Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებები ხალხის სამსჯავროზე


საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მისაღებად ემზადება, თუმცა მანამდე, ერთი თვის განმავლობაში, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უნდა მოაწყოს ამ ცვლილებათა საერთო-საჯარო განხილვა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ქუთაისი აღარ იქნება პარლამენტის ერთადერთი ადგილსამყოფელი, ხოლო პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ დანიშნავს მთავრობას. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება უფლება ნებისმიერ დროს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 იანვარს თბილისის იუსტიციის სახლში შეიკრიბა. კომისიის წევრის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, კომისიას არ გაუჭირდება აუხსნას ხალხს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებების შეტანა. მისი აზრით, მოქმედი ნორმა, პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ქმნის პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხეს, რადგანაც პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი და ერთპიროვნულად დანიშნოს ახალი მთავრობა:

„ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს ისეთი მთავრობა, რომელსაც არ ექნება პარლამენტის, ანუ ხალხის, ნდობა. იდეა ამ გარემოების შეცვლისა ბუნებრივად წარმოიშვა იმის გამო, რომ ვიდრე ასეთი მდგომარეობა იქნება, მუდამ იარსებებს პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხე, რაც პრეზიდენტმა შეიძლება შექმნას ერთი ხელმოწერით“.

კომისიის კიდევ ერთი წევრი კი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ზაქარია ქუცნაშვილი, ამბობს, რომ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს ექნება უფლება დაითხოვოს პარლამენტი, თუმცა ახალ არჩევნებამდე დარჩება ის მთავრობა, რომელიც ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა დანიშნა:

„პრეზიდენტს ექნება უფლება ნებისმიერ დროს დაითხოვოს პარლამენტი, ანუ ამ სახით გაეზრდება უფლება, მაგრამ შეეზღუდება მეორე უფლება - ერთპიროვნულად დანიშნოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ ერთ კაცს არ ექნება მთელი მთავრობის დანიშვნის უფლება“.

საპარლამენტო უმრავლესობის ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა, რომლის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კრიზისის შესაძლებლობა ხელისუფლების უსაფუძვლო შიშების შედეგია, თუმცა უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, ლევან ბეჟაშვილი, ამბობს, რომ აქტიურად იქნება ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის პროცესში:

„გვაინტერესებს კონკრეტული შინაარსი, რა იგეგმება და როგორ განხორციელდება, რა საკანონმდებლო გარანტიები იქნება იმისათვის, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროექტის განხილვაში, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები, გავეცნოთ უმრავლესობის პოზიციას და მხოლოდ და მხოლოდ აზრთა შეჯერების შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, დავუჭიროთ თუ არა მხარი ცვლილებების პროექტს“.

კომისიის მუშაობაში, პარლამენტის წევრების გარდა, მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. „სამართლიანი არჩევნების“ ხელძღვანელი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია 2013 წლის ოქტომბრამდე, ანუ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, პოლიტიკურმა კლასმა შეძლოს თანაცხოვრება მოქმედი კონსტიტუციით:

„ის ფაქტი, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია საჭიროებს თანაცხოვრებას, ძალიან კარგია და კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ შედგება იმის პრეცედენტი, რომ ხელისუფლების ორივე შტო შეძლებს ახალ არჩევნებამდე თანაცხოვრებას და რაღაც რვა თვის გამო არ განხორციელდება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები“.

რაც შეეხება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მეორე ნაწილს, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრას შეეხება, უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, პარლამენტის თბილისში გადატანით მხოლოდ უმრავლესობა როდია დაინტერესებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ცვლილებას ღიად მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობის არც ერთი წევრი - მათ შორის, აკაკი ბობოხიძე:

„მთელი პრობლემა, იცით, რაშია? სად არის დედაქალაქი, ამაზე კი არ ჯავრობენ, ჯავრობენ მხოლოდ იმაზე, რომ უწევთ თბილისსა და ქუთაისს შორის სიარული. დღევანდელმა მმართველმა ძალამ იდეა - „ქათაისი საპარლამენტო დედაქალაქად“ - აქცია ფიქციად. ქუთაისი დღეს არის მხოლოდ პარლამენტის სხდომების ჩატარების ადგილი“.

ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ეწინააღმდეგებიან თავად ქუთაისელებიც. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, ქალაქმა, პარლამენტის გადატანაზე გაუთავებელი საუბრით, უკვე დაკარგა მნიშვნელოვანი ინვესტიციები და განვითარების პერსპექტივა:

„არადა, ფუნქციების გადანაწილება ქალაქებს შორის მოიტანს იმას, რომ საქართველო განვითარდება თანაბრად და არამხოლოდ თბილისი, თორემ ცოტა ხანში აღმოჩნდება ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იქნება თბილისში და მივიღებთ რეგიონებს, რომლებიც იქნება დაცარიელებული როგორც მოსახლეობის, ასევე ინტელექტისაგან“.

ხვიჩა ვაშაყმაძე და სხვა ქუთაისელები თავიანთ მოსაზრებებს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატებს 17 იანვარს გაუზიარებენ. საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვების საორგანიზაციო კომისია სწორედ 17 იანვარს აპირებს ქუთაისელებთან შეხვედრას, თუმცა ორი დღით ადრე, ანუ 15 იანვარს, კომისიის წევრები ცვლილებების აუცილებლობაში ზუგდიდელების დარწმუნებას შეეცდებიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG