Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების ინიციატივები მედიას


პარლამენტის შენობის ინტერიერი
პარლამენტის შენობის ინტერიერი
”ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ 2013 წლიდან მთავრობა მედიას ურთიერთობის ახალ სტანდარტს შესთავაზებს, რაც მედიისთვის ღირსეული საკანონმდებლო და ბიზნესგარემოს შექმნაზე იქნება დამოკიდებული. ამ სტანდარტის დაწესებას, როგორც ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, ელისო ჩაფიძე აცხადებს, ახალი ხელისუფლება რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივით შეეცდება. ეს ინიციატივები მედიას წინასაშობაო შეხვედრაზე 6 იანვარსაც შეახსენეს. თავისუფალი მედიის გაძლიერებას, როგორც ადრე ითქვა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ერთი მილიონი ლარიც მოხმარდება - უკვე ცნობილია ის ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ამ თანხას მათ მიერ შერჩეულ მედია პროექტებზე გაანაწილებენ. რა შეფასებას აძლევს და სჭირდება თუ არა მედიას ხელისუფლების მხრიდან წამოსული ინიციატივები?

” ‘საზოგადოებრივ მაუწყებელზე’ ილაპარაკეს, გვითხრეს, რომ ეს ტელევიზია აღარ უნდა იყოს ”ჯიბის ტელევიზია” და საზოგადოებრივ დებატებში მედიაც იყოს ჩართული, რომ პარლამენტარებს ყველა ბეჭდვით მედიას გამოუწერენ, რომ სასამართლო პროცესების გადაღება შეგვეძლება”, - მოგვითხრობს
საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი ლექსო ნაბახტეველი, ერთ-ერთი იყო იმათგანი, ვისაც ”ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერმა 6 იანვარს მედიასთან დაკავშირებული ინიციატივები გააცნო და გახსნილი ურთიერთობა შესთავაზა. ამ ინიციატივების განხორციელების შემთხვევაში, ელისო ჩაფიძე - ყოფილი ჟურნალისტი, დღეს კი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი - პოლიტიკაში მოსვლის საკუთარ მისიას შესრულებულად ჩათვლის. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება მედიას რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას სთავაზობს: ”საერთო სასამართლოების შესახებ კანონის” თანახმად, მედიას უბრუნდება სასამართლო პროცესის გადაღების უფლება; საგადასახადო კოდექსის ცვლილებით, პრესას დაუწესდება გარკვეული საგადასახადო შეღავათები; ადმინისტრაციულ კოდექსში უფრო ნათლად განისაზღვრება კანონის ის ნორმა, რომელიც საჯარო ინფორმაციის მიღებას დააჩქარებს. პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებაც - ხელისუფლების ერთ-ერთი ინიციატივა სწორედ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება:

”ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული საჯარო დებატებში, რომლის გახსნასაც ჩვენ ვაპირებთ მალე და ეს იქნება ერთთვიანი საჯარო დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს „საზოგადობრივი მაუწყებელი“. ერთი თვე ის ვადაა, რომელიც უნდა იყოს ხოლმე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისათვის დათმობილი“.

”ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ასევე გადაწყვეტილია, რომ პირველი იანვრიდან პარლამენტის დეპუტატებისთვის პრესას კვლავაც გამოიწერენ.
მე ვფიქრობ, რომ საფუძველშივე პრეზიდენტის ეს ინიციატივა უკანონო და დაუსაბუთებელი იყო და ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც კი ამ პროცესში მონაწილეობს, ზუსტად იმას უწყობს ხელს, რომ მედია მაქსიმალურად დამოკიდებული იყოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე ...
თამარ კორძაია

პარალელურად, ცნობილი გახდა, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაუდგებიან სათავეში პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტს". ესენია ”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი", რომელსაც გია ნოდია ხელმძღვანელობს, და ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი. ახლა სწორედ ეს ორი ორგანიზაცია გამოაცხადებს ცალკეული მედიასაშუალებებისთვის კონკურსს და 1 000 000 ლარსაც ეს ორი ორგანიზაცია გაანაწილებს.

მედიის საკითხების მკვლევარი თამარ კორძაია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი მილიონის ხარჯვას დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობად ვერ აღიქვამს, პირიქით, ის ამბობს, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა მედიას ხელისუფლებაზე დამოკიდებულს ხდის:

”მე ვფიქრობ, რომ საფუძველშივე პრეზიდენტის ეს ინიციატივა უკანონო და დაუსაბუთებელი იყო და ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც კი ამ პროცესში მონაწილეობს, ზუსტად იმას უწყობს ხელს, რომ მედია მაქსიმალურად დამოკიდებული იყოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე და ანგარიშვალდებული იყოს დამფინანსებელი სუბიექტის მიმართ. აქ კი, ცხადია, რომ დამფინანსებელი საქართველოს პრეზიდენტი და სახელმწიფო ბიუჯეტია”.
მნიშვნელობა არა აქვს, პრეზიდენტი გამოყოფს ერთ მილიონს თუ, საპასუხოდ, მთავრობა რაღაც შეღავათს დაუწესებს. მე მაინც მგონია, რომ ეს მედიის გულის მოგების მიზნით კეთდება ...
პაატა ვეშაპიძე

მედიასთან ღია ურთიერთობის შეთავაზების ინიციატივას კი, რომელზეც ახალი მთავრობა ლაპარაკობს, თამარ კორძაიას აზრით, ყველა მედიასაშუალება კრიტიკულად და ფრთხილად უნდა შეხვდეს:

”მთავარი ის არის, რომ მედიამ ხელისუფლებას თავი არ უნდა მოატყუებინოს და კრიტიკული იყოს. თუ მას მიიწვევენ რაღაც შეხვედრაზე, იქ დასვას საჭირო კითხვები. თუ ფინანსებით არ ხდება ჩარევა ან რაიმე სარგებელს არ ხედავენ მედიასაშულებებთან ურთიერთობით, მაშინ ეს ურთიერთობა მედიის ”მოთაფვლად” ვერ ჩაითვლება. მედია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ გადაამოწმოს, დაეჭვდეს, დასვას კრიტიკული შეკითხვები”.

გაზეთ ”24 საათის” მთავარი რედაქტორის, პაატა ვეშაპიძის შეფასებით, ჯობს მედია თვითრეგულირებადი იყოს და ინიციატივები ხელისუფლების არც ერთი შტოდან არ მოდიოდეს. მისივე აზრით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქართულმა მედიამ საკუთარი წესებით ვერ იმოქმედა. ეს კი ხშირ შემთხვევაში იწვევს იმას, რომ თამაშის წესებს მთავრობა აწესებს:

”მნიშვნელობა არა აქვს, პრეზიდენტი გამოყოფს ერთ მილიონს თუ, საპასუხოდ, მთავრობა რაღაც შეღავათს დაუწესებს. მე მაინც მგონია, რომ ეს მედიის გულის მოგების მიზნით კეთდება და ქართული მედიის განვითარებას ხელს არ შეუწყობს”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG