Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში პარლამენტის მანდატებით ვაჭრობენ?


ელშად აბდულაევი და სევინჯ ბაბაევა ფარულ ვიდეოჩანაწერზე
ელშად აბდულაევი და სევინჯ ბაბაევა ფარულ ვიდეოჩანაწერზე
მსგავსად საქართველოსი, სადაც საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა საპატიმროებში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა, რამაც უთუოდ მოახდინა გავლენა კენჭისყრის შედეგზე, აზერბაიჯანშიც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ვიდეოჩანაწერებმა, რომლებიც პარლამენტის ადგილებით ვაჭრობას და სხვა სკანდალურ ფაქტებს ასახავს.

ამ ქვეყანაში ბოლო პოლიტიკური სკანდალი დაიწყო სექტემბერში, როცა აზერბაიჯანის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ელშად აბდულაევმა გამოაქვეყნა 2005 წელს გაკეთებული ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც აღბეჭდილია პარლამენტის ადგილებით ვაჭრობის სცენები. აი, ერთ-ერთი მათგანის ნაწყვეტი:

გულარ აჰმადოვა: „ფულს მე თვითონ ვიღებ. ესაა ჩემი ფასი. თუ გადაიხდი, პარლამენტში ადგილი განაღდებული გაქვს. შენი გადასაწყვეტია.“

ელშარ აბდულაევი: „შენ ხუთასი ათასი მითხარი.“

გულარ აჰმადოვა: „ახლა ამას აღარ ვამბობ.“

ამ ვიდეოზე ელშად აბდულაევი და გულარ აჰმადოვა მაგიდას უსხედან. აზერბაიჯანში აჰმადოვას ბევრი „სიდედრის“ მეტსახელით იცნობს. ის მმართველი პარტიის, „იენი აზერბაიჯანის“, მაღალი რანგის წევრია. ამ ვიდეოჩანაწერზე, აჰმადოვა აბდულაევს ეუბნება, რომ თუ ის თანხას გააორმაგებს, ანუ მილიონ მანათს გადაიხდის, მას გარინტირებული აქვს პარლამენტის წევრობა (მილიონი მანათი დაახლოებით 637 ათას აშშ დოლარს შეადგენს).

აჰმადოვა და მისი მდივანი, სევინჯ ბაბაევა, თანამოსაუბრეს არწმუნებენ, რომ აბდულაევის მიერ უკვე გადახდილი 500 ათასი მანათი ჯერ კიდევ სექტემბერში გადასცეს „ოსტატ რამიზს“, ანუ რამიზ მეჰდიევს, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელსა და აზერბაიჯანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს. ამ საუბრის შემდეგ აბდულაევმა გამოაქვეყნა შვიდი ვიდეოჩანაწერი, საიდანაც აშკარა ხდება, რომ 74 წლის მეჰდიევი შექმნილი აქვს კორუფციული ქსელი და მას სასტიკი მეთოდებით მართავს. აბდულაევი დაიმუქრა, რომ თუ მეჰდიევი არ გადადგებოდა, ის სხვა მასალებსაც გამოაქვეყნებდა.

ბოლო ხანს გავრცელებულ ვიდეოკადრებზე აბდულაევი განმარტავს, რატომ მიმართა ასეთ ხერხს, რომელიც აშკარად ჰგავს შურისძიების კამპანიას. საქმე ეხება მის ძმას, მაჰირს, რომელიც უშიშროების სამსახურის მაიორი იყო და 2003 წელს გაუჩინარდა. აზერბაიჯანის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი რამდენიმე წლის წინ წავიდა უცხოეთში და ახლა სტრასბურგში ცხოვრობს. მისი მტკიცებით, პარლამენტში ადგილის ყიდვა მას იმისთვის სურდა, რათა გადაერჩინა თავისი, აწ უკვე გარდაცვლილად მიჩნეული ძმა.

როგორც აბდულაევმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს უთხრა, ვიდეომასალის გამოქვეყნება მან იმიტომ გადაწყვიტა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უარი უთხრა, გამოეძიებინა მეჰდიევის კავშირი მისი ძმის მოტაცებასთან და არჩევნების გაყალბების საქმე: „იურისტებიც და ჩემი ადვოკატიც მეუბნებიან, რომ ჩემს ხელთ არსებული მტკიცებულების ათი პროცენტიც რომ ჰქონოდათ ხელში, საქმეს აღძრავდნენ. თვით ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოში. მეკითხებიან, საფრანგეთში რატომ წახვედიო. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. აზერბაიჯანის სასამართლოში მინდოდა საჩივრის შეტანა. მათ კი ჩემი ოჯახის ტერორიზება დაიწყეს.“

ის, რომ არც აბდულაევია მამა აბრამის ბატკანი, თუნდაც იმით ჩანს, რომ ყოფილი რექტორი თავადაც მზად იყო, „საჭირო ხალხისთვის“ ქრთამი შეეთავაზებინა, თანაც ასეთი დიდი თანხა. მისი წარსული მოღვაწეობის შესახებ არსებობს ვარაუდები, რომ ის აქტიურად მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში. ამ მხრივ ახალი თითქოს არაფერია. მაგრამ აბდულაევის მიერ ხსენებული ვიდეომასალის გავრცელებას ბაქოში ხმაურიანი რეაქცია მოჰყვა. ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ბაბაევას, ზემოთ ხსენებული მდივნის, სევინჯ ბაბაევას, გარდაცვალებამ. ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერზე მეჰდიევი მას უწოდებს „ძუნწ ვირთხას“, რომელმაც არ მოიტანა დაპირებული თანხა, 50 ათასი დოლარი. ბაბაევა თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა 26 დეკემბერს. მისი ვაჟი, აიჰან მამადოვი ამბობს, რომ დედამისი გულარ აჰმადოვამ მოწამლა. აჰმადოვა ბრალდებას უარყოფს. ის ბაბაევას „ავადმყოფს“ უწოდებს და არ სურს მისი ვაჟის, როგორც თავად ამბობს, „სულელური ბრალდებების“ კომენტირება.

ასეა თუ ისე, საქმე, რომელსაც უკვე უწოდეს „გულარგეიტი“, ვითარდება და აჰმადოვას მოუხდა როგორც მმართველი პარტიის, ისე პარლამენტის დატოვება. მეტიც, გასულ კვირაში მას შინა პატიმრობა მიუსაჯეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ელის მეჰდიევს. ის აზერბაიჯანის ძველ მმართველთან, ჰეიდარ ალიევთან დაახლოებული პირი იყო და, როგორც ექსპერტები ამბობენ, დიდი როლი შეასრულა ილჰამ ალიევის გაპრეზიდენტებაში.

ოქტომბერში აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. სავარაუდოა, რომ ალიევი მესამე ვადით შეინარჩუნებს პრეზიდენტის სავარძელს. მით უმეტეს, რომ, როგორც ბაქოელი ექსპერტი, ჰუსეინბალა სალიმოვი ამბობს, ეს სკანდალი ვერ იქონიებს არჩევნების შედეგზე ისეთ გავლენას საქართველოს მსგავს ზეგავლენას მისი აზრით, მეჰდიევი რომც ჩამოაშორონ ხელისუფლებას, დაასუსტონ, არ არსებობს აზერბაიჯანის ისეთი ოპოზიციურ ფიგურა, ვინც მეტოქეობას გაუწევდა ალიევს. ასეთი მეტოქე კარგა ხანს არ გამოჩნდებაო, პესიმისტურადაა განწყობილი ჰუსეინბალა სალიმოვი: „მთავრობის შემადგენლობაში ძველი ხალხია. პოლიტიკურ სარბიელს ისინი, ალბათ, მალე დატოვებენ. მაგრამ თუ სისტემა, მისი საფუძვლები არ შეიცვალა, ერთი ოფიციალური პირის მეორით ჩანაცვლება, არაფერს მოიტანს“, ფიქრობს ბაქოელი ექსპერტი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG