Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხათუნა გოგორიშვილი - პარლამენტის დეპუტატი


9 დეკემბერი, კვირა
ბავშვობაში, რომ აღმოვაჩენდი, რომ ჩემი რომელიმე მეგობარი დღიურებს წერდა, სულ ვფიქრობდი, ნეტა რატომ წერს, რა აზრი აქვს – თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ისედაც მთელი ცხოვრება მემახსოვრება და თუ დამავიწყდა, ე.ი. არ ყოფილა დამახსოვრების ღირსი-მეთქი. ახლაც იმავე აზრზე ვარ: შემიძლია დეტალურად გავიხსენო 35 წლის წინანდელი ამბავი – თარიღი, სად ვიყავით, ვინ, ვის რა ფერი კაბა ეცვა, რა ვილაპარაკეთ; და შეიძლება ხუთი დღის წინ რა მოხდა, ბუნდოვნად მახსოვდეს. ასე რომ, ეს ჩემთვის დღიურის წერის პირველი მცდელობაა...

როდესაც რადიო თავისუფლებიდან დამირეკეს და ამ პროექტში მონაწილეობა მთხოვეს, სამი კვირა ვწელავდი, ხან რა მოვიმიზეზე და ხან - რა (მიზეზი ყველა შემთხვევაში ნამდვილი იყო, უბრალოდ, ალბათ, დრო მჭირდებოდა, რომ გადაწყვეტილება მიმეღო). ჰოდა, საბოლოოდ, დღიურის პირველი დღე შემთხვევით 9 დეკემბერს დაემთხვა! მაგრამ შემთხვევით ხომ არაფერი ხდება! დიახ, დღეს 9 დეკემბერია – ზურა ჟვანიას დაბადების დღე და ჩემს ცხოვრებაში პირველი დღიურის პირველი დღე ზურას ეძღვნება – ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს და მენატრება, რომელთან შეხვედრამაც განსაზღვრა ჩემი ცხოვრება და რომელიც, ამას რომ ვეუბნებოდი, ყოველთვის სიცილით კვდებოდა და მეუბნებოდა, თქმა რა ბედენაა, მთავარია, მემუარებში დაწეროო.

დილიდან საფლავზე ვიყავი, ბევრი ადამიანი ვნახე, ზოგი ისეთიც, ბევრი წელი რომ არ მენახა, ზოგიც ისეთი, ხშირად რომ ვნახულობ, მაგრამ ფაქტი ერთია: ყველა ის ადამიანი, რომელიც ზურასგან ან ზურას გამო გავიცანი, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეიძლება წლობით არ ვნახულობდე, შეიძლება კარგი ურთიერთობა მქონდეს, შეიძლება ცუდი, მაგრამ ერთი რამ ყველას საერთო აქვს - მათს დანახვაზე აუცილებლად ზურასთან დაკავშირებული რამე მახსენდება.

არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს ჩემი და ზურას პირველი შეხვედრა გამახსენდა. 1979 წლის მაისი, ბიოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო ოლიმპიადა პიონერთა სასახლეში. დასკვნით ეტაპზე 16 მოსწავლე გავედით. მე მაშინ „კომაროვის“ მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი და ყველა გაკვირვებით მიყურებდა - კომაროველს ბიოლოგიის ოლიმპიადაზე რა უნდაო?! ზურა I ექსპერიმენტული სკოლის მეათეკლასელი იყო. სანამ ოფიციალური ნაწილი დაიწყებოდა, ვიღაც ხუჭუჭა ბიჭი მოვიდა ჩემთან და მკითხა, თქვენი თემაა ცხოველების ქცევის შესახებო? მეგონა, ჩემ გარდა ეგ არავის აინტერესებდაო, და მერე დიდხანს ვილაპარაკეთ. იმ წელს ზურას თემამ პირველი ხარისხის დიპლომი აიღო, ჩემმა თემამ - მესამე ხარისხისა.
თავისუფლების დღიურები - ხათუნა გოგორიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:11:15 0:00

10 დეკემბერი, ორშაბათი
დღეს გამორჩეული დღეა – ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად (რა თქმა უნდა, თუ ავად არ ვიყავი) ისე დაღამდა, რომ სახლიდან არ გავსულვარ. კარგად გამოვიძინე, მერე სახლი დავალაგე, საჭმელი გავაკეთე და უცებ მივხვდი, რომ არ ვიცი, რას აკეთებს ადამიანი, როცა მთელი დღე სახლშია: ტელევიზორს უყურებს? ტელეფონით ლაპარაკობს? წიგნს კითხულობს? რას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, ჩემი საწერი მაგიდის უჯრები დამელაგებინა. ჰოდა მივყევი – ბოლო 6 წლის კომუნალური გადასახადების ქვითრები – გადასაყრელია! ნეტავ მაკულატურას აბარებენ სადმე? ჩემს ბავშვობაში 20 კგ.-ზე „სამი მუშკეტერი“ იცვლებოდა. ახლა არ ვიცი – ამიტომ ვყრი. მეორე უჯრა – კომპიუტერის დისკები, მეხსიერებები (არ ვიცი, „ფლეშკას“ ქართულად რა ჰქვია). დავიწყე სათითაოდ გასინჯვა, რომელზე რა იყო ჩაწერილი, და აღმოვაჩინე, რომ უმეტესობაზე ფოტოებია, დახარისხებული თემებისა და თარიღების მიხედვით. 21.01.02 დიდი ფოლდერია: მიხო დაიბადა – ჩემი დის პირველი შვილი. სამშობიაროს ეზოში მომლოდინე ადამიანების პორტრეტები გადამიღია. ძირითადად ყველა გაყინულია – საშინელი ამინდი იყო! მერე სამშობიარო ბლოკი, ერთი საათის მიხო ხელზე შებმული წარწერით – „კაცი“. ძალიან სასაცილოა! მერე სხვა დისკებს მივყევი: მიხოს პირველი ნაბიჯი, პირველი ახალი წელი, პირველი დაბადების დღე. შემდეგ უკვე სანდროს (მეორე დისშვილის) დაბადება. იმავე ქრონოლოგიით სანდროს პირველი ნაბიჯიდან პირველ დაბადების დღემდე. შემდეგ ძალიან საინტერესო ფოტოები ვიპოვე: ორი პატარა კაცი ყვავილებით ხელში დედას და პატარა დას ელოდება სამშობიაროს ეზოში. მერე უკვე პატარა ქალბატონის ფოტოებია და ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ორივე ძმის ერთად. ფოტოები კი კარგი ხარისხისაა, მაგრამ ერთი მინუსი აქვს ციფრულ ფოტოებს - არასოდეს ჩქარობ, რომ დაბეჭდო და მეც არ დამიბეჭდავს. დიდხანს ვარჩევდი ამ ათასობით ფოტოდან, რომლები დამებეჭდა, და ამოვარჩიე. იმედია, კიდევ წლები არ დამჭირდება. მერე ჩემი ფოტოების დათვალიერება დავიწყე: საბავშვო ბაღი, სკოლა, ჩემი კლასელები, სტუდენტობა, ზაფხულის პრაქტიკები, ბათუმი, ბორჯომი, რაჭის ექსპედიცია, სოხუმი, გაგრა, ბიჭვინთა, მერე მუშთაიდი, „იმელის“ პარლამენტი, პარლამენტი. ხან რა გამახსენდა, ხან – რა. საათს შევხედე. მთელი დღე გასულა, უკვე გვიანი ღამეა.

მესამე უჯრა დასალაგებელი დამრჩა!

11 დეკემბერი, სამშაბათი
ორი დღის წინ უცნობმა ადამიანმა დამირეკა. ამერიკელი იყო, ატლანტის უნივერსიტეტის მკვლევარი ვარ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ქალთა საზოგადოებრივ აქტივობაზე ვწერ თემას და თქვენთან შეხვედრა მინდაო. დღეს შევხვდი. უცნაური და საინტერესო შეხვედრა იყო. პირველი შეკითხვა ასეთი იყო:

„თქვენ 48 წლის ხართ და აქედან 24 წელი (ანუ ცხოვრების ნახევარი!) საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობას ეწევით. უკან რომ დაგაბრუნონ, შეცვლიდით თქვენს გადაწყვეტილებას?“ დავაპირე, მოკლე პასუხი გამეცა, – „არა“– მაგრამ გადავიფიქრე და ვკითხე, საიდან იცით-მეთქი. მიპასუხა, „დავგუგლეო“. კიდევ რა „დაგუგლე“ ჩემ შესახებ-მეთქი, ვკითხე და მოვისმინე მოკლე „სტატისტიკური“ მონაცემები ჩემი ცხოვრების შესახებ: როდის სად ვმუშაობდი, რამდენი ხანი არასამთავრობო სექტორში, რამდენი – სახელმწიფო სამსახურში, რამდენი წელი ვიყავი ხელისუფლებაში, რამდენი – ოპოზიციაში, რა ჰობი მაქვს... მერე დიდხანს ვილაპარაკეთ საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე, ქალების როლსა და ჩართულობაზე ამ პროცესებში. მაგრამ თავში სულ ერთი კითხვა მიტრიალებდა: ეს “დაგუგლვა” ნეტავ კარგია თუ არა?

12 დეკემბერი, ოთხშაბათი
დღეს 12 დეკემბერია, ანუ 12.12.12. გუშინ ტელევიზორში თქვეს, 12 საათსა და 12 წუთზე სურვილს თუ ჩაიფიქრებთ, აუცილებლად აგისრულდებათო. დრო გამეპარა, საათს რომ დავხედე, 12.20 იყო.

გადავწყვიტე, რაიმე განსაკუთრებული გამეკეთებინა ამ განსაკუთრებულ დღეს. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მოვიფიქრე: რა არის ქალისთვის ყველაზე სასიამოვნო? მაღაზიებში სიარული. და გამახსენდა, რომ რაც „თბილისი-მოლი“ გაიხსნა, იქ არ ვყოფილვარ. ხან რეკლამა მესმის, ხან ჩემი გოგოები ჰყვებიან რაღაცებს – ეს ბრენდი შემოვიდა, ეს მაღაზია გაიხსნაო. ყველაზე საშინელება ჩემთვის არის მაღაზიაში მარტო სიარული და ჩემს მეგობარ ნინოს ვთხოვე, ჩემთან ერთად წამოსულიყო. წავედით. სანამ მოლამდე მივიდოდით, გზად „სუპერი“ „გადაგვეყარა“ საახალწლოდ მორთული ვიტრინებით, და ხმაც არ ამოგვიღია, მანქანამ ისე დაამუხრუჭა. ნაძვის ხეები, გირლიანდები, განათებები და, რაც მთავარია, ნაძვის ხის სათამაშოები. ტრადიცია ტრადიციაა – ყოველ წელს რამდენიმე ახალი სათამაშო! გადავწყვიტე, წელს თეთრი სათამაშოები მეყიდა და რამდენიმე სათამაშოს არჩევას საათზე მეტი მოვანდომე. ნეტავ, რამდენი წლის უნდა გავხდე, რომ ნაძვის ხის სათამაშოებზე აღარ გავგიჟდე?! ვაღიარებ, ახალი წელი ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ძალიან მიყვარს ნაძვის ხის მორთვა. ზოგიერთები თუ მეკვლედ დადიან კარდაკარ, მე ნაძვის ხის მოსართავად დავდივარ - ჩემს მშობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან.

ბოლოს და ბოლოს მოლსაც მივადექით. სამსართულიანი მიწისქვეშა სადგომი. უკვე საინტერესოა! ესკალატორი... და თავი უშველებელ სივრცეში ამოვყავი. ყველა მხარეს – მაღაზიები. ხალხი ბევრია. ყველაზე მეტი მაინც პროდუქტების მარკეტ „კარფურშია“. ბევრი ვიარე – ექსკურსია თბილისის შოპინ-სივრცეში. თავი უცხოეთში მგონია, მაგრამ ბრენდების დასახელება ქართულად წერია „მარკს & სპენსერი“, „ზარა“, „სტრადივარიუსი“... ძალიან სასიამოვნო გარემოა. ბევრი ვიარეთ, მერე კაფეში გემრიელი ყავა დავლიეთ და წამოვედით. მოკლედ, ხელფასს რომ ავიღებ, კარგი „საშოპინგო“ ადგილი ვიცი თბილისში.
რა ცუდია, რომ მომავალ წელს ვერანაირად ვერ იქნება 13.13.13 და ვერც მერე – 14.14.14...

დღეს მთელი დღე ვმუშაობდი – ბევრი საქმე დამიგროვდა. ელექტრონულ ფოსტაზე ბევრი წერილი მქონდა უპასუხოდ და ყველას ვუპასუხე. სია გავამზადე – უცხოელი მეგობრებიდან ვის უნდა მივულოცო შობა-ახალი წელი. მერე ინტერნეტში რაიმე ლამაზ საახალწლო ფოტოს მოვნახავ და ტექსტებსაც გავამზადებ. არ მიყვარს ერთნაირი, სტანდარტული ტექსტის გაგზავნა, ყველას განსხვავებული და ინდივიდუალური შინაარსის უნდა გავუგზავნო. ბევრი დრო მიაქვს, მაგრამ ასე მირჩევნია. არასოდეს ვპასუხობ მილოცვებს მობილურით, როცა ვხვდები, რომ ვისი ნომერიც ჰქონდათ მობილურში ყველასთან დაგზავნილია.

მერე ლექციებს ვამზადებდი. თებერვლიდან ახალი კურსის წაკითხვას ვიწყებ, მაგრამ სილაბუსი 15-მდე უნდა ჩავაბარო. ვერ დავამთავრე. არა უშავს, ორი დღე კიდევ მაქვს, მოვასწრებ.

საღამოს დედაჩემი და მამაჩემი ვნახე. მშობლებში ნამდვილად გამიმართლა – არც ზედმეტ შეკითხვებს მისვამენ, არც საყვედურებს მეუბნებიან. მარტო იმას ფიქრობენ, რით მასიამოვნონ. დრო რომ მქონდეს, ყოველ საღამოს მოვიდოდი.

14 დეკემბერი, პარასკევი
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც დღიურები უნდა წეროს. იმიტომ რომ თუ დეტალურ აღწერას არ შევუდგები, ჩემი სამუშაო დღეები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. კომპიუტერულ ენაზე რომ ვთქვა, ძირითადად copy paste-ით მომიწევდა სარგებლობა. პირდაპირ შემიძლია გადმოვწერო გუშინდელი დღე: ისევ მთელი დღე სამსახური, ისევ მთელი დღე კომპიუტერი, ისევ ლექციების მომზადება.

რა თქმა უნდა, არის განსხვავებებიც: სილაბუსი დავასრულე. მშობლებთან ვეღარ წავედი. სამაგიეროდ, ჩემი გოგოები მოვიდნენ სტუმრად და ერთი კვირის ამბები, თუმცა გაგვიჭირდა, ერთ საღამოში ჩავატიეთ...

15 დეკემბერი, შაბათი
თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება და განსაკუთრებულად ბევრი საქმე არ მაქვს, შაბათი დღე ბავშვებს ეკუთვნით – ჩემს სამ დისშვილს, სამ შესანიშნავ ადამიანს, რომლებზეც ვგიჟდები, მაგრამ ვცდილობ, ძალიან არ შემატყონ. 11 წლის მიხო, ცხრა წლის სანდრო და შვიდი წლის ხათუნა. სხვათა შორის, მე და ჩემი სეხნია ერთ დღეს ვართ დაბადებული და ის ამით ყოველთვის ცდილობს ისარგებლოს და თავისი უპირატესობა უფროს ძმებთან შედარებით დამატებითი არგუმენტებით გაამყაროს. სხვა „მიზეზიც“ ბევრი აქვს: ყველაზე უმცროსია, ერთადერთი გოგოა. მოკლედ, ოჯახში მთავარი პერსონაა და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ყველამ უნდა ვაღიაროთ მისი „გამორჩეულობა. ეს განსაკუთრებით მის უფროს ძმებს ეხება. ამას წინათ გამოუცხადა, როგორც თქვენ მე მომექცევით, ისე მოვექცევი თქვენს ცოლებსო. უკვე მულია.

დღესაც ბავშვების დღე მქონდა, ზამთრის სტანდარტული პროგრამით: კინო, „მაკდონალდსი“. პროგრამაა სტანდარტული, თორემ ამათი სტანდარტულობა ვის გაუგია! სულ მაინტერესებს რამდენიმე რამ: რატომ ეღვიძებათ დილის შვიდ საათზე, რაც უნდა გვიან დაიძინონ? რატომ არ ელევათ შეკითხვები? რატომ არ შეუძლიათ ხუთი წუთი გაჩუმდნენ და რატომ არ ბეზრდებათ „მაკდონალდსი“?!
მიუხედავად ამ „საშინელებებისა“, ჩვენი შაბათობები ძალიან მიყვარს და საკითხავია, ისინი უფრო ელოდებიან თუ მე?!

P.S.: ჩემი ცხოვრების ძირითადი დრო, რა თქმა უნდა, პოლიტიკას მიაქვს, მაგრამ გადავწყვიტე, დღიურებში პოლიტიკაზე ერთი სიტყვაც არ დამეწერა. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი რამ იქნებოდა, მე კი მგონია, რომ ეს პროექტი არაჩვეულებრივია!
XS
SM
MD
LG