Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამყაროს აღსასრული? - არა, მეტი სულიერების საჭიროება


მაიას ტომის კალენდარი
მაიას ტომის კალენდარი
21 დეკემბერი არასოდეს ყოფილა უბრალო დღე. 21 დეკემბერს უგრძესი ღამეა წელიწადში. მაგრამ, აი, 2012 წლის დასაწყისშივე დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ 21 დეკემბერს სამყარო აღესრულებოდა. მიზეზი იყო მაიას ტომის კალენდარი, რომელიც ამ დღეს, მედია ასე განმარტავდა, 21 დეკემბერს, წყვეტს წელთაღრიცხვას. მატერიალისტური მეცნიერებისთვის, ცხადია, სამყაროს აღსასრულზე ლაპარაკი არასერიოზულია. მაგრამ ერთია მისი პოზიცია, მეორეა ხალხის მოლოდინის განცდა, რომელსაც მედია აღვივებს, მეცნიერება კი ვერ აქარწყლებს. ჩვენ სამყაროსა და ადამიანის კვლევისა თუ შემეცნების გამორჩეული ფორმების წარმომადგენლებს გავესაუბრეთ იმ უბრალო მიზეზით, რომ მიმდინარე პროცესებისთვის არც წაყრუება გვსურდა და არც პანიკის მომხრე გვინდა ვიყოთ. აღსასრული, ბოლოს და ბოლოს, ვის არ უწინასწარმეტყველია!

ვოლფგანგ ჰელდი პუბლიცისტია, ასტრონომი, ის შვეიცარიასა და გერმანიაში მუშაობს. კითხვაზე, თუ რატომ ხვდება ხმებს სამყაროს აღსასრულის შესახებ ასეთი ნიადაგი საზოგადოებაში, ჰელდი გვიპასუხებს:

„ბევრს მოსწონს ეს შიში, ეს ძრწოლა და სამყაროს აღსასრულის სცენარებს იჯერებენ და ავრცელებენ. ამ შემთხვევაში, მაიას კალენდარმა და მისმა „დასრულებამ“ 21 დეკემბერს სინამდვილესთან დააკავშირა ასეთი განცდა და ეს კვებავს სამყაროს აღსასრულის შესახებ წარმოდგენას“.

და სჯერა მართლა ეს ვინმეს?

„უფრო უარესს გეტყვით, სამყარო 21 დეკემბერს კი არ აღესრულება, ის უკვე აღესრულა! აი, რის თქმა მინდა: სამყარო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ პრიმიტიულ- რაციონალურად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის, მდიდრისა და ღარიბის სახით, 21-ე საუკუნეში აღარ არსებობს. ის ბევრად უფრო რთული გახდა. და ეს განცდა, რომ ახალი გამოწვევებით აღსავსე ახალ სამყაროში ვცხოვრობთ, არის ნიადაგი, რომელზეც თამაშდება სამყაროს აღსასრულის სცენარები. ანუ ეს შინაგან სამყაროში ხდება, ხოლო გარეგნულად გამოიხატება ამ სამყაროს აღსასრულის თეორიებში“.

ვოლფგანგ ჰელდის განმარტებით, მაიას კალენდარი არ სრულდება, ის, როგორც ყველა კალენდარი, ბრუნვადია. ახლა, 2012 წლის 21 დეკემბერს, სრულდება მისი მე-13, 394 წლიანი ციკლი, მაგრამ ამით სამყარო კი არ სრულდება, არამედ, მაიას კალენდრის მიხედვით, შესაქმეს მომენტი მეორდება, რაც არა აღსასრული, არამედ დასაწყისია. ადამიანის დაბადების დღეც ყოველ წელს დასასრული კი არა, დასაწყისია. ამიტომ ვზეიმობთ მას, ამბობს ჰელდი და, თავისი ოპტიმისტური მიდგომის საილუსტრაციოდ, გვეუბნება, რომ ადამიანი სამყაროს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. სამყარო თითოეულ ადამიანში იცვლება. ადამიანს ახასიათებს აზროვნება, გრძნობა და ნება-სურვილი და ამ სამივე სფეროს ახლებურად უნდა მოვეკიდოთ.

ვოლფგანგ ჰელდი
ვოლფგანგ ჰელდი
თითქოს ანალოგიურად უყურებს სამყაროს ვოლფგანგ მაიკ ცელინგერი, ავსტრიელი აიჰუასკა- შამანი, რომელსაც ამ სულიერი სტატუსის მიღებისას „ბლეკ იგლი“, ანუ შავი არწივი, ეწოდა. ცელინგერი ვენაში მუშაობს და, როგორც თვითონ გვიამბო, ის, რასაც აკეთებს, ადამიანებს როგორც ეხმარება და მკურნალობს, კანონიერია, სასამართლოს ძალით მოპოვებული უფლებაა. აიჰუასკა, შამანის განმარტებით, სულიერი სამკურნალო ცერემონიაა, რომელიც ადამიანებს მათი საკუთარი შინაგანი სამყაროსკენ გზას უჩვენებს. როგორც შამანმა გვიამბო, გარდა ცნობილი დაავადებების მკურნალობისა, აიჰუასკა წარმატებულია ნარკოტიკული ნივთიერებებისა თუ ალკოჰოლის მიჩვევის მკურნალობის სფეროშიც. ვოლფგანგ მაიკ ცელინგერი, ასე ვთქვათ, ავსტრიის სახელმწიფოს მიერ აღიარებული შამანი, განგვიმარტავს, რომ მედიის მიერ სამყაროს აღსასრულის შესახებ ცნობების გავრცელება ხშირად მხოლოდ სენსაციის მოხდენას ისახავს მიზნად:

„ის, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება ხუთიათასწლოვანი წელთაღრიცხვა, მართალია. ჩვენ დიდი ხანია ვამჩნევთ, რომ დრო ინტენსიური გახდა. ასეა ეს ცხოვრების ყველა სფეროში. ამას თითქმის ყველა ამჩნევს თავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში. ცნობიერ ცხოვრებასა და ზედაპირულ არსებობას შორის უფსკრული გაიზარდა“.

შამანის შეხედულებას თავისებურად განმარტავს ვოლფგანგ ჰელდი, რომელიც აზუსტებს ვითარებას:

„21 დეკემბერს არაფერი მოხდება. ეს არაა განსაკუთრებული თარიღი. რაც ამ წლებში ხდებოდა, დაწყებული ევროპის საფინანსო კრიზისით და დასრულებული კლიმატის საკითხით, გვიჩვენებს, რომ სამყარო, როგორც მას ჩვენ ვიცნობთ, ვეღარ გააგრძელებს არსებობას - შემოტრიალება, შემობრუნება უნდა მოხდეს. ეს ფაქტია. ამიტომ ვამბობ, რომ ბევრი ამჯობინებს სამყაროს აღსასრულის თეორიებზე მხოლოდ ფიქრს, რადგან თვითონ შეუძლია უქმად იყოს, ამას დაელოდოს. მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ახალი სამყარო ჩვენ უნდა შევქმნათ“.

სხვადასხვა საზოგადოება, ჰელდის დაკვირვებით, სხვადასხვაგვარად რეაგირებს ასეთ ცნობებზე. მაგალითად, სამხრეთ ამრიკაში, სადაც ასტროლოგიას ყურადღებით ეკიდებიან, მეტი ინტერესია ასეთი ფენომენების მიმართ. მაგრამ ჰელდს ერთ საკითხზე სურს მიგვანიშნოს:

„მაიას ეს კალენდარი 3112 წლის წინანდელია. მაშინ მაია არ არსებობდა. თვალში საცემია, რომ ქრისტეს დაბადებამდე მეოთხე ათასწლეულში რამდენიმე კალენდარი იღებს სათავეს. მათ შორისაა ჩინური და ებრაული კალენდრები. ამავე ეპოქაში იწყებს ადამიანი წერასაც. ასე რომ, ეს სიახლე იყო დროის თვალსაზრისით - წერით ადამიანი დროს იგებს! შესაძლებელი გახდა რაღაცების წარსულიდან მომავალში წაღება. და აი, ამ დასაწყისიდან მოვედით ახლა დასასრულთან და საჭირო გახდა ახალი დასაწყისი!“

ვოლფგანგ მაიკ ცელინგერი
ვოლფგანგ მაიკ ცელინგერი
ამ დასაწყისზე ლაპარაკობს სხვაგვარად აიჰუასკა-შამანი, „შავი არწივი“, ვოლფგანგ მაიკ ცელინგერი:

„სულ ერთია, ამ წინასწარმეტყველებებზე ბევრს ილაპარაკებენ თუ არა; სულ ერთია, რომელ წინასწარმეტყველებას დაიჯერებენ - წმინდა წერილისას თუ სხვას; მე არ მჯერა სამყაროს აღსასრულისა! რაც მართლა მჯერა, და ამას სულ უფრო მკაფიოდ ვხედავთ, ეს ისაა, რომ იცვლება ენერგიები, ძალები... და ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებაში სულიერებას, სხეულს, სულს და სამშვინველს მართლაც ჩართავს, შეძლებს ამ ცვლილებას ბევრად უფრო იოლად აუღოს ალღო, შეძლებს გაიგოს, როგორ იცხოვროს შეცვლილ მომავალში. ის კი, ვინც სხვა გზით წავა, უფრო ზედაპირული გახდება და ამ ცვლილებებს თავის გარშემო საერთოდ ვეღარ აღიქვამს“.

ვალპურგა ჰქვია სახელად ჩვენს რესპონდენტს, რომელიც აღიარებული კუდიანია. ამ სახელს დღეს უარყოფითად უყურებენ ხოლმე გაუთვითცნობიერებელი ადამიანები. არადა, საქმე სულ მარტივადაა: კუდიანები შეარქვეს შუა საუკუნეებში განსაკუთრებული უნარების მქონე ქალებს, რომლებიც ბუნების ძალებთან ახლო კონტაქტში არიან. მათ ეკლესია ებრძოდა და მუსრი გაავლო როგორც სხვაგვარად მოაზროვნეებს. სხვათა შორის, კათოლიკურმა ეკლესიამ აღიარა, რომ შეცდომა იყო კუდიანების დევნა. ვინ მოგანიჭათ-მეთქი ეს ტიტული, კუდიანის ტიტული, ვკითხე ფაიალას, იმავე ვალპურგას, სანამ სამყაროს აღსასრულისას ადამიანისთვის გზის ჩვენებაზე თავის აზრს გვეტყოდა:

„მედიტაციის მასწავლებელმა, როცა 22 წლისა ვიყავი, ანუ ჩემი ნახევარი ცხოვრების წინ, კერძო საუბრისას მკითხა, რა გქვიაო. მე ვუპასუხე პურგი-მეთქი. ოო, მომიგო მან, რას ნიშნავს პურგი - ვალპურგა, ნოტპურგა თუ ფრიდპურგა, რომელი გქვიაო. მე ვუთხარი, ვალპურგა-მეთქი. ოო, შენში კუდიანიაო, მითხრა და მას მერე, ჩემი ცხოვრება ასე წარიმართა. ამ მხრივ ხელდასხმაც მაქვს მიღებული. ვალპურგა მართლაც ჯადოქრის, კუდიანის სახელია. დედაჩემსაც ასე ჰქვია. ჩემი პირველი პროფესია მცენარეებით მკურნალობის ხელოვნებაა. ვისწავლე ასევე თეოლოგია. სულიერი ადამიანი ვარ. ვისწავლე ფიზიკური შრომით მკურნალობის მეთოდოლოგია. ასე რომ, ბევრი რამ მახასიათებს ისეთი, რაც კუდიანს შეიძლება ჰქონდეს“.

ვალპურგა ცელინგერი
ვალპურგა ცელინგერი
ვალპურგა კუდიანი ფაიალა ამბობს, რომ ის არ წარმოადგენს კუდიანის გავრცელებულ სტერეოტიპს. მისთვის კუდიანი ბუნებასთან დაკავშირებული ქალია, რომელიც პატივს სცემს ფესვებს, ძველ ცოდნას, რომელიც წინაპრებმა შემოგვინახეს. როგორ ეხმარება ის ადამიანებს ოცდაერთი დეკემბრის მოლოდინში და მის მერე?

„მე ადამიანებს ვეხმარები, საკუთარი ჭეშმარიტებით იცხოვრონ, მოძებნონ საკუთარი შინაგანი გზა, სერიოზულად აღიქვან ის, რაც მათში თვლემს. ცხოვრებაში ხომ ასეა: ადამიანები იმას აკეთებენ, რაც მათი არ არის, რასაც თვითონ ელიან, მათგან საზოგადოება მოელის, სამსახური მოითხოვს. ამ ყველაფრის გამო კი ადამიანი ვერ არის ბედნიერი და, უარეს შემთხვევაში, ავადაც შეიძლება გახდეს როგორც ფიზიკურად, ისე მშვინვიერად. და რაც უფრო ინტენსიურდ ეძებენ ადამიანები თავიანთ გზას, ახერხებენ მოიპოვონ სიმშვიდე, უახლოვდებიან ბუნებას და ნაკლებად არიან დასხივებული ინტერნეტით და ტელევიზიით, ამ შინაგან გზას პოულობენ კიდეც. ადამიანი ხშირად საკუთარი თავისგან, საკუთარი სასიცოცხლო ნაპერწკლისგან, ცხოვრების საკუთარი სიხარულისგანაა დაშორებული... და ეს ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია, ამისთვის საერთო რეცეპტი არ არსებობს“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG