Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება გაუმჯობესდა


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
ამ დღეებში გამოქვეყნდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰერიტიჯის ფონდის" (Heritage Foundation) რეიტინგი "ეკონომიკური თავისუფლება – 2013". ამ კვლევის თანახმად, რომელიც 177 ქვეყანას შეისწავლის, საქართველომ 13 საფეხურით წინ წაიწია და 21-ე ადგილი დაიკავა. ინდექსის ავტორთა აზრით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომელიც ბოლო წლების მანძილზე საქართველოში განხორციელებულ ცვლილებებს ასახავს.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ "ჰერიტიჯის ფონდის" ინდექსი არ ასახავს 2012 წლის მდგომარეობას, ის უფრო მეტად 2010 და 2011 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო-ნორმატიულ ცვლილებებს ითვალისწინებს. შედეგად, საქართველომ 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2.8 ქულით გააუმჯობესა და 72,2 ქულით 177 ქვეყნის მაჩვენებლებს შორის 21-ე ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო მე-11 პოზიციაზეა.

„ჰერიტიჯის ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 10 ძირითადი პუნქტისგან შედგება, რომელთა ნაწილში საქართველომ დადებითი შედეგი აჩვენა, ნაწილი კი გაუარესდა. საქართველოს ქულებმა მოიმატა საკუთრების უფლების დაცულობისა და კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიებში, თუმცა საერთო ქულები 45-ს არ აღემატება, მაშინ როდესაც საგრძნობლად მაღალია ბიზნესის თავისუფლების მაჩვენებელი და ის, ამ კვლევის თანახმად, კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ასევე წინსვლა შეიმჩნევა სახელმწიფო ხარჯების, საინვესტიციო და ფისკალური თავისუფლებების მიმართულებით. ეს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგია, – ამბობს "ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მისი ორგანიზაცია წლების მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს „ჰერიტიჯის ფონდთან“:

გია ჯანდიერი
გია ჯანდიერი
"აღსანიშნავია, რომ მეოცე ადგილიდან მეორმოცე ადგილამდე ქულებს შორის დიდი განსხვავება არ არის და მცირე ზომის გაუმჯობესებასაც კი შეუძლია რამდენიმე ადგილის მოგება ამ ინდექსში. ჩემი აზრით, წინა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მეთოდოლოგიაში მოცემული მოთხოვნები შეესრულებინა იმ პუნქტებში, რომელთა გაუმჯობესება შესაძლებლად ჩათვალა".

გია ჯანდიერი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის იმ პუნქტებზეც საუბრობს, რომლებშიც საქართველოს წინა მაჩვენებლები გაუარესდა ან კვლავაც დაბალი რჩება, რაც პრობლემების არსებობაზე მიუთითებს:

"კვლევა აჩვენებს სისუსტეებს - ეს არის განსაკუთრებით კერძო საკუთრების დაცულობის საკითხი, კორუფციის საკითხი და ასევე მონეტარული თავისუფლების საკითხები. მაგალითად, მონეტარული თავისუფლების ხარისხი გაუარესდა, რადგან 2010 წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა ინფლაცია. შემდეგ წლებში ეს გაუმჯობესდა, თუმცა ინდექსში მოგვიანებით აისახება".
იაპონია გაცილებით მაღალ დონეზეა საკუთრების დაცვის საკითხში, ისევე როგორც კორუფციის სფეროში უფრო მაღლა არის. მაგრამ თუ ავიღებთ და შევადარებთ ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის ფისკალური თავისუფლება, საქართველო საკმაოდ სჯობნის იაპონიას ...
გია ჯანდიერი


„ჰერიტიჯის ფონდის“ კვლევაში საქართველოს მაჩვენებელმა კლება განიცადა შრომის თავისუფლების ქვეპუნქტშიც. ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით ახალი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელს არ შეუწყობს ინდექსის გაუმჯობესებას. რეიტინგის თანახმად, ჯერჯერობით უცვლელი რჩება საქართველოს ფინანსური თავისუფლებისა და ვაჭრობის თავისუფლების ინდექსები. ამ კომპონენტების კრებული ქმნის საქართველოს საერთო ქულას, რომელიც ოდნავ მაღალია, ვიდრე, მაგალითად, იაპონიის მაჩვენებელი, რომელიც 24-ე პოზიციაზეა. როგორ აჩვენებს საქართველო მსოფლიოში მოცულობით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყნის რეიტინგზე უკეთეს შედეგს, ეს ბევრს აეჭვებს, მათ შორის, საქართველოშიც. "ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტმა გია ჯანდიერმა იაპონიის ეკონომიკური თავისუფლების ქულებს საქართველოს მაჩვენებლები შეადარა და შემდეგი სურათი მიიღო:

"მაგალითად, მონეტარული თავისუფლება... რამდენად სწორი მონეტარული პოლიტიკაა. იაპონია გაცილებით მაღალ დონეზეა იმავე საკუთრების დაცვის საკითხში, ისევე როგორც კორუფციის სფეროში უფრო მაღლა არის. მაგრამ თუ ავიღებთ და შევადარებთ ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის ფისკალური თავისუფლება, საქართველო საკმაოდ სჯობნის იაპონიას იმავე, მაგალითად, საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებით".

საქართველოს და იაპონიის მონაცემების შედარება
საქართველოს და იაპონიის მონაცემების შედარება
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს რეიტინგი და მისი მაჩვენებლები არ ასახავს, მაგალითად, საქართველოს და იაპონიის ცხოვრების დონეს ან ეკონომიკის განვითარების ხარისხს. ინდექსი მხოლოდ იმ გარემოს, საკანონმდებლო ბაზას აღწერს, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებას განაპირობებს. სწორედ ამგვარ თავისუფლებას მიიჩნევენ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად. ამ მიზნის მისაღწევად რომ საქართველოში ბევრი რეფორმა გატარდა, ეს აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გია ჯანდიერი ლაპარაკობს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის განცხადების შესახებ, რომელშიც ნათლად ჩანს განხორციელებული ცვლილებების შედეგი:

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისის ხელმძღვანელმა თბილისში ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა სწორი პოლიტიკა, როდესაც ხარჯავდა გარკვეულ სახსრებს, რომ ეკონომიკა არ გაჩერებულიყო. როდესაც მას ჰკითხეს, რომ ამას ყველა აკეთებდა მაგრამ 7 პროცენტიანი ზრდა არ ჰქონდა ყველას, მან უპასუხა, ცხადია, რომ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, რომელიც შექმნა მთავრობამ, ეს იყო მთავარი მამოძრავებელი ამ ზრდისა, რომელიც საქართველოს ჰქონდაო".

გია ჯანდიერს და სხვა ეკონომისტებსაც იმედი აქვთ, რომ თუ საქართველომ ეკონომიკის თავისუფლების რეიტინგში მიღწეული შედეგის შენარჩუნება შეძლო ეკონომიკური განვითარება კვლავაც გაგრძელდება, რაც ცხოვრების დონის გაუმჯობესების წინაპირობაა. სწორედ ეკონომიკურ თავისუფლებას უკავშირდება იმ ქვეყნების წარმატება, რომლებიც წლების მანძილზე არავის უთმობენ "ჰერიტიჯის ფონდის" თუ სხვა ანალოგიური ინდექსის ლიდერობას. ესენია: ჰონგ-კონგი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, შვეიცარია, კანადა, აშშ და სხვ.
XS
SM
MD
LG