Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაჭაში ხანძარს ებრძვიან


Georgia -- Russian planes dropped explosives in the protected areas which caused fire in the popular resort Borjomi, 19Aug2008
Georgia -- Russian planes dropped explosives in the protected areas which caused fire in the popular resort Borjomi, 19Aug2008
ქვემო რაჭაში ტყეს ხანძარი 17 ოქტომბერს გაუჩნდა და დღემდე ბოლომდე ლოკალიზებული არ არის. 25 ოქტომბერს ტყეს ცეცხლი ონის რაიონშიც წაეკიდა. ადგილზე სპეციალისტების ჯგუფი და ერთი ვერტმფრენიც მუშაობს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ცეცხლი, სავარაუდოდ, მონადირეების ან ხისმჭრელების დაუდევრობით გაჩნდა. ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

რაჭის ტყეში გაჩენილ ხანძარს დღემდე ებრძვიან. ერთი კვირის მანძილზე ცეცხლი ტყეს ჯერ ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოსთან გაუჩნდა, შემდეკ კი ონის რაიონის სოფელ ჭიორასთან. სამაშველო ჯგუფებმა, ვერტმფრენის დახმარებით, ცეცხლის სერიოზული კერები უკვე მოსპეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ბოლო მონაცემებით, დამწვარია მხოლოდ ფოთოლი, ტყე არ დაზიანებულა.

”ონში, სოფელ ჭიორასთან, ორ საათში ხანძარი ლოკალიზებული იქნება. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, საქმეში შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტია ჩართული. იქ საკმაოდ მიუვალი ადგილებია და ხალხის მისვლა ვერ ხერხდება. ამიტომაც ჭიანურდება ცეცხლის ჩაქრობა მოკლე პერიოდში.”

განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა დავით გაგოშიძემნ 26 ოქტომბერს.

დავით გაგოშიძე ამბობს, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, დაუდევრობით - შესაძლოა, მონადირეების დაუდევრობით - გაჩნდა. დეტალები ზუსტდება:

„ფოთოლი იწვის, ხეები არ ნადგურდება. ქვემო რაჭაში, დაახლოებით, 50 ჰექტარზე იყო ხანძარი და ონში - დაახლოებით, 40 ჰექტარზე. სავარაუდოდ, ან შეშაზე მომუშავე ხალხის დაუდევრობით, ან მონადირეებისგან გაჩნდა.”

ონის გამგებელმა ამირან სხიერელმა კი გვითხრა, დიდი ზარალი მოსალოდნელი არ არისო.

ცეცხლის გავრცელებას ამ დროისთვის უჩვეულოდ თბილმა ამინდმაც შეუწყო ხელი. რაჭაში უკვე მესამე კვირაა არ უწვიმია.

დავით გაგოშიძე გვეუბნება, რომ რაჭის ტყეებში ხანძარი ყოველ წელს ჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ წვიმა მალევე აქრობდა.

საქართველოს ტყეები, ხანძარსაშიშროების მიხედვით, კლასებად იყოფა. როგორც „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, საქართველოს ტყეების 400 000 ჰექტარი, ხანძარსაშიშროების მიხედვით, პირველ კლასს მიეკუთვნება: ” ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, იმერეთის ტყეების ნაწილი...”.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ ტყის ხანძრისგან დაცვის პრევენციული ღონისძიებები მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს, რაც საქართველოში, ფაქტობრივად, არ ხდება. მისივე ინფორმაციით, სულ უფრო იშვიათი გახდა ტყის აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებული ქმედებები:

”ბოლო წლებში არანაირი აღდგენა-განახლებითი სამუშაოები არ ხდება. უფრო მეტიც, ტყის კოდექსის მიხედვით, უნდა ხორციელდებოდეს ტყის ხანძრებისგან დაცვის პრევენციული ღონისძიებები. ეს გულისხმობს ტყეებში წინასწარ გზების გაყვანას, პატრულირებას ხანძარსაშიშ პერიოდში, დამცავი ზოლების გაკეთებას.”

ტყის აღდგენა რომ ძვირი სიამოვნებაა, ამას ადასტურებს სატყეო დეპარტამენტის ტყის აღრიცხვის განყოფილების უფროსი გიორგი ბაღათურია, თუმცა აცხადებს, რომ შესაბამისი სტრუქტურები ხანძარსაშიში პერიოდის დადგომისთანავე ეწევიან პრევენციულ საქმიანობას:

”ხანძარსაშიში პერიოდი ზაფხულში იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. დეპარტამენტი წერილობით აფრთხილებს ყველა რეგიონს, რომ გაააქტიურონ ყურადღება. სოფლებში რეონჯერები თავად ატარებენ ხოლმე ამ თათბირებს მოსახლეობასთან.”

რაც შეეხება ტყეების აღდგენის პროცესს, ბაღათურიას ვკითხეთ, იქნება თუ არა საჭირო რაჭაში დამწვარ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოების განხორციელება:

”ამბროლაურში ბუნებრივად აღდგება და იქ არ სჭირდება აღდგენა, ბორჯომში კი ეს ვერ მოხერხდება და ნამდვილად დასჭირდება აღდგენითი სამუშაოები და მაგაზე მიმდინარეობს მუშაობა. ისე კი, ტყის გაშენება და მოვლა-პატრონობა საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.”

თუ არ ჩავთვლით შარშან ომის შედეგად დამწვარ ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ტერიტორიას, ყველაზე დიდი ხანძარი, დიდი ზარალით, 2006 წელს აბასთუმანში მოხდა. მაშინ 500-დან 600 ჰექტარამდე ტერიტორია დაიწვა.

რაც შეეხება აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ ტყეს, ირაკლი მაჭარაშვილი, რომლის ორგანიზაციაც, „მწვანე ალტერნატივა“, არასამთავრობოთა იმ კოალიციის წევრია, რომელიც საქართველოსათვის გამოყოფილი 4,5 მილიარდდოლარიანი დახმარების მონიტორინგს ახორციელებს, ამბობს, რომ ამ თანხიდან გარემოს აღდგენისათვის ფინანსები გათვალისწინებული არ არის. თუმცა ახლახან ფინეთის მთავრობამ რუსული აგრესიის შედეგად დამწვარი ტყეების აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა დაფინანსების სურვილი გამოთქვა. ამ ეტაპზე ფინეთის მთავრობისათვის წარსადგენ პროექტზე საერთაშორისო ექსპერტები მუშაობენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG