორ „გადააკეთეს“... და ახლა, დაქორწინებულმა, ვისზე უნდა იძიოს შური, თუ არა ოჯახის წევრზე?

ასე შეიძლება "ლიგაგავლილმა" ყმაწვილებმაც შეიტანონ წვლილი ოჯახში ძალადობის ისედაც გახშირებულ პრაქტიკაში. და ვინ იქნება ამ სიძულვილის მოწმე? ცხადია, ბავშვები. ამ ქვეყნის მომავალი. ის ბავშვები, რომლებიც უსიყვარულობის, სიძულვილის, უბედური მშობლების სივრცეში გაიზარდნენ... გაიზარდნენ იქ, სადაც „100 ლარად“ კოცნას სთავაზობდა ოჯახის წევრი.

მერე ეს ბავშვები მოვლენ პოლიტიკაში, ერთმანეთს დაერევიან... და „по ходу“ ვიცხოვრებთ სულ სიძულვილში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG