Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრთხეები, რომლებიც თან სდევს ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას


ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები” საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის წინააღმდეგ გამოდს და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებიც თან ახლავს საზღვრის გახსნას და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას. ფრაქციის ინიციატივით, პარლამენტში ექსპერტები და ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნით გაზრდილი საფრთხეების შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დახურული მოსმენა გაიმართა. მანამდე კი ქრისტიან-დემოკრატებმა ექსპერტებისა და ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის წარმომადგენლების დისკუსია მოაწყვეს.

ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთი მორიგ ინტერვენციას ამზადებს და ამ გეგმის განსახორციელებლად ყაზბეგის რაიონიდან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გადასახლებული ოსი ეროვნების მოსახლეობის დაბრუნებას შეეცდება.

საქართველო-რუსეთის საზღვრისპირა რაიონის მკვიდრი ზაზა წიკლაური იმ საფრთხეზე საუბრობს, რაც შეიძლება თან ახლდეს რუსეთიდან პროვოცირებულ მიგრაციას:

ზაზა წიკლაური, ყაზბეგის მკვიდრი
”დაძაბულობას ქმნიან. ეს დაძაბულობა უნდა რუსეთს. ისე ოსების შემოსვლის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს. არ ცხოვრობენ ოსები თრიალეთის ქედზე? არ ცხოვრობენ პანკისში? არ ცხოვრობენ თბილისში? - რა პრობლემაა. როგორც კი თბილისის ოკუპაციის საკითხი დადგება დღის წესრიგში, მაშინვე გაჩნდება ის ფაქტორი, რომ ვიღაცას ჩაგრავენ თბილისში. დღეს კი ოკუპაციის გეგმაშია ყაზბეგის რაიონი, დუშეთის რაიონი, პანკისის ხეობის ჩათვლით, კავკასიონის გასწვრივ.”

მისი და ყაზბეგის სხვა წარმომადგენელთა აზრით, დაძაბულობის მიზეზად შეიძლება იქცეს ბუნებრივად დანგრეული მიტოვებული სახლების განადგურებაში ქართველების დადანაშაულების საინფორმაციო კამპანია. ქრისტიან-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ლალიაშვილის, განცხადებით, რუსეთი უკვე ამზადებს სათანადო ჯგუფებს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყაზბეგის რაიონი ცენტრალური ალანიის ძირძველი მიწაა:

”აი, ასეთი იდეოლოგიით უტენიან მათ თავებს და უპირებენ, რომ ისინი დააბრუნონ თავიანთ სახლ-კარში. ამის შემდეგ არის გეგმა, რომ დაიწყოს კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან, მოხევეებთან. ეს არ იქნება პოლიტიკურ ან ეთნიკურ ნიადაგზე, არამედ საყოფაცხოვრებო კონფლიქტი, რასაც მოჰყვება რეაგირება ჩრდილოეთ ოსეთიდან და შემდეგ ამას მოჰყვება სამხედრო აგრესია, რაც დასრულდება ყაზბეგის რაიონის ოკუპაციითა და დაკარგვით.”

ქრისტიან-დემოკრატების ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილე ექსპერტებიც იზიარებენ მოსაზრებას რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ, თუმცა ეჭვობენ, რომ ამ საფრთხეების ზრდას ხელს უწყობდეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედება.

დისკუსია ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციაში
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის განცხადებით, საზღვრის ჩაკეტვა უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევდა:

”ჩვენ შეგვეძლო წინააღმდეგი წავსულიყავით და ახლა ჩვენ ჩაგვეკეტა საზღვარი, მაგრამ ეს იქნებოდა მტრული ნაბიჯი ჩვენი მეზობლის წინააღმდეგ, რაც არ მოიტანდა, ალბათ, ჩვენთვის სასურველ შედეგებს. ეს იქნებოდა რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტების მიცემა, რომ მან რეგიონში წყალი აამღვრიოს. მე ვფიქრობ, რომ, საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამას სჭირდება სწორი მენეჯმენტი, რომ ჩვენთვის ზედმეტი საფრთხეები არ გაჩნდეს.”

ყაზბეგის რაიონის წარმომადგენელთა აზრით, არსებული საფრთხეების თავიდან აცილება შესაძლებელია რეგიონის გაძლიერებით. აქ არ იგულისხმება სამხედრო ძალების მობილიზება, არამედ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ცენტრის უფრო მეტი ყურადღება.
XS
SM
MD
LG