Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონი არჩევნების მოლოდინში


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 10 მარტს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ოკუპირებული რეგიონის სახალხო კრების 35 დეპუტატს ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ. ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სახალხო კრების წევრობაზე პრეტენზიას აცხადებს 148 ადამიანი, რომელთაგან 114 დამოუკიდებელი კანდიდატია, 11 მმართველი პარტიის - „ერთიანი აფხაზეთის“ - წევრია, ამდენივე - ოპოზიციური „სახალხო ერთობის ფორუმის“, 6 - კომუნისტური პარტიის და 6 - აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არჩევნებამდე 24 საათით ადრე ე.წ. „დუმილის დღის“ გამოცხადებას და საარჩევნო აგიტაცია მხოლოდ არჩევნების დღესაა აკრძალული.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილს არ იცნობენ გალის რაიონში მცხოვრები ამომრჩევლები. მათი ინფორმაციით, მაგალითად, სოფელ ოტობაიაში ჩასული იყო მხოლოდ სამი კანდიდატი, რომლებიც კენჭს ჭუბურხინჯის ოლქში იყრიან. რადიო თავისუფლების ოტობაიელი რესპონდენტის თქმით, დეპუტატობის სამივე კანდიდატი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში აფხაზური პასპორტის მიღება გაიოლდება.

სააგენტო „აფსნიპრესი“ ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 10 მარტის საპარლამენტო არჩევნებს მეთვალყურეობას გაუწევენ დამკვირვებლები რუსეთიდან, ნიკარაგუიდან, ვენესუელიდან, ტუვალუდან, ლატვიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. ამავე ჩამონათვალში არიან სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებიც.

რუსეთის დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ აღიარებულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებს პრაქტიკულად ყველა ფრაქციის წარმომადგენელი დააკვირდება. ნარიშკინმა იმედი გამოთქვა, რომ 10 მარტის არჩევნები გამჭვირვალედ და მშვიდად ჩატარდება და ხელს შეუწყობს სახელმწიფოდ აფხაზეთის შემდგომ ჩამოყალიბებასა და სტაბილურ განვითარებას.

ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესების რეალურ მმართველად რუსეთს მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს.
XS
SM
MD
LG