Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი: აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ რეალობის გრძნობა დაკარგა


სერჟ სარქისიანი
სერჟ სარქისიანი
სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დარჩა. სერჟ სარქისიანი 18 თებერვალს შეეცდება კიდევ ერთხელ - მეორე ვადით - გახდეს პრეზიდენტი ხუთი წლით და მას მიმომხილველები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ვრცლად ესაუბრა სარქისიანს და, არჩევნების გარდა, შეკითხვა დაუსვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო.

როგორც ადრევე ვიტყობინებოდით, სერჟ სარქისიანი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ეთქვას, რომ სუსტი კონკურენცია ელის მომავალ არჩევნებში. როცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას გარანტირებული აქვს გამარჯვება, ისინი ეყრდნობიან იმ ფაქტსაც, რომ სომხეთის წამყვანმა ოპოზიციურმა ძალებმა 2012 წლის ბოლოს უარი თქვეს ერთიანი კანდიდატის დასახელებაზე, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა, თავის მხრივ, ბრალი დასდეს ხელისუფლებას, რომ მან არ უზრუნველყო ერთიანი წესების შემუშავება კანდიდატებისათვის. არჩევნები, როგორც ითქვა, თებერვალში გაიმართება. დაველოდოთ მას, მანამდე კი გაგაცნობთ სარქისიანის შეხედულებებს მთიან ყარაბაღზე.
ჩვენ გვყავს ბრძოლისუნარიანი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი არმია, რომელსაც შესწევს ძალა თავისი ამოცანები შეასრულოს...
სერჟ სარქისიანი


რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ხელმძღვანელი ჰრაირ თამრაზიანი თავის შეკითხვაში შენიშნავს, რომ, წლების განმავლობაში მოლაპარაკების არაერთი რაუნდის გაშუქების შედეგად, მას ისეთი აზრი გაუჩნდა, რომ ყველა კმაყოფილია მთიანი ყარაბაღის ამ დე ფაქტო დამოუკიდებლობით, თუმცა ის ოფიციალურად არ არის აღიარებული. მეორე მხრივ კი, აზერბაიჯანი იმუქრება, რომ შეეცდება კონფლიქტი სამხედრო გზით მოაგვაროს - აღადგინოს თავისი ტერიტორია. რას უპირისპირებს ამ მუქარას ერევანი? სომხეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ეს დე ფაქტო მოუგვარებელი ვითარება არავის არ აძლევს ხელს, არც ერთ მხარეს, რადგან შეუძლებელია ადამიანებს ომის საფრთხის ქვეშ ცხოვრება მოსწონდეთ. სარქისიანი დარწმუნებულია, რომ მთიანი ყარაბაღის მოქალაქეებს სურთ კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამბობს ის, სომხეთს აქვს პრობლემა იმ მხრივ, რომ არ ფლობს ბუნებრივ რესურსებს და არ არის მისთვის იოლი ეკონომიკური განვითარება. ეს მოუგვარებელი კონფლიქტი კი ამ გზაზე დამატებით სირთულეებს ქმნის, თუმცა სარქისიანი სხვა პრობლემაზეც ლაპარაკობს:

„სომხეთი იძულებულია თავისი მწირი შესაძლებლობების დიდი ნაწილი გაიღოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის. ჩვენ, უბრალოდ, სხვა გზა არა გვაქვს. მოვალე ვართ გვყავდეს ისეთი არმია, რომლის მოცულობა არ შეესაბამება ქვეყნის მასშტაბებს. მეტსაც გეტყვით: ის ჩვენი ქვეყნის მასშტაბებს არ შეესაბამება თავისი საბრძოლო მზადყოფნისა და შეიარაღების მხრივაც. მაგრამ ჩვენ გვყავს ბრძოლისუნარიანი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი არმია, რომელსაც შესწევს ძალა თავისი ამოცანები შეასრულოს“.
ისინი მხოლოდ მთიან ყარაბაღს არ მიიჩნევენ თავიანთ ტერიტორიად - უკვე იმასაც ფიქრობენ, რომ სომხეთიც აზერბაიჯანულ მიწებზე მდებარეობს და ერევანიც ისტორიული აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. და ამას ამბობს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც სახელი სულ რაღაც ასი წლის წინ მიანიჭეს, ჩვენ კი მალე ერევნის დაარსების 2800 წლისთავს აღვნიშნავთ...
სერჟ სარქისიანი


სარქისიანი ამბობს, რომ სომხეთი არ არის დაინტერესებული შეაყოვნოს კონფლიქტის მოგვარება. მე იმისთვისაც მაკრიტიკებდნენ, რომ ვამბობდი, სომხეთის განვითარებისთვის მთიანი ყარაბაღის მოგვარება აუცილებელია-მეთქი. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება აზერბაიჯანის თანხმობა, აცხადებს სერჟ სარქისიანი, რომელიც ამ ინტერვიუში ბაქოს მთავრობას ახასიათებს:

„ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ რეალობის გრძნობა დაკარგა. მგონია, რომ იოლად მოპოვებული ფული - „ნავთობდოლარები“ - დადებით გავლენას ვერ ახდენს ამ ქვეყნის ლიდერებზე და მათი მადა განუწყვეტლივ იზრდება. ისინი მხოლოდ მთიან ყარაბაღს არ მიიჩნევენ თავიანთ ტერიტორიად - უკვე იმასაც ფიქრობენ, რომ სომხეთიც აზერბაიჯანულ მიწებზე მდებარეობს და ერევანიც ისტორიული აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. და ამას ამბობს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც სახელი სულ რაღაც ასი წლის წინ მიანიჭეს, ჩვენ კი მალე ერევნის დაარსების 2800 წლისთავს აღვნიშნავთ“.

ამ პირობებში არარეალისტურია ვიფიქროთ, რომ ხვალ ან ზეგ შედეგს მივაღწევთ. მოხდება საოცრება და შევქმნით დოკუმენტს, რომელიც ორი ერის მშვიდობიან თანაარსებობას მოიტანს, აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი, რომელიც იქვე ამბობს: არა მგონია, აზერბაიჯანის მთავრობამ ახლომხედველობა გამოიჩინოს და ახალ ავანტიურაში შეყოს თავი, თუმცა რამდენადაც საქმე გვაქვს ქვეყანასთან, რომელმაც დაკარგა რეალობის გრძნობა, ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ ჩვენი ხალხი მთიან ყარაბაღში, სომხეთის მეზობელ რეგიონებში და, საერთოდ, დავიცვათ სომხეთი. ამისთვის გავაძლიერებთ არმიას, მაგრამ, ამასთანავე, ვიქნებით მზად გავაგრძელოთ მოლაპარაკება, როგორც ომის ალტერნატივა, განუცხადა სომხეთის პრეზიდეტმა სერჟ სარქისიანმა რადიო თავისუფლების სომხურ რედაქციას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG