Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმი vs. ორიენტალიზმი


თავდაპირველად გავიხსენოთ ერთი გამორჩეულად ცნობილი სცენა 1942 წელს გადაღებული ამერიკული ფილმიდან „კასაბლანკა“: ფილმში მოთხრობილი ამბავი ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის კოლონიის, მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში. საფრანგეთი ოკუპირებულია გერმანელი ნაცისტების მიერ. საფრანგეთის ხელისუფლება, ეგრეთწოდებული „ვიშის რეჟიმი“, ოკუპანტებს ემორჩილება. კასაბლანკის ერთ რესტორანში ნაცისტი ოფიცრები გერმანულ სიმღერას მღერიან, რასაც ფრანგები ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვამენ. ამ დროს კასაბლანკაში მყოფი წინააღმდეგობის მოძრაობის ერთი აქტივისტის ინიციატივით ფრანგები იწყებენ საფრანგეთის ჰიმნის, „მარსელიეზის“ შესრულებას, რომელიც გერმანულ სიმღერას გადაფარავს. ეს ამაღელვებელი კინოსცენა, მთელი თავისი დრამატიზმითა და პათოსით, ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს ჩრდილავს და მეხსიერებიდან აქრობს, თანაც ისე, რომ მნახველს საერთოდ არ ახსენდება, რომ ფილმში ნაჩვენები ამბავი მაროკოში ხდება და არა საფრანგეთში. მაროკო ამ დროს საფრანგეთის კოლონიაა, ანუ საფრანგეთის მიერაა ოკუპირებული. საფრანგეთი ისეთივე დამპყრობელია, როგორიც გერმანია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კოლონიური ქვეყნის ადგილი ისტორიაში არ თავსდება, ის უბრალოდ გეოგრაფიული ერთეულია, სხვების, უცხო ქვეყნების ურთიერთდაპირისპირების დრამის სათამაშო სივრცე, რომელიც არ გამხდარა „ისტორიის სუბიექტი“, გათამაშებული დრამის თანამონაწილედ რომ ქცეულიყო.

მაყურებელი მხოლოდ იმ ქვეყნებს და მათ ადამიანებს თანაუგრძნობს, რომლებიც ისტორიას წერენ. ისტორიის წერა კი გამარჯვებულთა პრივილეგიაა, რომლებიც „სიმართლის“ საკუთარ ვერსიას ქმნიან და ამკვიდრებენ. გამარჯვებულობაში არა მხოლოდ კონკრეტული საბრძოლო ან პოლიტიკური გამარჯვება იგულისხმება, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის ჰეგემონიური მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან თუ ხალხებთან მიმართებაში. საქმე ეხება, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოებს, რომლებიც მთლიანობაში განასახიერებენ იმ ცივილიზაციას, რომელსაც „დასავლეთი“ ეწოდება.

დასავლურ ცივილიზაციას არა მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობა, ტექნიკური პროგრესი, დემოკრატია, პარლამენტარიზმი, ლიბერალიზმი, ადამიანის უფლებები, სოციალური სახელმწიფოს იდეალები, ემანსიპირებული ქალები, გეიაღლუმები, რელიგიური ტოლერანტობა და სხვა სიკითეები უკავშირდება, არამედ სამხედრო ექსპანსიონიზმისა და კოლონიური პოლიტიკის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რამაც ამ ცივილიზაციას სამყაროში ჰეგემონიური მდგომარეობა შესძინა. დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების საფუძველი უმანკო ფორმულირებით რომ გამოვხატოთ, „ახალი გეოგრაფიული აღმოჩენებით“ დაიწყო, რაც სინამდვილეში სასტიკი და მძარცველური კოლონიალიზმის დასაწყისი იყო, რომელსაც თან ახლდა ადგილობრივი კულტურების ნაწილობრივი ან სრული განადგურება. კოლონიალიზმი, ისევე, როგორც მისი თანამედროვე გამოვლინება - ნეიკოლონიალიზმი, ყველა თავისი ატრიბუტითა და სახეცვლილი თუ სახეუცვლელი გამოვლინებებით – ესაა დასავლური ცივილიზაციის ბნელი და სამარცხვინო მხარე.

გარდა იარაღით ძალადობისა, კოლონიალიზმის ნაწილი იყო კულტურული ჰეგემონიის პოლიტიკა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის ველურებად ან ეგზოტურებად გამოსახვას, ხოლო კოლონიზატორის აღმატებულ კულტურად წარმოჩინებას გულისხმობდა. ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, უფრო ადრე ესპანეთი და პორტუგალია, მოგვიანებით კი გერმანია საკუთარ იმპერიულობას და ექსპანსიურ პოლიტიკას წარმოსახავდნენ ცივილიზატორულ მისიად, რომლისაც თავადაც სჯეროდათ და დაპყრობილ ხალხებსაც აჯერებდნენ.

იმპერიულობა საკუთარი კულტურის აღმატებულობის „მესიანური“ რწმენიდან იღებს სათავეს. დამპყრობელს, როგორი მერკანტილური და მძარცველურიც უნდა იყოს მისი მიზნები, ყოველთვის სჯერა, რომ მას დიდი ცივილიზატორული მისია აკისრია კაცობრიობის წინაშე, რათა საკუთარ აღმატებულ კულტურას აზიაროს ჩამორჩენილი და ველურად თუ ეგზოტურად აღქმული ხალხები. ამასთანავე ის ამკვიდრებს უცხოსა და განსხვავებულის, ანუ არა ჰეგემონიური კულტურის აღქმისა თუ ხედვის საკუთარ სტერეოტიპებსა და პერსპექტივებს. უცხოს, არადასავლურის ხედვისა და გამოსახვის ერთი ასეთი პერსპექტივაა „ორიენტალიზმი“ – პალესტინური წარმომავლობის ამერიკელი თეორეტიკოსის, ედვარდ საიდის 1978 წელს შემოტანილი ტერმინი, რომელიც თავისი ვიწრო მნიშვნელობით აღმოსავლეთის ქვეყნების ევროპული კლიშეებითა და სტერეოტიპებით ხედვას და გაგებას გულისხმობს. საიდისავე განმარტებით, ორიენტალიზმი ევროპელების თვითშემოსაზღვრას შეიძლება შეედაროს, რომელიც ევროპული კულტურის ჰეგემონიურობის ძირითად ნიშან-თვისებას შეადგენს: ყველა არაევროპელ ხალხსა და კულტურაზე ევროპულის აღმატებულობის წარმოდგენა. სწორედ საკუთარი აღმატებულობის პოზიციიდან ხედავს ევროპელი (ან, უფრო სწორი იქნებოდა, დასავლური სამყაროს წარმომადგენელი) „ორიენტს“ – „ჩამორჩენილ“ და ეგზოტურ აღმოსავლეთს, მისი დესპოტური მმართველობის სისტემებითა და დასავლურ წარმოდგენებთან შეუთავსებელი ყოფა-ცხოვრების წესებით, რომელიც მასში რომანტიულად მომაჯადოვებელ ხატებსაც წარმოშობს და დასავლურ სიკეთეებზე აღმოსავლეთის მოქცევის აუცილებლობის სურვილსაც.

საიდისეული ტერმინი „ორიენტალიზმი“ დროთა განმავლობაში გაფართოვდა და მას უკვე არა მხოლოდ ევროპული პერსპექტივიდან აღმოსავლეთის სპეციფიკური ხედვის აღსანიშნავად გამოიყენებენ, არამედ ისეთი დამოკიდებულების აღსაწერადაც, როდესაც ერთი კულტურა სხვებზე საკუთარ აღმატებულობას სხვა კულტურების ნეგატიური (ჩამორჩენილობა, სიველურე) თუ პოზიტიური (ეგზოტიკურობა) ფორმით დაკნინებით გამოხატავს. ორიენტალიზმის კონტექსტში გაჩნდა ახალი აკადემიური დისციპლინა – პოსტკოლონიალური კვლევები, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნებათაგანია იტალიელი მემარცხენე პოლიტიკოსისა და თეორეტიკოსის, ანტონიო გრამშის ტერმინი სუბალტერნულობა. ეს ტერმინი „ორიენტალიზმის“ პრინციპის გაგების გასაღებად გამოდგება.

სუბალტერნულს (ლათ. subalternus – დაქვემდებარებული, დაბალი რანგის) გრამში უწოდებდა ისეთ სოციალურ ჯგუფებს, რომლებსაც ჰეგემონიურ კულტურაში, ანუ იმ კულტურაში, რომელსაც ამა თუ იმ საზოგადოებაში წამყვანი პოზიცია ეკავა, თანამონაწილეობის გზა ჰქონდათ მოჭრილი. სუბალტერნული სოციალური ჯგუფების შეზღუდულობა მათზე როგორც მმართველი კლასების მხრიდან ძალაუფლებრივი ზეწოლის, ასევე ეკონომიკური მდგომარეობით იყო განპირობებული. ასეთი ჯგუფები ანტიკურ სამყაროში იყვნენ მონები, XIX საუკუნესა და XX-ის დასაწყისში – პროლეტარიატი. სუბალტერნული სოციალური ფენების მთავარი ნიშანია ის, რომ მათი ხმა არ ისმის, ისინი უხმოდ და უკვალოდ არსებობენ. მათ, ფაქტობრივად, ხმის და საკუთარი არსებობის დაფიქსირების უფლება აქვთ წართმეული. თუ ამ ტერმინს განვავრცობთ და „ორიენტალიზმის“ კონტექსტში გადავიტანთ, სუბალტერნული შეიძლება ეწოდოს ყველა იმ ქვეყნის კულტურას, რომელიც ჰეგემონიურ დასავლურ კულტურაში არ მონაწილეობს და დასავლური ორიენტალიზმის პრიზმიდან, უკეთეს შემთხვევაში, ეგზოტიკურად გამოიყურება. მათ ნაცვლად და მათ შესახებ მხოლოდ „აღმატებული“ ქვეყნები ლაპარაკობენ. მაგალითად, სუბალტერნულია მაროკო ამერიკულ ფილმ „კასაბლანკაში“, რომელსაც საერთოდ ვერ ვხედავთ და მისი „ორიენტალური“ ნიშნები მხოლოდ შიგადაშიგ ჩნდება გეოგრაფიული ფონის შესაქმნელად.

სამყაროს დაყოფას ჰეგემონიურ და სუბალტერნულ კულტურებად, გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობებისა, აქვს კიდევ ერთი მნიშვნელობა, რომელსაც „ღირებულებითი“ შეიძლება ეწოდოს. ეს ღირებულობითობა საკუთარ თავში მოიცავს როგორც წმინდად ესთეტიკურ, ასევე ეთიკურ ასპექტებსაც. ამა თუ იმ კულტურის, ქვეყნის ან მოვლენის ღირებულებას განსაზღვრავს მისი არა თავისთავადი ღირებულება, არამედ მისი კავშირი ჰეგემონიურ მდგომარეობასთან. მაგალითად, თუ მწერალი, ხელოვანი მიეკუთვნება დასავლურ სამყაროს ან რომელიმე პოლიტიკურად გავლენიან ქვეყანას, მისი შემოქმედება აღიქმება უნივერსალური ფასეულობების მატარებლად, განსხვავებით „ორიენტალურისგან“, რომელშიც იმ ფასეულობებს ვეძებთ, რომლებიც დასავლურ-ჰეგემონიური სამყაროსთვისაა რელევანტური. დანარჩენი კი ეგზოტიკად გაიგება. დასავლური, როგორც ჰეგემონიური, განასახიერებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას და მასთან კავშირში ყოფნა პრესტიჟულობის კვალიფიკაციას იძენს.

ამგვარი ხედვა ეთიკური შინაარსების განმსაზღვრელიცაა, რაც ყველაზე უკეთ სხვადასხვა სახის კატასტროფების დროს ვლინდება. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტი, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. ამის საპასუხოდ ამერიკის და მის მოკავშირეთა მიერ წამოწყებულ სამხედრო ინტერვენციას ავღანეთში მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, ანუ ის მსოფლიო, რომლის ხმაც ისმის, სრული გაგებითა და თანაგრძნობით შეხვდა. მაგრამ თუ ტერაქტები ან გენოციდები სუბალტერნულ „მესამე სამყაროში“ ხდება, მაგალითად რუანდაში, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა, საგაზეთო-სატელევიზიო ინფორმაციის ფარგლებს არ სცილდება: ჩვენ ვიგებთ დასავლური მედიიდან, რომ იქ ორი აფრიკული ტომი ერთმანეთს დაერია და ამ კონფლიქტმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

მთელი ტრაგიკომიკურობა ამ საქმეში ისაა, რომ თანაგრძნობაც ერთგვარი "ორიენტალიზმია" და ამ ემოციას აქსესუარის მნიშვნელობა აქვს, ანუ გვაღელვებს ის, რაც უფრო პრესტიჟულია. ჰეგემონიური ნაციებისადმი თანაგრძნობა ცნობილი ადამიანის ქომაგობასავითაა: ჩვენი თანაგრძნობით ჰეგემონიური სამყაროს თანამონაწილე ვხდებით. თუ თანავუგრძნობთ ამერიკას ან საფრანგეთს, თავად თანაგრძნობის ჟესტი ისეთ აქსესუარად გადაიქცევა, რომელიც თავს ჰეგემონიური ძალების ნაწილად ან მასთან წილნაყარად განგვაცდევინებს. "არაპრესტიჟული" ქვეყნების თუ ხალხების ბედი და იქ დაღუპული ადამიანები მხოლოდ სტატისტიკაა.

ფრანგული სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ რედაქციაში 2015 წლის იანვარში განხორციელებულმა ტერაქტმა საყოვეთლაო სოლიდარობის აქციები გამოიწვია. „მე ვარ შარლი“ – არა მხოლოდ უპირობო თანაგრძნობის სლოგანია, არამედ მოწინავე და „პროგრესულ“ სამყაროსთან თვითიდენტიფიკაციის განაცხადი, მაშინაც კი, როდესაც ამ ჟურნალის არსებობა თანამგრძნობთა უდიდესმა ნაწილმა ტერაქტის შემდეგ გაიგო.

ჰეგემონიური სამყაროს ჰუმანისტური იდეალები საეჭვო ხდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისასტიკეების ფონზე. მასობრივ ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში შექმნილი ტერორისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS) უკვე რამდენიმე თვეა ახორციელებს, არანაირი პოლიტიკური რეაქცია არ მოჰყოლია ჰეგემონიური „პირველი სამყაროს“ მხრიდან, მაშინ, როდესაც სულ ათიოდე წლის წინ სწორედ ერაყში ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა სამხედრო ინტერვენცია განახორციელეს ერთ დროს თავად ამერიკელების მიერ ირანთან საომრად შეიარაღებული სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებებით, თითქოს სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა და ამით ამერიკის უსაფრთხოებას ემუქრებოდა. ინტერვენციის რეალური საფუძველი კი ერაყის ნავთობზე კონტროლი იყო. დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით განხორციელებულ ამ ლაშქრობას მოჰყვა ათეულობით ათასი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი, რომელსაც ინტერვენტი სახელმწიფოები „კოლატერალურ ზარალად“ მოიხსენიებდნენ და მას უფრო მაღალი მიზნებით ამართლებდნენ. ერაყში შეჭრილი მოკავშირეების მთელი სისათუთე მხოლოდ ნავთობის ჭაბურღილებისკენ იყო გადატანილი.

„ისლამური სახელმწიფო“, ისევე, როგორც მთელი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვა რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და ტერორიზმის გააქტიურება, სწორედ ჯორჯ ბუშის ინტერვენციული პოლიტიკის ნაყოფია. თავისუფლების სახელით წარმოებული ამ ომების უკან კი გლობალური ბაზრისა და კაპიტალის ინტერესები დგას. ტერორიზმი, თავისი რაციონალურად გაუგებარი სისასტიკეებითა და სიმხეცით, პირდაპირპროპორციულია გამდიდრებისა და მომხვეჭელობის მიმართ დაუოკებელი წყურვილისა, რომელიც გლობალური კაპიტალიზმისთვის არის დამახასიათებელი. ის რეაქციაა ნეოკოლონიალისტურ პოლიტიკაზე. რელიგიური ფანატიკოსების მიერ ნაწამებ-დასახიჩრებული უდანაშაულო ადამიანები, მოკვეთილი თავები და გაჟლეტილი ბავშვები ისეთივე აბსურდული და ირაციონალურია, როგორც საეჭვო მორალური თუ კანონიერი გზებით მილიარდობით დოლარის დაგროვება ერთეული ადამიანების ხელში. რელიგიური ფანატიზმი, მთელი თავისი პათოლოგიური გამოვლინებებით, ისეთივე პერვერსიაა, როგორიც მძარცველური კაპიტალიზმი ფულით, რომელიც ხარჯვას არ ექვემდებარება, და სამყაროზე ბატონობის იდეალებით. გლობალიზაცია, რომელიც თავისი ყველა განზომილებით კოლონიალიზმის თანამედროვე ნაირსახეობაა, სამყაროს მრავალფეროვნებას ერთ, დასავლურ გარეგნობამდე გარდასახავს და შემინული ცათამბჯენების ჩრდილში სუბალტერნული სოციალური ფენებისა და ხალხების მასობრივ რეპროდუქციას ეწევა. თუ სად იმყოფება ამ პროცესებში საქართველო, ეს შემდეგი წერილის თემაა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG