Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუბილე სიმღერებით, დაკოცნებითა და სხვა უხერხულობებით


არ შეიძლება მოხუცი ადამიანის ასე შეშინება! მით უმეტეს - მისსავე დაბადების დღეზე!

მე რომ მკითხო, ექსცენტრული ადამიანები საერთოდ არ უნდა მოიპატიჟო წვეულებაზე! ასეთები სხვებსაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ და საკუთარ თავსაც!

რა იყო ეს?

ან პრემიერ-მინისტრი როგორ იქცეოდა ან პრეზიდენტი!

როგორ შეიძლება ამათი ერთად გამოჩენა! თავს გვჭრიან!

ეს კოაბიტაცია კი არაა, ბოდიშს ვიხდი, რაღაც მაიმუნობაა!

ვერ დავადასტურებ, მაგრამ ხმა გამოვიდა, თითქოს პატრიარქს უთქვამს: მეტ დაბადების დღეს აღარ გადავიხდი, ან თუკი გადავიხდი, ამათ სატელეფონო ზარებს არ ვუპასუხებო.

როგორ შევრცხვით კონსტანტინოპოლის პატრიარქის წინაშე! ნახეთ, არა, რა ნერვიულად ჭამდა მჟავე კიტრს? ასე ხდება, როცა უსაქციელო სტუმრებს დაპატიჟებ და შფოთავ, რაიმე უკადრებელი არ იკადრონ...

და მკადრებლები რომ არიან, ფაქტია.

ან ეს გაცილება-გამოცილება რაღა იყო?

ასეთ უხერხულ წუთებში აუცილებლად უნდა ემღერა პატრიარქს (ან, მინიმუმ, მარიამ როინიშვილს მაინც); პრემიერიც მორჩებოდა ცანცარს და პრეზიდენტიც შეწყვეტდა უწმინდესის მოწაფოებრივ-ფარისევლურ დაკოცნას (მთელი დღე კოცნა, არ ამოასუნთქა იუბილარი). კონსტანტინოპოლელ ბართლომეოსს უთქვამს: ასეთი მოსიყვარულე პრეზიდენტი თუ გყავდათ, არც მეგონა, აბა, მე კოშმარშიც ვერ წარმომიდგენია, ერდოღანი რომ მექაჩებოდეს საკოცნელადო!

ამ მხრივ, პრეზიდენტმა აშკარად გადაუსწრო "მსოფლიობას" (როგორც მას ქართველ ჟურნალისტ გოგონათა სპეცრაზმი უწოდებს) პაატა ბურჭულაძეს, რომელიც აგერ უკვე წლების განმავლობაში თანმიმდევრული მგზნებარებით გვიკოცნის პატრიარქს... თუმცა პრეზიდენტისგან განსხვავებით ზუსტად არტყამს მიზანში (როგორც პირდაპირი, ასევე ფიგურალური მნიშვნელობით): ამბორსაყოფად გაქაჩული პრეზიდენტი ხან მხარზე უქლასუნებს ცხვირ-პირს პატრიარქს, ხან მკლავზე და ხან კიდევ კვერთხზე... და ერთხელ, საერთოდ, თავი ვერ შეიკავა და უწმინდესის დაბღვერილ-ნეტარ დაცვის წევრს ეცა ინერციით.

პრემიერს, როგორც ვატყობთ, კოცნა არ ეხერხება, ცოტა ზიზღიანია (მაგრამ ისწავლის, არა უშავს, - ქართული პრობლემები ასწავლიან ანგარიშიან დაკოცნებს!), თუმცა მხცოვანი იუბილარი კი დაგვიფრთხო უცნაურად არაეთიკური ვერბალური "ხვანცალით"!

ბევრი რამ ამოიკითხეს ამ მცირედ თეატრალურ გაცილება-არგამოცილებაში: გაღიზიანება და წყენა (ერთი მხრიდან), ფსევდო-თვითჩმორვა და ვითომ არწყენა (მეორე მხრიდან), სინამდვილეში კი ეს ყველაფერი რომელიმე "კოლმეურნის ქორწინებას" ან "უდიპლომო სასიძოს" თუ დაამშვენებდა:

სოფელში ბრიგადირის დღეობაა. ნაწყენი მეზობლები შეთვრნენ და წასვლის წინ წაკბინეს ერთმანეთს: "უშანგი უფრო გიყვარს შენ და მაგი გააცილე. ქათმები რომ მეიპარა გუშინ, მაგი არ გახსოვს...", "რატომ ვუყვარვარ მე უფრო? მაგი ქათმები რა სახსენებელია აქანა..."

რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება პარლამენტი? ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, საერთოდ საჭირო თუა უმაღლესი საკანონდებლო ორგანო უკიდურეს პროვინციაში? მგონი, ჩვენ პატარა კლუბიც გვეყოფა.

მანამდე კი - მომავალ საიუბილეო აღსაყდრებამდე!
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG