Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფასო თუ შეღავათიანი მშობიარობა?


სამშობიარო სახლი თბილისში
სამშობიარო სახლი თბილისში
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პირველი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება და რომ მშობიარობის თანხას ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც თებერვლიდან ამუშავდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაახლოებით 800 მილიონი ლარიდან რა თანხა იქნება მიმართული მშობიარობაზე. როგორც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ის საბაზრო ფასთან მიახლოებული იქნება. სანამ არ გარკვეულა, თუ რა ოდენობის თანხით დააფინანსებს სახელმწიფო მშობიარობას, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ზოგადად მისასალმებელია, თუმცა ის, სავარაუდოდ, უფასო მშობიარობას არ უნდა ნიშნავდეს.

26 წლის მარიამ გიორგაძე მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ და მშობიარობას დღე-დღეზე ელის. კლინიკა, სადაც იმშობიარებს, უკვე არჩეული აქვს. ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის დაახლოებით 1000 ლარის გადახდა მოუწევს. მარიამი ამბობს, რომ თუ სახელმწიფო მშობიარობის დაფინანსებას გადაწყვეტს, სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო მინიმალური თანხა მაინც უნდა გაითვალისწინოს, რათა მომსახურების ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს:

”ექიმებს, მომსახურე პერსონალსაც უნდა შეუქმნან ის სიტუაცია, რომ ნორმალური პირობები შეუქმნან მშობიარე ქალს და მარტო მშობიარე ქალზე აქცენტი საკმარისი არაა”.

თუმცა, მარიამის სიტყვებით, სახელმწიფოს მიერ მშობიარობის თანხის თუნდაც ნაწილობრივ დაფინანსება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. მშობიარობის თანხის დაფინანსებას მიესალმება ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კონსულტანტი, წინა მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძეც, თუმცა, მისი სიტყვებით, კითხვა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრების ოდენობასთან დაკავშირებით ჩნდება:
ის ვალდებულება, რასაც იღებს სახელმწიფო და ფონდი, ეს არ იქნება ხარისხის ზარალის ფასად, ანუ თანხა გათვლილი იქნება ისე, რომ პაციენტმა მიიღოს მაღალხარისხიანი და სრული სამედიცინო მომსახურება ...
დიმიტრი ხუნდაძე

”თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გვყავს დაახლოებით 65 ათასამდე მშობიარე, შესაბამისად, თანხაც გათვლილი უნდა იყოს 65-70 ათას მშობიარეზე, და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რამდემინე წლის წინ ეს თანხა იყო 400 ლარი, - ეს ის თანხაა, რომელსაც სახელმწიფო იხდიდა სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად და, გარდა ამისა, სახელმწიფო თანხას იხდიდა პათოლოგიურად მიმდინარე მშობიარობისთვის; ამაში ითვლებოდა, ძირითადად, დედის დახმარება, - მაშინ ჩვენ რამდენიმე ათეულ მილიონზე, დაახლოებით 30 მილიონზე, უნდა ვისაუბროთ. თუ მთავრობა შეძლებს ამ თანხის მობილიზებას, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი”.

პასუხი ოთარ თოიძის ამ კითხვაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ჯერ არა აქვთ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვისთვის გათვალისწინებული 800 მილიონი ლარიდან რა თანხა გამოიყოფა მშობიარობისთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის მომსახურების საფასურის საბაზრო ფასთან მიახლოებული იქნება. ამასთან, დიმიტრი ხუნდაძის სიტყვებით, ერთიანი სადაზღვევო ფონდიდან გამოყოფილი თანხა სრულიად საკმარისი იქნება სამშობიაროდ საჭირო ჯანდაცვის სტანდარტით გათვალისწინებული ხარჯებისთვის. დამატებითი კომფორტისთვის თანხა მშობიარემ თავად უნდა გადაიხადოს.

”ის ვალდებულება, რასაც იღებს სახელმწიფო და ფონდი, ეს არ იქნება ხარისხის ზარალის ფასად, ანუ თანხა გათვლილი იქნება ისე, რომ პაციენტმა მიიღოს მაღალხარისხიანი და სრული სამედიცინო მომსახურება. ახლა, თუ მომსახურება სხვა ფულად ხარჯებს ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ფონდი ამაში ვალდებული არ იქნება”,- ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

სახელმწიფოსგან მშობიარობის დაფინანსებაში მონაწილეობას აბსოლუტურად მისასალმებელს უწოდებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და წინა მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მაგდა ანიკაშვილი. თუმცა მაგდა ანიკაშვილი გასულ წლებში უმწეოთა დაზღვევას და იმ საფასურს იხსენებს, რომელსაც სახელმწიფო ფარავდა და ამბობს, რომ თანხის უკმაროსობის პრობლება ყოველთის იდგა და ახლაც არსებობს იმის რისკი, რომ, იმ ქალბატონებთან შედარებით, რომელთაც თავად შეუძლიათ საფასურის გადახდა, დაიჩაგრონ სახელმწიფოს მიერ დაზღვეულები - არა სამედიცინი სერვისის, არამედ სხვა მომსახურების თვალსაზრისით:
თუ არ იქნება საკმარისი, მაშინ სხვაობას, ალბათ, დაამატებს თვითონ პაციენტი, თუ მას უნდა იმშობიაროს ამ სამშობიაროში, თუ არადა, შესაძლებელია იყოს ისეთი სამშობიაროები, როგორიც ადრე იყო ...
დავით დავარაშვილი

”თუნდაც კვება, თუნდაც მაქსიმალური კომფორტი, სანიტარული პირობების ან პირველადი ჰიგიენური საშუალებების თვალსაზრისით. ეს არის აუცილებელი, რომ მაღალ დონეზე იყოს ყოველი მშობიარობის დროს, არ აქვს მნიშვნელობა, უმწეოა ოჯახი თუ არა. ამიტომ აუცილებელია, რომ საბაზრო ღირებულებასთან ახლოს იყოს ის თანხა, რომელზეც შეთანხმდებიან სამინისტრო და სამშობიარო სახლები”.

სამშობიარო -გინეკოლოგიური კლინიკა ”ბიბიდას” განყოფილების გამგე დავით დავარაშვილი ამბობს, რომ მათ კლინიკაში ნებისმიერი მომსახურების საფასური ოფიციალურადაა გამოკრული - იქნება ეს ფიზიოლოგიური მშობიარობა, საკეისრო კვეთა, გაუტკივარება და ა.შ. ამასთან, განსხვავებული ფასებია საერთო და ინდიდუალურ პალატაზე. დავით დავარაშვილის სიტყვით, თუ სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტი ამ საფასურს დაფარავს, მაშინ პაციენტებს გადასახდელი არაფერი ექნებათ, ხოლო თუ ვერ დაფარავს, მაშინ თავად მშობიარეს მოუწევს საფასური თანხის დამატება ან ისეთი კლინიკის არჩევა, სადაც განსხვავებულ ფასებს შესთავაზებენ. ამდენად, დავით დავარაშვილის სიტყვებით, მათ კლინიკაში მომსახურების ხარისხზე გავლენას სახელმწიფოს მიერ გადახდილი საფასური არ იქონიებს და, უბრალოდ, იმ ქალბატონებს, ვინც ”ბიბიდაში” გადაწყვეტს მშობიარობას, გარკვეული თანხით ნაკლები დაუჯდება მშობიარობა სახელმწიფოს ხარჯზე:

”ყველაფერი დამოკიდებული იქნება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებზე. თუ ეს თანხა დაფარავს იმ საფასურს, რასაც კლინიკის პერსონალთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, ძალიან კარგი; თუ არ იქნება საკმარისი, მაშინ სხვაობას, ალბათ, დაამატებს თვითონ პაციენტი, თუ მას უნდა იმშობიაროს ამ სამშობიაროში, თუ არადა, შესაძლებელია იყოს ისეთი სამშობიაროები, როგორიც ადრე იყო, ლიმიტირებული, რომლებიც მხოლოდ ისეთ პაციენტებს ემსახურებოდნენ, რომელთაც აფინანსებდა სახელმწიფო, თუ მას სხვა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა”.

კონკრეტულად, რა თანხას გადაიხდის სახელმწიფო მშობიარობისთვის, მოგვიანებით გაირკვევა, ამბობს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თუ აქამდე სახელმწიფო მხოლოდ სოციალურად დაუცველთა მშობიარობას აფინანსებდა, 1 ივლისიდან ეს დაფინანსება საყოველთაო გახდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG