Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრთან


ენვერ ხოჯა
ენვერ ხოჯა
ორშაბათს, 3 დეკემბერს, რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენვერ ხოჯა ეწვია. ჩვენმა კოლეგამ, რონ სინოვიცმა, შემთხვევით ისარგებლა და მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა პრიშტინის მისწრაფებების, შეშფოთების მიზეზებისა და იმ მიღწევების შესახებ, რომლებიც სერბიისგან 2008 წელს ცალმხრივად გამოყოფის შემდეგ გამოიკვეთა. „ახალი ევროპის“ დღევანდელ გამოშვებაში ამ ინტერვიუდან რამდენიმე ნაწყვეტს გაგაცნობთ:

კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჩვენმა კოლეგამ პირველი შეკითხვა დღეისათვის მწვავე ამბავზე დაუსვა - კოსოვოსა და ალბანეთის მოწოდებაზე გამოძიებულ იქნეს, ბოროტად ისარგებლა თუ არა თავისი ძალაუფლებით გაეროს ტრიბუნალის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, კარლა დელ პონტემ. კოსოვო და ალბანეთი კარლა დელ პონტეს ამ ბრალს იმის გამო უყენებენ, რომ მან კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის რამიშ ჰარადინაის ომის დანაშაულებისთვის გასამართლება მოითხოვა. გასულ კვირაში ჰააგის სასამართლომ ჰარადინაის გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კარლა დელ პონტემ ბოროტად ისარგებლა თავისი ძალაუფლებით და უფლებამოსილებით და ჩვენი მთავრობა ითხოვს სრულყოფილი, ამომწურავი გამოძიების ჩატარებას იმის დასადგენად, თუ რატომ ითხოვდა ის კოსოვოს ყოფილი პრემიერის მეორედ გასამართლებას, მაშინ როცა საამისოდ არანაირი ფაქტები არ არსებობდა. სასამართლომ უკვე დაამტკიცა, რომ ამის საჭიროება არ იყო. იმედი გვაქვს ამ საკითხს ნათელი მოეფინება, რადგან კარლა დელ პონტემ თავისი ქმედებით შეურაცხყო ბატონ ჰარადინაის, ჩვენი მოქალაქეების და მთელი კოსოვოს ღირსება“.

კოსოვოს მოსახლეობა 1,7 მილიონ ადამიანს შეადგენს. მისი დამოუკიდებლობა 90-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული, თუმცა გაეროს წევრი არ არის. რუსეთი და სერბია აცხადებენ, რომ არასოდეს ცნობენ კოსოვოს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
ჯერჯერობით სავსებით გვაკმაყოფილებს ის, რომ აღიარების პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ყოველ მეორე კვირას რომელიმე ახალი ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას ...
ენვერ ხოჯა

ჩვენმა კოლეგამ, რონ სინოვიცმა, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრს გაეროში პალესტინის საკითხზე ახლახან ჩატარებულ კენჭისყრაზეც დაუსვა შეკითხვა. პალესტინის ავტონომიისთვის გაეროს ”არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს” პალესტინელები დამოუკიდებლობის დე ფაქტო აღიარებად მიიჩნევენ. კოსოვოს ხელმძღვანელობა როგორ უყურებს გაეროში თავისი სტატუსის სამომავლო პერსპექტივას?

„ჯერჯერობით სავსებით გვაკმაყოფილებს ის, რომ აღიარების პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ყოველ მეორე კვირას რომელიმე ახალი ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტებში მივაღწიეთ გაწევრიანებას - მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში. ამ ეტაპზე გაეროში გაწევრიანების განაცხადის შეტანას არ ვგეგმავთ. ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა შესაფერისი დრო მოვა. ამჟამად ჩვენს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩემი აზრით, მიმდინარე წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევროპის კომისიამ ჩვენს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ იკითხება, რომ კოსოვოს შეუძლია დაიწყოს მოლაპარაკება სტაბილიზაციის და ასოცირების პროცესის შესახებ. იმედი გვაქვს, მომავალ წელს ეს პროცესი მართლა დაიწყება. ევროკავშირთან ამ ხელშეკრულების დადებით ძალიან მნიშვნელოვანი საკონტრაქტო ურთიერთობა დაიწყება კოსოვოს რესპუბლიკასა და ევროპის კავშირს შორის“.

ალბანეთში ახლახან სახელმწიფოებრიობის მეასე წლისთავი იზეიმეს. სადღესასწაულო დღეებში კოსოვოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და გარკვეული მინიშნებები გააკეთა იმ ფაქტის თაობაზე, რომ ალბანელები ერთ სახელმწიფოში არ ცხოვრობენ. მისი თქმით, ალბანელი ხალხი „ერთად, ევროპულ ჭერქვეშ უნდა ცხოვრობდეს“. მაინც რას ნიშნავდა ეს ფრაზა? როგორ ფიქრობთ, რა იქნება ის პირობები, რომელიც კოსოვოს და ალბანეთის გაერთიანებას სასურველს ან რეალისტურს გახდის? ჰკითხა ჩვენმა კოლეგამ კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრს:
გასულ დეკემბერს ჩვენ სერბიის რესპუბლიკასთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგში, მივაღწიეთ შეთანხმებას. ამ შეთანხმებით გათვალისწინებულია ექვსი გამშვები პუნქტის აგება ...
ენვერ ხოჯა

„კოსოვო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი ქვეყანაა და სამუდამოდ ასეთად დარჩება. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ სადღეისოდ კოსოვო 96 ქვეყანას ჰყავს აღიარებული, თავის საზღვრებში და თავისი ტერიტორიით. თავს მშვენივრად ვართმევთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაციის ამოცანას, ჩვენს საზღვრებში და ჩვენს ტერიტორიაზე. ამავე დროს, პროცესები კარგად მიდის კოსოვოს საერთაშორისო სისტემაში ინტეგრაციის თვალსაზრისითაც. მაგალითად, სამი კვირის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და ინტეგრაციის ბანკში გავწევრიანდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არ არის რეგიონის რომელიმე ქვეყანასთან გაერთიანება და საზღვრების შეცვლა. კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ერთადერთი მისწრაფება აქვს - ევროკავშირში გაწევრიანება. და ამ კავშირში რეგიონის სხვა სახელმწიფოების გაწევრიანებასაც მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს“.

10 დეკემბერს ძალაში შევა კოსოვოს შეთანხმება სერბიასთან საზღვრების ერთობლივი მენეჯმენტის თაობაზე. რატომ არის ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი კოსოვოსთვის? - ვკითხეთ საგარეო საქმეთა მინისტრს:

„გასულ დეკემბერს ჩვენ სერბიის რესპუბლიკასთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგში, მივაღწიეთ შეთანხმებას. ამ შეთანხმებით გათვალისწინებულია ექვსი გამშვები პუნქტის აგება კოსოვოს რესპუბლიკასა და სერბიის რესპუბლიკას შორის საზღვარზე. ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ და ამაზე ვლაპარაკობთ, ადგილზე უკვე დაწყებულია მზადება ოთხი ასეთი პუნქტის ასაშენებლად. ეს სხვა არაფერია, თუ არა კოსოვოს საზღვრების დე ფაქტო და დე იურე აღიარება სერბიის მიერ, ხოლო კოსოვოს საზღვრების აღიარება ნიშნავს იმ რეალობის აღიარებას, რომ კოსოვო დამოუკიდებელია და ამ საზღვრის მიღმა იწყება“.

ჩვენ აქტიურად ვართ დაინტერესებული იმით, რომ სერბიასთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს, და როგორც ჩვენ, ისე თავად სერბიამ იცის, რომ ევროპის სტრუქტურებთან დაახლოება ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე შეუძლებელი იქნებაო, - უთხრა კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG