Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრო ბუაჩიძის "ღამის ნათელი"


გამომცემლობა პალიტრა L-მა, სერიაში, "ახალი ქართული ლიტერატურა", ანდრო ბუაჩიძის "ღამის ნათელი" გამოსცა, კრებული, რომელიც პოეტის მიერ 80-იანი წლებიდან დღემდე დაწერილ ლექსებს მოიცავს.

თანამედროვე ქართული პოეზიის მოყვარულისთვის კრებულის პირველი და ბოლო რკალის ლექსები იქნება განსაკუთრებით საინტერესო, რადგან ერთი მხოლოდ ე.წ. "სამიზდატის" გამოცემით იყო ცნობილი, ბოლო პერიოდის ლექსები კი აქამდე არცერთ კრებულში არ შესულა. არის ლექსები, რომლებიც პირველად ქვეყნდება წიგნში. 300 გვერდზე მეტი მოცულობის ეს წიგნი 3 ათწლეულის მანძილზე დაწერილ ლექსებს აერთიანებს. მოვუსმინოთ თავად ანდრო ბუაჩიძეს:

"ჩემი ლექსები ჟურნალ ‘მნათობში’ დაიბეჭდა პირველად, ზუსტად 1990 წელს. მერეც პერიოდულად იბეჭდებოდა 90-იან წლებში, ძირითადად "არილში", ჯერ გაზეთში, შემდეგ ჟურნალში. ეს ლექსები დაწერილია 80-იანი წლების ბოლოს, უკვე როცა რაღაც ძვრები ხდებოდა საქართველოში და 90-იან წლებში, როცა სრულიად თავისებური და უცნაური სიტუაცია შეიქმნა ქვეყანაში. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ის უსინათლობა, სიბნელე, გზადაკარგულობის თუ გამოუვალობის განცდა რაღაც სიმბოლურ ნიშნებს იძენდა ამ პოეზიაში, ამ ლექსებში, ალბათ, და ბუნებრივია, რაღაც დრამატიზმსა და ტრაგიკულ ელფერს სძენდა ამ ლექსებს".

ანდროსთან ასეთი სიმბოლური ნიშნები თემებად ყალიბდებიან – სასაფლაოები, ვაკის, საბურთალოს თუ ვერის სასაფლაოები, ელნათურები, მთვარის შუქი, ტროტუარები, ფილაქნები, ქვაფენილები, საავადმყოფოები, ქელეხები და დაცარიელებული აგარაკები ის სივრცეებია, სადაც ეს თემები კონკრეტული დროის ნიშნებად იშლებიან:

"დროის მიღმა პოეტი არ არსებობს, იგი ყოველთვის რაღაც დროშია მოქცეული, მისი ლექსები აღბეჭდავს გარკვეულ დროს, ვითარებას, განწყობას, სოციალურ გარემოს... ყველაფერს, პოლიტიკურსაც. რა თქმა უნდა, პოეტი, ლირიკოსი, არ არის პუბლიცისტი, მაგრამ განწყობა, ეპოქისმიერი (თუ მიკროეპოქაა), ყოველთვის განფენილია ლექსებში რაღაცნაირად. 90-იან წლებში, რასაკვირველია ეს იყო გზადაკარგულობა, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა, წავიდა ამ ქვეყნიდან... არ შეიძლებოდა ამას არ მოეხდინა ჩემზე შთაბეჭდილება და რაღაცნაირად ამერიდებინა ეს ჩემი ლექსებისთვის, ცოტა უხერხული გამოთქმაა, მაგრამ... რასაც მე თვითონ ვერ ავერიდე, ბუნებრივია, ის ჩემს სულიერ მოღვაწეობაში არ იქნებოდა არიდებული და უგულებელყოფილი, არამედ პირდაპირ, უშუალოდ აღიბეჭდებოდა ეს ყველაფერი, ეს განწყობა, ეს სიტუაცია, წვრილმანებიც კი აღიბეჭდებოდა ჩემს ლექსებში".

აღიბეჭდებოდა, ანუ როგორც ანდრო იტყვის ხოლმე, გარდატყდებოდა. ავიღოთ თუნდაც მისი ქრესტომათიული "გადამტყდარი ლექსები", სადაც გადატყდომა მსხვრევასაც აღნიშნავს და ასახვასაც. როგორც სხივი გარდატყდება, მის ლექსებში ისევე გარდატყდება მთვარის ნათელი, მკვდრის ღიმილი, ღამის ვიტრინა და სხვ.

ანდრო ბუაჩიძის პოეზიაში ყველაზე ბუნებრივი ხედვა შორ მანძილებზე ხედვაა, მაგალითად, აივნიდან, ფანჯრიდან დანახული პეიზაჟები, დაღამება, ქალაქის განათება, რომელსაც წერტილ-წერტილ ითვლის პოეტი. ბოლო წლებში ნუცუბიძის მაღალი ფერდობიდან, მეოთხე მიკრორაიონიდან უყურებს ანდრო ქალაქს, ადრე ანდრო დიღომში ცხოვრობდა, ახლა კი პლატოდან აკვირდება თრიალეთის ქედის კუდებს, ბაგებს, ვაკის და საბურთალოს სასაფლაოებს. ანდრო ბუაჩიძის პოეზიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანიც ესაა, შორიდან დანახული ციმციმი, ელნათურები, შორეული განათებული ფანჯრები და იმის წარმოდგენა, რომ ამხელა სიმრავლეში რაღაც ერთეულის, განსაკუთრებულის გამორჩევა შეიძლება.

ანდროსთან ძალიან ხშირად მოგონებებზეა აგებული პოეტური ნარატივი, ეს მოგონებები ხან ძალიან კონკრეტულია, ხანაც ზოგადი, ზოგჯერ რეტროსპექტულია, ზოგჯერ კი წარსული ნაფხრეწებად ჩანს. მთავარი ისაა, რომ ანდროსთან პოეტური სიმყუდროვე მარტივად მიიღწევა, იგი არ ახვავებს ნივთებს და გრძნობებს ამ პოეტური სიმყუდროვის მისაღწევად, მისი ხსოვნის ნატურმორტი, როგორც წესი, ერთი-ორი დეტალისგან შედგება ხოლმე.

ანდრო ზედმიწევნით ურბანული პოეტია, მის გეოგრაფიაზე ზემოთაც ვთქვი და აქ დავძენ, რომ მისი ქალაქური სივრცე სულ რამდენიმე ტოპონიმით შემოიფარგლება – დიღომი, დიღმის ხიდი, დიღმის მასივი, ბაგები, თრიალეთის ქედი... მტკვარი განსაკუთრებული პერსონაჟია ანდროსთან, იგი ხან სასაფლაოს გავს, ხანაც შესანიშნავ ევფონიულ ხლართებში მოედინება, სადაც სახელი მტკვარი დეკონსტრუქციას განიცდის: "ვინ იცის, მტკვარი როგორ უმზერს შენს ირიბ იღბალს, / ის ხომ უცხოა, დამღუპველი, ცივი და მკვდარი, / გადაიხედო გინდა სადღაც ცხოვრების მიღმა, ვაითუ, მთვარე დაინახო ბრტყელი და მდარე". ბოლო პერიოდის ლექსებში განსაკუთრებით ხშირად ახსენებს პოეტი სოლოლაკს, თავისი ბავშვობის უბანს: "ისევ ვბრუნდები ამაღლების ქუჩაზე ბედად, / აქვეა დედა, ბინდბუნდივით შემდგარი დედა...", "და უკან დამრჩა მე სიზმარივით / ქუჩა და სკვერი, და სოლოლაკი...", "ცხოვრება იყო ალბათ სიზმარი, / სოლოლაკი კი არის გოლგოთა".

ყველა ზემოთმოყვანილ სტრიქონში გაწაფულმა ყურმა ნაცნობი ინტონაციები შეიძლება დაიჭიროს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ანდრო ბუაჩიძე ძალიან ნაყოფიერად მუშაობს წინამორბედ პოეტებთან, ქართულ კლასიკურ თუ XX საუკუნის პოეზიასთან. აი, მაგალითად, გალაკტიონის ინტერტექსტი, სადაც ერთდროულად ორი ლექსის ცნობილ სტრიქონებს ამოიცნობს მკითხველი: "ათოვს სველ სინდისს, ათოვს სველ თვალებს, / საღამო ავლებს ხელს მოაჯირებს, / შეუმჩნეველი იქნება მთვარე, / არ შეიძლება, ვინმეს დაჭირდეს".

ანდრო ბუაჩიძის ლექსიკა ხანდახან არქაულია, უფრო სწორად, ზედმეტად ხატოვანი, მჭექარე, ბასრი. მაგ. ზმნები – იწმახნის, გავეზრახები, ანდა სიტყვები – ნაჭდობები, ნაწიბურები, ნამზღვლევი, ლაჟვარდები, წკვარამი, ნიშანსვეტი... გარდაცვლილ მეგობრებზე ლექსს ანდრო არ დაასათაურებს ასე: "მეგობრებს, რომლებიც აღარ არიან", ან "მეგობრებს, რომლებიც წავიდნენ", ანდრო ასე იტყვის, "მეგობრებს, რომლებმაც ცხოვრების მიჯნას გადააბიჯეს". სხვათა შორის, ამ თემასთან დაკავშირებით მახსენდება ანდროს დაუვიწყარი პოეტური ფორმულები, რომლებიც წლების მანძილზე არ ამოდის მეხსიერებიდან: "იქით კი ვაკის სასაფლაოა / და ჩემი ძველი ამხანაგები", ან ეს: "და მერამდენედ გავახსენდები / ბნელში გადასულ ჩემს ამხანაგებს".

ანდროს ძალზე საინტერესო მიგნებები აქვს ლექსთწყობის თვალსაზრისითაც. აქ ამ თემაზე დიდხანს ვერ გავჩერდებით, უბრალოდ, ერთ ლექსს გაგახსენებთ, რომელიც ქართული ლექსისთვის ძალიან იშვიათი, 18-მარცვლიანი საზომითაა დაწერილი. უნდა ითქვას, რომ ქართული კლასიკური ლექსი საერთოდ არ იცნობს 18-მარცვლიანს, იგი გვხვდება მხოლოდ დაქტილური ჰექსამეტრის გადმოცემისას, მაგ. ლევან ბერძენიშვილის თარგმანში, არისტოფანესთან, ანდა მისსავე თარგმნილ "ბაყაყებისა და თაგვების ომში", ერთი-ორჯერ, XX საუკუნის პოეტებთან. ხოლო ანდროსთან ამ ექვსტერფიანმა დაქტილმა ლამის ბლუზის ჟღერადობა შეიძინა: "გავიდა ზამთარი. ასე გადასულა რამდენი ზამთარი, / თან წაუყოლია დარდი, თავგადაკვლა, თვლემა, სიუცხოვე...". პირადად მე ძალიან მომწონს ეს საზომი.

ანდროს პოეტიკის ზუსტად გადმოსაცემად ბევრი სტრიქონის დამოწმება შეიძლება, სადაც თითქოს ერთადაა თავმოყრილი მისი პოეზიის უმთავრესი ნიშნები. აი რამდენიმე მაგალითი: "მე წავალ, ვივლი ქვაფენილებზე, / ელნათურებქვეშ, კოჯრის გზისაკენ, / მე ვივლი ღამე, დაუდევარი / ცხოვრების მერე, ალბათ მანამდეც...", ანდა ეს: "ისევ ვეშვები სოლოლაკის დაღმართზე, ისევ, / სადაც სახლების წინ ქანაობს ირიბი სივრცე, / დავექანები ამაღლების დაღმართზე კვლავაც / და ქვაფენილზე ელნათურა სინათლეს რკალავს, / და მე იმ რკალში ვდგავარ და შიგ ვათავსებ წარსულს, / ვდგავარ კარგახანს და რკალიდან გამოსვლა არ მსურს."

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ანდრო ელნათურების პოეტია, მასთან ვარსკვლავიანი ცა ნებისმიერ დროს შეგვიძლია ქალაქის მოციმციმე შუქებით ჩავანაცვლოთ, ეს შუქები, ელნათურები ხან მოკლული ლექსებია, ხანაც ისინი ადამიანებს გვანან, "თავის ცოდვებს რომ ვერსად გაექცნენ / და სინანულით რომ ანათებენ...". ბოლოს კი დასკვნის სახით მინდა ანდროს კიდევ ერთი შესანიშნავი სტროფი მოვიყვანო, მისი უზუსტესი პოეტური ავტოპორტრეტი: "ელნათურები რომ აიკრიფონ / და რომ წავიდნენ ამ ქალაქიდან, / მაშინ ვერაფერს ვეღარ გაიგებ / ჩემი ჩამქრალი ლაპარაკიდან".
XS
SM
MD
LG