Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლიდარობის ძიებაში II: 1 მაისიდან 17 მაისამდე


28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გვაქცია საკუთარი პოლიტიკური უმწეობის მოწმეებად. 17 მაისის წინ მან კოჭი გაუგორა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ე.წ. “მენტალურ უმრავლესობას“: თურმე “ჩვენი ერის უფლებაა“, კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრება “გამყარდეს“, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. პრემიერს არა მარტო ის დაავიწყდა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი ისედაც არ ითვალისწინებდა ერთსქესიანი ქორწინების უფლებას, არამედ სრულიად შემთხვევით ის ადამიანებიც შემოედისკრიმინირა, რომელთა ოჯახებიც არა ქალისა და მამაკაცის ერთობისგან, არამედ მარტოხელა მშობლისგან შედგება.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოახერხა, არარსებული, სრულიად ფიქტიური პრობლემა - ერთსქესიანი ქორწინება - ექცია დღის წესრიგის მთავარ საკითხად. ამ ტლანქმა დემარშმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობებით (თუ სექსუალური “უმცირესობა“ საერთოდ შეიძლება რაონდენობრივად გაზომვად ჯგუფად ჩაითვალოს) არ შემოიფარგლება ის სამიზნე ჯგუფები, რომლებსაც, დამანგრეველი ფაშისტური ჟინით, საკუთარი იდეალური კოლექტიური სხეულიდან რიცხავს ეკლესიის მიერ “უმრავლესობად“ გამოცხადებული “სისხლით“ ქართველ, მართლმადიდებელ ჰეტეროსექსუალთა ვირტუალური ერთობა. სახელმწიფომაც დაიჯერა, რომ “უმრავლესობა“ სწორედ ესაა და მასთან - “ხალხთან“ - იდეოლოგიური, კულტურული და ჟარგონული ჰარმონიით ცდილობს, მოიპოვოს და გაიმყაროს ის სიმბოლური ლეგიტიმაცია, რომელსაც ნამდვილ პრობლემებთან მიმართებაში გამოჩენილი პოლიტიკური უსუსურობის ნიადაგზე ნელ-ნელა კარგავს. ხოდა, როგორც ეკლესია გადაწვდა “ტრადიციული ორიენტაციის“ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც შვილები სუროგაციის ან ხელოვნური განაყოფიერების წყალობით ეყოლათ, ეკლესიისა და მის უკან მოაზრებული “უმრავლესობისადმი“ თავისი ლოიალობის ხელახლა დადასტურების მოსურნე პრემიერმაც “ტრადიციული ოჯახის“ განსაზღვრებას მარტოხელა დედები და მამები გადააყოლა.

კონსტიტუციაში “ოჯახის“ მაგივრად ნახსენები “ქორწინება“ თავისთავად ხომ ზედმეტად მშრალი, ფორმალური - ენჯეოშნიკური! - განსაზღვრებაა და ვერ იტევს იმ “ბუნებრივ“, ქართული სისხლითა და ხორცით გაჟღენთილ მოვლენას, რასაც ტრადიციული ოჯახი ჰქვია. ფორმალური იურიდიული ტერმინის, “ქორწინების“ გადაფარვა კონკრეტული კონსერვტიული შინაარსის შემცველი “ოჯახით“ შემთხვევითი არაა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონი, რომელიც ფორმალურად ნებისმიერ საზოგადოებრივ ჯგუფს და ინდივიდს აღუთქვამს დაცვას, ძალიან ადვილად შეიძლება იქცეს უბრალო ფარატინა ქაღალდად და მისი საყოველთაო, ფორმალური მხარე დაჯაბნოს ერთი კერძო, “უმრავლესობად“ გასაღებული საზოგადოებრივი ჯგუფის კონკრეტულმა იდეოლოგიამ.

ამის მომსწრენი გავხდით შარშანდელ 17 მაისს, როცა საყოველთაო ფორმალური კანონის დამცველი პოლიცია ბალერინის სიმსუბუქითა და ელეგანტურობით გადაფარფატდა განზე, რადგან დაინახა იმ “უმრავლესობის“ ძალისმიერი უპირატესობა, რომელიც საყოველთაო ფორმალური კანონის წინაშე თანასწორ “უმცირესობებზე“ უფრო თანასწორია. ის ჰარმონია, ის ორგანული ერთობა, რომელიც სახელმწიფოს სურს, რომ ეკლესიასა და “ხალხთან“ ჰქონდეს, უბრალოდ ზედმეტს და ფუჭს ხდის ნებისმიერ კონსტიტუციურ გარანტიას, რომელსაც ის უმცირესობებს ან სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებს ჰპირდება, რადგან სახელმწიფო ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ამბობს უარს თავის საყოველთაო, ფორმალურ პრინციპზე, რაც მამა გაბრიელის ნეშტის ჯერ სამთავროდან სვეტიცხოველში და შემდეგ მცხეთიდან თბილისში გადასვენებ-გადმოსვენების პროცესიებში ქართული ჯარის მონაწილეობამაც აჩვენა კიდევ ერთხელ.

ვითომდა საზოგადოებრივი მსვლელობის უსაფრთხოების დასაცავად გამოყვანილი ჯარი, სახელმწიფოს საყოველთაო ფორმალური პრინციპის ეს ერთ-ერთი გამოვლინება, მისდა უნებურად მთლიანად გაითქვიფა “მრევლისა“ და ეკლესიის მსვლელობაში. სააკაშვილისეული “ძლიერი სახელმწიფოს“ კულტისათვის აუცილებელი აღლუმისგან განსხვავებით, სწორედ ეს იყო ღარიბაშვილისეული სახელმწიფოს სამხედრო აღლუმი, მისი 26 მაისი, სადაც ერთ მკვრივ სუბსტანციად დუღაბდება “ერი“, “ბერი“ და “მეომარი“. იმის მაგივრად, რომ კონკრეტული საზოგადოებრივ-რელიგიური ჯგუფის გადაადგილება ემართა, ჯარი თავად იქნა შესრუტული ამ ჯგუფის მიერ, სრულიად ჰარმონიულად ჩაება მის ფერხულში, რითიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის შემზარავი პერსპექტივა, რომ საყოველთაო პრინციპებზე დაფუძნებულმა სახელიმწიფომ, პრემიერის, პოლიციისა თუ ჯარის ქმედებების სახით, გადამწყვეტ მომენტებში შეიძლება ერთ კერძო საზოგადოებრივ ჯგუფს შეერწყას და ამით რეალურად ეს კერძო ჯგუფი აიყვანოს სახელმწიფოებრივ რანგში, მისი კერძო იდეოლოგია აქციოს მთელი სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ პრინციპად და ამით თვალში ნაცარი შეაყაროს ყველანაირ ანტიდისკრიმინაციულ ფორმალურ კანონს. ფაშიზმი, პრინციპში, სხვა არც არაფერია.

თუ სახელმწიფო დღეს ფიქტიურ ლიბერალიზმს ავლენს, საზოგადოების ე.წ. პროდასავლური ფრთის ლიბერალური და მით უმეტეს ნეოლიბერალური მიდგომა იმას გვაჩვენებს, რომ ლიბერალური მიდგომა, მისი ენა და მოთხოვნები, არასაკმარისი და ფუჭია და რეალურად ვერაფერს აკეთებს იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომელთაც “ბნელებს“ და ანტიდასავლურებს უწოდებს. ლიბერალური მიდგომა იმიტომაა არასაკმარისი, რომ იგი არასაკმარისად რადიკალურია. თუ ფილოსოფოსმა ჭიაბერაშვილმა “ლაბორატორია 1918“-ის (ადეკვატურად რადიკალურ) წარმომადგენლებთან მიმართებაში ეპითეტი “რადიკალი“ ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა, ფილოსოფოსმა მარქსმა, რომელიც მე-19 საუკუნის შუახანებიდან მოყოლებული აჩრდილივით არ გვაძლევს საშუალებას მშვიდად ვუყუროთ სოციალურ უსამართლობას, რადიკალიზმზე შემდეგი მარტივი რამ თქვა: “იყო რადიკალური, ნიშნავს საქმეს ძირში ჩასწვდე“, რადგან სიტყვა “რადიკალურის“ ეტიმოლოგია სწორედ “ძირია“ ან “ფესვი“. სტატუს კვოს მდგომარეობაში რჩება ნებისმიერი მიდგომა, რომელიც პრობლემის მოგვარებას მისი ფესვებიდანვე არ ცდილობს და მხოლოდ ზედაპირზე ფათურობს. სწორედ ამგვარ დავარცხნილ არარადიკალურობას ავლენს ჩვენი დღევანდელი (ნეო)ლიბერალური ფრთა.

როდესაც კაზრეთსა და არა მარტო კაზრეთში ფეხქვეშ ითელება ადამიანის ყველანაირი ელემენტარული უფლება, თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს ის, თუ რა შინაარსს დებს, მაგალითად, უკრაინის მხარდამჭერი ქართველი მომიტინგე თავის პროდასავლურ არჩევანში. დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი მართლა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის თემით შემოიფარგლება? ძალაუნებურად ფიქტიური, გინდაც “ფასადურია“ ნებისმიერი პროდასავლურობა, რომელიც გადაახტება ლოკალურ დონეზე არსებულ სავალალო ვითარებას ყველაზე დაჩაგრული ფენების მატერიალური მდგომარეობისა და დამქირავებლისა თუ კანონის წინაშე სრული დაუცველობის მხრივ. შინაარსისგან იცლება დასავლურ ღირებულებებზე აპელირება, როდესაც საკუთარ ქვეყანაში დამქირავებლისთვის ფაქტობრივად მონებად არიან მიყიდული ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სხვა სამსახურის არჩევის საშუალება, როგორც ამას თავისუფალი არჩევანის ლიბერალური იდეოლოგია ქადაგებს სრულიად აბსტრაქტულად, ყველაზე დაბალი ეკონომიკური ფენის ნამდვილი მატერიალური პირობების გაუთვალისწინებლად. უკრაინისადმი სოლიდარობა და პროდასავლური რიტორიკა წესით კაზრეთზე უნდა გადიოდეს.

სოციალური სამართლიანობის იდეის უგულებელყოფა ნეოლიბერალების გაცხადებული მწრამსია და, შესაბამისად, მათი პროდასავლურობაც ლოგიკურადაა დაცლილი სოციალური სამართლიანობის იმ იდეისგან. არადა, ეს იდეა (თეორიულ დონეზე მაინც და მიუხედავად დღევანდელ დღეს ნეოლიბერალური ტენდენციების ბატონობისა) დასავლეთის უმთავრესი მიღწევა და ეთიკური საძირკველია. როდესაც ისინი ადამიანის გარკვეული უფლებებისთვის, მაგალითად, ლგბტ-უფლებებისთვის, იბრძვიან პროდასავლურობის ეგიდით, ქართულ კონტექსტში მსგავსი მოთხოვნა ყოველგვარ ნამდვილ, ქმედით სოციალურ საყრდენს გამოცლილი რჩება: იმ დაბალი სოციალური ფენების მოთხოვნების უგულებელყოფით, რომელთაც ჯერ ბევრი უკლიათ ლგბტ-უფლებებისათვის ბრძოლაში ჩასართველად, პროდასავლური ზედა ფენა თავად აცარიელებს შინაარსისგან საკუთარ პროდასავლურობას და სრულიად ბუნებრივად იწვევს საბაზისო პრობლემებით შეწუხებული ჯგუფების გაუცხოებას. უკრაინის ოკუპაციის, საქართველოს ოკუპაციისა თუ ლგბტ-დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოსული ქართველი “ბნელს“, “ანტიდასავლურს“ უწოდებს იმ ადამიანებს, ვისი მდგომარეობის შესაცვლელადაც ის არაფერს აკეთებს. ნეოლიბერალთა აგრესიული ანტიობსკურანტული და ანტიანტიდასავლური რიტორიკა ლოგიკური შედეგია მათი უსურვილობისა, რომ საბაზისო ეკონომიკურ დონეზე რაიმე არსებითად შეიცვალოს სოციალური სამართლიანობის საკეთილდღეოდ. ხოლო, ლიბერალების ყოყმანი, მათი პროტესტის წყვეტილობა და იდეოლოგიური ბუნდოვანება სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვერ გადიან მულტიკულტურალიზმის, მრავალფეროვნების, კონსენსუსის, “ხიდჩატეხილობის“ აღმოფხვრისა და თავისუფალი არჩევანის ვარდისფერი რიტორიკის მიღმა და, საბოლოო ჯამში, ნეოლიბერალიზმის მიერ ნაკარნახები მიმართულების პასიურ კუდებად რჩებიან.

17 მაისს იზოლირებულად ლგბტ-უფლებების დაცვის მოთხოვნა ფუჭია არა უბრალოდ იმიტომ, რომ საკმარის სოლიდარობას ვერ მოიპოვებს საზოგადეობაში და მას კვლავაც “ბნელების“ შიშველი რაოდენობრივი უპირატესობა გადათელავს, არამედ იმიტომაც, რომ ქვეყნის წინაშე მდგომი ფუნდამენტური სოციალური პრობლემების უგულებელყოფის პირობებში მსგავსი საკითხები ყოველთვის ჰაერში გამოკიდებული დარჩება. რა ფორმაც უნდა მიიღოს წელს ანტიდისკრიმინაციულმა პროტესტმა, ის ქმედუნარიანობისგან იქნება დაცლილი, თუ მისი ჩასმა უფრო დიდ კრიტიკულ კონტექსტში არ მოხდება - თუ 17 მაისი არ იქცევა იმ კულმინაციურ დღედ, როცა 1 მაისიდან მოყოლებული ერთ სივრცეში შეიკრიბება ყველა ის ჯგუფი, რომელიც ნამდვილი, სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის იბრძვის, იქნებიან ეს მუშები, მეხანძრეები, მძღოლები, ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლი ფემინისტები, ეკოლოლოგიური პოლიტიკის ქომაგი პარტიზანი მებაღეები, საყრდისის დამცველები თუ ხუდონჰესის მოწინააღმდეგეები, რომლებიც უბრალოდ სვანეთში მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფას კი არ აპროტესტებენ, არამედ ხაიშელთა ყველაზე ფუნდამენტური უფლების - საკუთარ მიწაზე და საკუთარ სოციალურ საარსებო გარემოში ცხოვრების გაგრძელების - ხელშეუხებლობისთვის იბრძვიან.

1 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით სასურველია უწყვეტი სახე მიიღოს არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და პოზიციების გადააზრებისა და გადაფასების აქციამ; უპრეცედენტო სოლიდარობის გამოხატვით საფუძველი ჩაეყაროს სოციალური ემანსიპაციის პროცესს. დავანახვოთ მათ, ვისზეც რეალურად ძალადობენ, - მუშებს, ქალებს, ეკოკატასტროფისა და საკუთარი საარსებო ალაგის მოშლის პირას მყოფ ადამიანებს, - რომ საზოგადოება მყარ მზაობას ავლენს, მათ თავიანთი მოთხოვნების, სატკივრის გამოთქმაში დაეხმაროს და მათი ნამდვილი პრობლემების ენაზე საუბრით მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში ჩაერთოს. მხოლოდ ამგვარი ძალისხმევის მეშვეობით და არა მზა რიტორიკული შაბლონებით გახდება შესაძლებელი ფართო საზოგადოებრივი ფენებისთვის არა უბრალოდ პროდასავლური არჩევანის უპირატესობის გაგებინება და მისი ნამდვილი შინაარსით შევსება, არამედ ამავე დროს მათი იმ ბრძოლაში ჩართვაც, რომელიც დასავლური სამყაროს წიაღშივე სოციალური სამართლიანობისათვის შექმნილი ნეოლიბერალური და ნეოფაშისტური საფრთხის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ის მატერიალური, ხელშესახები სინამდვილეა, რომლის სისტემურ გადაფარვას, გაყალბებას და არარსებული პრობლემებით ჩანაცვლებასაც ცდილობს სახელმწიფოს და ეკლესიის ტანდემი. როდესაც ეკლესია ლგბტ-შეთქმულებისა და სხვა ათასნაირი კუდიანის წინააღმდეგ გეშავს ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანთა დიდ მასებს (იქნება ეს ქუჩის აქციებში თუ ქადაგებისას), ამით არარსებულ პრობლემაზე ხდება იმ ენერგიის გადამისამართება, რომლის ადეკვატური, სინამდვილის შესაბამისი გამოხატულება სოციალური უსამართლობის გაპროტესტება და სოციალური პრობლემების ენით საუბარი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ლგბტ თემი აღიქმება მაძღარი, დეკადენტი, ფესვამოძირკვული ქართველების დაჯგუფებად, ეკლესიაც და მასზე სწორების მქონე პოპულისტი პოლიტიკოსებიც იმას, რაც სოციალური აჯანყების ენაზე უნდა გამოთქმულიყო, რაღაც კოლექტიური ეროვნულ-რელიგიურ-მასკულინური სხეულის ენაზე თარგმნიან. ამ ფიქტიურ სხეულში ერთიანდება ის საშუალო ფენაც თუ ის ქალაქში კონცენტრირებული დიდი საზოგადეობრივი ჯგუფები, რომლებიც მდიდრები არ არიან, მაგრამ საკმარისი შემოსავალი კი აქვთ იმისათვის, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ ეკლესიის მიერ აწყობილ ბიზნესსისტემაში და ფული ხარჯონ ეკლესიის მიერ შემოთავაზებულ, სოციალიზაციის მეინსტრიმულ ფორმად ჩამოყალიბებულ რიტუალებსა და მასობრივად წარმოებულ საკრალურ ნივთებში (მამა გაბრიელის ფოტოხატები და ა.შ.).

როგორც მუშის დამშეული და შემცივნული სხეული გადაიფარება ზემოხსენებული ფიქტიური ნაციონალისტურ-რელიგიური და პატრიარქალური გენდერული წარმოდგენებით დატვირთული სხეულით, ისევე გადაიფარა და გაყალბდა ციხის სკანდალის დროს პატიმრების, მათ შორის ქალთა, წინააღმდეგ სისტემური, სრულიად ბანალური და შიშველი ძალადობა ცოცხსა და მამაკაცის ანალურ ზონაზე ფიქსირებით, თითქოს არც ციხეში ქალთა გაუპატიურება ყოფილიყო განსაკუთრებული პრობლემა და არც ძალადობის სხვა ფორმები. საბოლოო ჯამში, ორგანული პროტესტიდან ძალადობის, როგორც სისტემური მოვლენის, წინააღმდეგ მომდევნო წლების პოლიტიკურ ფოლკლორში დაილექა მხოლოდ და მხოლოდ უტრირებული, პათეტიკური რიტორიკა იმის შესახებ, რომ “კაცებს გვიუპატიურებდნენ“. დღეს, უკვე ქართული ოცნების და არა ნაციონალების პირობებში წარმოშობილ წამების ფაქტებს ხომ საერთოდ არანაირი ყურადღება არ ექცევა, რადგან ძალადობას მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის მიმართ პათეტიკით დახუნძლულ ბრაზთან, ღრმა სექსუალურ შიშებთან და “ღირსების“ მასკულინურ-მაჩისტური გაგების შეურაცხყოფასთან ბმაში აღვიქვამთ. ასევე იკავებს ქალების წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის ადგილს აბსტრაქტული აპელირება თამარ მეფის არსებობაზე ჩვენს ისტორიაში, ქალის დაქვემდებარებულობის რელიგიურ დასაბუთებაზე ან იმაზე, რომ სინამდვილეში ქალი, რომელიც არა ქალი, არამედ “მანდილოსანი“ ან “საქალბატონეა“, ყველაზე დაფასებული სწორედ საქართველოშია.

რაც შეეხება კონკრეტულად კაზრეთელ თუ ჭიათურელ მუშებს, ეკლესიას ისინი თავისთავად ნაკლებად აინტერესებს. მას სწორება ურბანულ ფენებზე უფრო აქვს, რადგან ფული (სულერთია, ბევრი თუ ცოტა) სწორედ დიდ ქალაქებშია. კაზრეთელ პროლეტარს კი არც ფული აქვს და არც მიწა, რომ კახელი გლეხივით მიწა მაინც წაგლიჯოს, როგორც ეს მრავალჯერ მოხდა ბოლო წლების მანძილზე რეგიონებში. ეკლესიას უმალ მუშის დამქირავებელი უფრო აინტერესებს, რომელიც მას პროლეტარის მიერ წარმოებულ პროდუქციას აკურთხებინებს და ამით დამქირავებელსაც გაუზრდის მოგებას და თავადაც იხეირებს ფინანსურად. ეკლესიას მუშები ახსენდება პირველ რიგში მაშინ, როცა, სახელმწიფოს ან საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური პროტესტის ჩაცხრობა ხდება საჭირო “მორჩილებისაკენ“ მოწოდებით ან თუნდაც პატრიარქთან შუამდგომლობის დაპირებით.

საზოგადოების იმ მხრიდან, რომელიც პრეტენზიას აცხადებს პოლიტიკურ სიჯანსაღეზე, ამიტომაა აუცილებელი და გადაუდებელი სოციალურ ემანსიპაციაზე მუშაობა; იმის უზრუნველყოფა, რომ მუშებს, როგორც ყველასგან და ყველაფრისგან მიტოვებულ ჯგუფს, საკმარისი სოციალური თვითცნობიერება გაუჩნდეს, რათა შემდგომში თავისი ნამდვილი მოთხოვნები არც ჯონდი ბაღათურიას და მსგავსი დამშეული პოლიტიკური სვავების მიერ იქნეს გადამისამართებული ნაციონალისტური რიტორიკისა და არარსებული მტრების დევნისაკენ, და აღარც თვითონ მუშებს გაუჩნდეთ სურვილი საკუთარი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ინიციატივის აღება და სრულიად მატერიალური გასაჭირის ენაზე საჯარო სივრცეში საუბარი ჩაანაცვლონ საპატრიარქოსგან მხარდაჭერის მოთხოვნით ან მამა გაბრიელის ნეშტთან სურვილების ჩათქმით. ხსენებული არარსებული მტერი შეიძლება განურჩევლად იყოს, როგორც ლგბტ თემის წარმომადგენელი (მით უარესი, თუ ის ებრაელობაშიცაა ეჭვმიტანილი) ისე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ყოველგვარი შრომითი პირობების დარღვევით შემოყვანილი იაფი მუშახელი, რომლის წინააღმდეგ ქსენოფობიური რეაქციაც იკავებს იმ კრიტიკული პერსპექტივის ადგილს, “გადამთიელების“ მიერ “ქართველობის წართმევის“ ისტერიული შიშის მაგივრად სრულიად რაციონალურ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ მოდელს რომ უნდა ააშკარავებდეს და შრომითი უფლებების ენაზე ითხოვდეს კუთვნილს.

1 მაისი სწორედ იმიტომ უნდა დაისახოს ახლებური სოციალური პროტესტის ათვლის წერტილად, რომ შრომის სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვის დღეს ყველა სოლიდარულმა ჯგუფმა უნდა დაიწყოს ისეთ ადეკვატურ ენაზე საუბარი, რომელიც შეძლებს, ჯადო მოხსნას ჩვენს საარსებო სივრცეს, ძალა წაართვას გაბატონებულ პათეტიკურ, რომანტიკულ, მითოლოგიურ ენასა და წარმოდგენებს, ისტორიულ-რელიგიურ-ლიტერატურულ მეტაფორებად და ლექსებად რომ ამბობს თავის სიძულვილს არარსებული მტრების მიმართ და ამ რომანტიკულ ფიქტიურ პოლიტიკურ ენასა და სხეულში გაერთიანებით ადამიანების სრულ გააპოლიტიკურებას უწყობს ხელს. სოციალური პრობლემების ენა იმდენად დომინანტური უნდა გახდეს, რომ, მაგალითად, იმ 650 ბათუმელ სტუდენტს, რომელიც ორგანიზებულად გამოემართა თბილისისკენ, რათა სამების საკათედრო ტაძართან ჩამომდგარ უსასრულო რიგებს შეერთებოდა მამა გაბრიელის ნეშტის მოსალოცად, ანდა თუნდაც ეკლესიის მიერ ნაკარნახები კოდებით ალაპარაკებულ დალხენილ, ე.წ. “ნოვი გრუზინების“ ფენას, აღარ მიეცეს საშუალება, თავისი რელიგიურ-ნაციონალისტური აპოლიტიკური ოხშივრის კომფორტსა და ზეციური მადლისათვის ვაჭრუკანულ ბრძოლაში გამოიკეტოს.

1 მაისი იმიტომაა ათვლის წერტილი ფართო სოლიდარობის მოძრაობისათვის, რომ მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს ნეოლიბერალური მიდგომის მავნებლობა სოციო-ეკონომიკურ დონეზე და მისი უსუსურობა იმ “სიბნელესთან“ ბრძოლაში, რომელსაც ნეოლიბერალიზმი თავად წირავს “სიბნელისათვის“ და რომელსაც შემდგომში თავად იყენებს იმისათვის, რომ რეაქციული ძალების წინააღმდეგ პროგრესულ კულტურულ-იდეოლოგიურ ბრძოლად მოთარგმნოს მის მიერ მოთხოვნილი და შენარჩუნებული სოციო-ეკონომიკური სტატუს კვო. ჩემი სურვილი იქნებოდა, 1 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით უწყვეტად ჰქონდეს ადგილი დისკუსიებს, პერფორმანსებს, საჯარო მოხსენებებს, სადაც თითო ჯგუფი ერთმანეთს დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ ჯანსაღი სოციალური გარემოს მიღწევა მხოლოდ სოციალური უსამართლობის საკითხის წინ წამოწევითაა შესაძლებელი.

ჩვენი ვალია, მუშებს გავაცნობიერებინოთ, რომ მათი პრობლემები პოლიტიკური პრობლემებია და რომ მათ თავად უნდა აიღონ ინიციატივა ამ პრობლემების მოგვარებაზე და არ გადაულოცონ თავიანთი პასუხისმგებლობა “პროფესიონალ“ პოლიტიკოსებს ან პროფკავშირების ხელმძღვანელობას, რომლებიც, მუშების არასაკმარისი ორგანიზებულობისა და გათვითცნობიერებულობის პირობებში, არასოდეს გაატარებენ ბოლომდე და სათანადოდ მუშების ინტერესებს. მუშებმა, როგორც ყველაზე დაუცველმა და შიშველმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა, უნდა დაინახონ, რომ იმ ჯგუფებს, რომლებიც ეკოლოგიურ, ლგბტ თუ ოკუპაციის საკითხებს აპროტესტებენ, აქვთ იმის ორგანული ნება, რომ მათი მატერიალური პრობლემები გააჟღერონ, ამ სოციალური პრობლემების ენით დაიკავონ ის სივრცე, რომელშიც ახლა ეკლესიაა გაბატონებული თავისი ფიქტიური პრობლემებითა და ნაციონალისტურ-რელიგიური მისტიფიკაციებით.

რა თქმა უნდა, გულუბრყვილო იქნებოდა იმის ფიქრი, რომ სოციალური მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება მყისიერად მოაგვარებს ჰომოფობიისა თუ ზოგადად ქსენოფობიის საკითხებს - 17 მაისსაც ალბათ ისევ გამოვლენ ჰომოფობიური რიტორიკით ისინი, ვისაც 1 მაისს ვედგებით მხარში მათი უფლებების დასაცავად. მაგრამ სოციალური პრობლემების ბანალურ, არარომანტიკულ ენაზე ამეტყველება თავისთავად აუცილებლად წარმართავს ბრძოლას, ამ უწყვეტ, დაუსრულებელ ბრძოლას, სწორი მიმართულებით, ნამდვილი პრობლემების მიმართულებით და კანონზომიერად შეუწყობს ხელს ამგვარი ადეკვატური, ერთდროულად “ქვემოდან“ და “ზემოდან“ მომდინარე სოლიდარული ბრძოლის პირობებში სოციალური გარემოს გაჯანსაღებას, როგორც იდეოლოგიურ ისე ეკონომიკურ დონეზე. სიჯანსაღე სწორად მიმართულ, პერმანენტულ ბრძოლაში მდგომარეობს და არა ფიქტიურ ჰარმონიასა და შეხმატკბილებულობაში.

დარჩა ერთი თვე. იწყება სოლიდარობის მძივისათვის მსხვილი და წვრილი ბურთულების შეგროვება. ბურთულების ასაცმელად სასურველი გრძელი და მოქნილი ძაფი: სტუდენტობა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG