Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას საინაუგურაციო სიტყვის პოლიტიკური, ისტორიული და ფილოსოფიური ასპექტები


ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცის დადებისას
ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცის დადებისას
ბარაკ ობამა 21 იანვრიდან მეორე ვადით ოფიციალურად შეუდგა აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ორშაბათს 800 ათასამდე ადამიანი დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტად ბარაკ ობამას მეორე ვადით კურთხევის ცერემონიას. თავად ბარაკ ობამას 20 წუთიან საინაუგურაციო სიტყვა კი ისტორიკოსებმა უკვე შეაფასეს როგორც საკმაოდ თამამი და მწყობრი სიტყვა. მათ შორისაა ვირჯინიის უნივერსიტეტის ისტორიკოსი პროფესორი ბრაიან ბალოუ, რომელსაც ჩვენი რადიოს თანამშრომელი ჰეზერ მაჰერი ესაუბრა.

გარდა იმისა, რომ ვირჯინიის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, ბრაიან ბალოუ ერთ-ერთი წამყვანია აშშ-ის ეროვნული რადიოს პროგრამისა, სახელწოდებით „წინაისტორია ამერიკის ისტორიულ პირებთან ერთად“. პროფესორი ბალოუ, რომელმაც ყურადღებით მოუსმინა ბარაკ ობამას საინაუგურაციო მიმართვას, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ სიტყვას „ლოგიკურად დასაბუთებულს“ უწოდებს:

„ვფიქრობ, ეს იყო გაბედული სიტყვა, რომელშიც პრეზიდენტმა ფუნდამენტურად და ლოგიკურად დაასაბუთა თავის მიერ შემოთავაზებული ყველა პროგრამის ლოგიკური არსი. „ამერიკა უფრო ძლიერია, როდესაც იგი კოლექტიურად მოქმედებს“, - ასეთია ეს ლოგიკური დასაბუთება. გაბედულება კი ისაა, რომ სიტყვა „კოლექტიურის“ უბრალო ხსენებაც კი სახიფათოა, რადგან ისტორიულად ამერიკაში ეს კომუნიზმთან და სოციალიზმთან ასოცირდება. ეს ლამის ისევე სახიფათოა, როგორც სიტყვა „ლიბერალიზმის“ ხმარება“.
ვიდრე სხვა ხალხების სახელმწიფოების განმტკიცებაზე ვიფიქრებდეთ, ჩვენ ამერიკის აღორძინება გვჭირდება...
ბარაკ ობამა


პროფესორ ბრაიან ბალოუს თქმით, მას მოეწონა, რომ ბარაკ ობამას საინაუგურაციო სიტყვაში ნაკლები საუბარი იყო „იმედებზე“ და ყურადღება უფრო მეტად გამახვილდა ისტორიაზე. და სწორედ ამ ისტორიულ კონტექსტში დაუკავშირა ბარაკ ობამამ „კოლექტიური ქმედება“ სახელმწიფოს ფუძემდებლურ დოკუმენტებს - აშშ-ის კონსტიტუციას და „თავისუფლების დეკლარაციას“, - ამბობს ისტორიკოსი ბრაიან ბალოუ და ობამას სიტყვის კიდევ ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

„მე მოვისმინე მტკიცე მზადყოფნა, დაეხმაროს საშუალო კლასს, მაგრამ ამჯერად კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმა ღარიბთა დახმარებისთვის მზადყოფნა. ვფიქრობ, ობამას მიერ „მომხმარებლის“ ხსენება ერთგვარად ეთანადება ბევრი კონსერვატორის ხაზს და ნიშნავს გამოწვევის მიღებას - იმას, რომ ბარაკ ობამა მზად არის დაიცვას არა მხოლოდ საშუალო კლასის უფლება, ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა, არამედ აპირებს დაიცვას ის პროგრამები, რომლებიც ეხმარება ღარიბ, გაჭირვებულ ხალხს, ვისაც ზოგი კონსერვატორი „მომხმარებლად“ მოიხსენიებს.“
თუ რესპუბლიკელი ხარ, ამ გამოსვლაში დაინახავ ობამას, რომელიც პრეზიდენტად მეორედ არჩევის შედეგად კიდევ უფრო მტკიცე მომლაპარაკებელი ხდება, თითქოს ქვიშაზე მკაფიო ხაზებს ავლებდეს...
ბრაიან ბალოუ


რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის თემას, ბრაიან ბალოუ ბარაკ ობამას ერთ გამონათქვამზე ამახვილებს ყურაღებას. „ვიდრე სხვა ხალხების სახელმწიფოების განმტკიცებაზე ვიფიქრებდეთ, ჩვენ ამერიკის აღორძინება გვჭირდებაო“, - აღნიშნა ობამამ, რომლის გამოსვლაში პროფესორი ბალოუ ფილოსოფიურ ასპექტსაც ხედავს.

„თუ რესპუბლიკელი ხარ, ამ გამოსვლაში დაინახავ ობამას, რომელიც პრეზიდენტად მეორედ არჩევის შედეგად კიდევ უფრო მტკიცე მომლაპარაკებელი ხდება, თითქოს ქვიშაზე მკაფიო ხაზებს ავლებდეს. ვფიქრობ, ეს ქვიშაზე გავლებული ფილოსოფიური ხაზია. ჩემი აზრით, ბარაკ ობამა ეუბნება რესპუბლიკელებს: „თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლიბერალური და პროგრესულია ის, რომ იბრძოლოთ იმგვარი საშუალო კლასისათვის, რომელმაც ეს ქვეყანა დიადად აქცია, განაგრძეთ, გამახარეთ“. თუმცა ობამას ასეთი რამ არ უთქვამს“, - ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი ბალოუ, რომელმაც ბარაკ ობამას საინაუგურაციო მიმართვის ზოგიერთი საინტერესო ასპექტის თაობაზე რადიო თავისუფლებას გაუზიარა თავისი მოსაზრება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG