Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პასტიში” ჰომოსექსუალობაზე


(წერილები კანიდან - 2)

პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სპეციალისტი ფრედერიკ ჯეიმისონი თანამედროვე კულტურის კვლევისას მუდმივად ცდილობს, ჩაანაცვლოს სიტყვები “სტილიზაცია”, “პაროდია” სიტყვით “პასტიში”... “პასტიში” უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მიბაძვა, რომელიმე დიდი ავტორის სტილის უტრირება. და მით უფრო მეტია, ვიდრე პაროდია. “პასტიში” არ გულისხმობს ირონიას იმის მიმართ, რასაც აღადგენ, არც ბრეხტისეულ დისტანციას. “პასტიში” კულტურას მთლიანად აშორებს რეალობას და აქტუალურს ხდის იმას, რაც ნამდვილად იყო აქტუალური (ან პოპულარული) წარსულში, მაგრამ დღეს ამ კონკრეტულ დროსა და სივრცეში მოძველდა. გაგახსენებთ, რომ თავის დროზე პოსმოდერნიზმის კრიტიკოსებმა მასკულტურის ოსტატთა მზაკვრობად მონათლეს, მაგალითად, ამერიკული მიუზიკლი “მუსიკის ჰანგები”... უფრო მეტიც, ბობ ფოსის “კაბარეც” კი.

“რეტრომოდამ”, ანუ მოდამ პასტიშზე აღადგინა ფაშიზმის ეპოქის “დიზაინი” და ჰოლოკოსტის ტრაგედიაც კი მასკულტურას, თანაც ძალიან მაღალი დონის მასკულტურას დაუმორჩილა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთს არა იმდენად თემები თუ სტილები, არამედ ვნებები შემოაკლდა. მასკულტურას მოსწყინდა პოსტმოდერნიზმის ხანაში და ისტორიის, უფრო სწორად, ვნებიანი ისტორიის... პირდაპირ ვთქვათ... გაყიდვა დაიწყო.

უცნაური დამთხვევა მოხდა - ჩემი ერთ-ერთი პირველი ფილმი კანის წლევანდელ კინოფესტივალზე აღმოჩნდა სწორედ პასტიში ჰომოსექსუალობის თემაზე. 17 მაისის საქართველოდან გადმოვფრინდი 18 მაისის ევროპაში და რეალობიდან - ჰომოსექსუალებისთვის კი შეიძლება ითქვას სასტიკი რეალობიდან (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩემი მეგობარი 2015 წლის 17 მაისს თემის “გამარჯვებად” მიიჩნევს) - პირდაპირ აღმოჩნდი კინობაზრობის დარბაზში, სადაც კანის ფესტივალის ამერიკულ საკონკურსო ფილმს, ტოდ ჰეინსის “კეროლს” უჩვენებდნენ - რეტროდრამას ლესბოსურ სიყვარულზე, პატრიცია ჰაისმითის რომანის ეკრანიზაციას.

17 მაისის თბილისიდან ლესბოსური ფილმის სანახავად რომ მიდიხარ, თანაც როცა ღამე ნამგზავრი და უძინარი ხარ (და როცა უძინარს თვითმფრინავში ლეპტოპი გრჩება, ერთადერთი ტექსტით წიგნისთვის ერიკ რომერზე*), როგორც არ უნდა მოიხიბლო კანის მზითა და პალმებით, მაინც მოელი ტრაგიკულ, ან თუნდაც მელოდრამატულ ისტორიას შეუწყნარებლობასა და უმცირესობათა დისკრიმინაციაზე. მით უმეტეს, რომ იცი - “კეროლის” მოქმედება 50-იანი წლებში ხდება. იმ დროში, როცა ამერიკელებიც არბევენ ჰომოსექსუალებს (და ზოგჯერ “ტაბურეტკებზე” უფრო საშიში იარაღით), როცა ჰოლივუდის არაერთი სახელგანთქმული ვარსკვლავი იძულებულია, დამალოს თავისი ორიენტაცია, რათა მერე უარი აღარ უთხრან გაპრანჭული, წითელტუჩება მაჩოს როლებზე - აი ისეთებზე, კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ამერიკელ რეჟისორს, დაგლას სირკს რომ უყვარს.

ტოდ ჰეინსი არასდროს მალავდა, რომ დიგლას სირკი მისი კერპია და თავისი სახელგანთქმული ფილმი “შორს სამოთხიდან” (2002) მან სწორედ სირკს მიუძღვნა - უფრო სწორად, მიმართა რა სირკის 50-იანი წლების დიზაინს, სირკის საყვარელ ჟანრს, “საპნის ოპერას”, ჰეინსმა წინ წამოსწია თემა, რომელსაც სირკი მხოლოდ გაკვრით ეხებოდა - ჰომოსექსუალობა და საზოგადოება. საბოლოოდ მივიღეთ მშვენივრად სტილიზებული ფილმი, რომლესაც 11 სექტემბრის შემდგომი ამერიკისთვის უნდა გაეხსენებინა, რომ ოჯახი სულაც არაა ის ერთადერთი და უმაღლესი ღირებულება, რომელსაც წლების მანძილზე ამკვიდრებდა ჰოლივუდი (“ოჯახის სიწმინდეც” ცხადია).

“კეროლში” ხელახლა გათამაშდა ეს თემა. მაგრამ ძალიან, ძალიან უცნაურად. ქალების რომანი (დაოჯახებული დიასახლისის და სუპერმარკეტის მოლარისა) ისე იწყება, ისე ვითარდება, თითქოს არა 50-იანი წლების ამერიკას, არამედ 21-ე საუკუნის დანიას, ანდა ჰოლანდიას ვხედავდეთ. ლესბოსული სიყვარული არავის აკვირვებს. რაიმე აგრესიის გამოხატვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. და სწორედ ესაა “კეროლის” მთავარი ტრიუკი - სასიყვარულო დრამისგან ელი ერთს და იღებ სულ სხვას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ავტორმა უბრალოდ აიღო და გადაიტანა ობამას ამერიკა 50-იან წლების ამერიკაში. ამ ეფექტმა კანში, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იმუშავა - ფესტივალის პირველი ნახევარი დასრულდა, მაგრამ ეს ფილმი ლიდერობს ყველა გამოკითხვაში. ჰეინსის ფილმის წარმატებას, ცხადია, ხელს უწყობენ მსახიობები და საოცრად ლამაზი გამოსახულება, ასევე წარმოდგენილი “პასტიშის” ეფექტით - რჩება შთაბეჭდილება რომ ვუყურებთ სირკის ახალ ფილმს, ოღონდ გადაღებულს არა ფირზე, არამედ ვიდეოზე.

“კეროლით” აღფრთოვანებული კანის პუბლიკა, ცხადია, მოძველებულად მიიჩნევდა ფილმს ჰომოფობიასა და ლესბოსელი ადამიანების დისკრიმინაციაზე. მეეჭვება იმ ხალხმა, ჰეინსის “პასტიში-შოკოლადით” რომაა მოხიბლული, იცოდეს, რომ სადღაც საქართველოში ჰომოფობებს კვლავაც არ უნდათ იმის გაგება, რომ 17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა, და, საერთოდ, არ უნდათ იმის გაგება, რომ დედამიწა მრგვალია.

კანში თითქმის ყველა ერთად უწინასწარმეტყველებს “კეროლს” ფესტივალის მთავარ პრიზს, „ოქროს პალმას“. ერთადერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს სურათს (ცხადია, თუ ფესტივალის მეორე ნახევარში აქ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა) არის თავად კანის ფესტივალის ისტორია. აქ, როგორც წესი, არ უყვართ ერთსა და იმავე თემებზე ფილმების ხშირი დაჯილდოება და, საერთოდ, მხარს უჭერენ მრავალფეროვნებას. ლესბოსური სიყვარულის ვნებების ეკრანული ვერსია, ოღონდ ფრანგულ-არაბული, „ადელის ცხოვრება“ კი სულ ახლახან აღინიშნა “ოქროს პალმით”. ერთი განსხვავებით - ფრანგულ ფილმში ვნებები ბობოქრობს, ამერიკულში კი სტილი, დიზაინი. ვნება კი არა, აქ გრძნობებიც რაღაცნაირი გაყინულია. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს მოსწონს დღეს კანის პუბლიკას. მოეწონებათ თუ არა ეს გაყინულობა ჟიურის წევრებს და პირველ რიგში ცინიკური იუმორით ყოველთვის გამორჩეულ ძმებ კოენებს, ამას მხოლოდ კვირას შევიტყობთ.

* „თურქეთის ავიახაზებმა“ თვითმფრინავში დარჩენილი ლეპტოპი დამიბრუნა. თან დააყოლეს - ეტყობა, ძალიან გეჩქარებოდათ კანშიო.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG