Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზაზე ორი კაცი მიდიოდა


დღეს განსაკუთრებით ძნელი პროფესიული ამოცანა დავისახე: ჩემს მეგობარზე უნდა დავწერო ისე, რომ ჩემთვისაც დამაჯერებელი იყოს, მისთვისაც და თქვენთვისაც, ძვირფასო ბლოგერებო. ძალიან უნდა ვეცადო, რადგან ამიერიდან ჩემი მეგობარი პოლიტიკაში იქნება, მე – ჟურნალისტიკაში, ჩვენს ურთიერთობაში კი სიმართლე უნდა დარჩეს მოციქულად.

მაშ, ასე: ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი დაძმობილდნენ, გაუდგნენ გზასა...

რაც კი ბოლო ერთ წელიწადში სოციოლოგიური კვლევა მინახავს, სხვებზე მაღალი რეიტინგი სამ ადამიანს აქვს – მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარს. ჰოდა, ალასანიასა და სუბარის პოლიტიკური დაძმობილება ყველაზე ბუნებრივი მოვლენაა, რაც კი ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში მომხდარა.

მაგრამ მათი დაახლოება ბუნებრივი მხოლოდ რეიტინგების გამო არ არის. ეს ორი ადამიანი თავისებურად ავსებს ერთმანეთს. ჩემი ბლოგიც ამაზეა.

ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარს საზოგადოება იმგვარად იცნობს, რაგვარადაც მათ საკუთარი თავი წარადგინეს წლების განმავლობაში. და, თუ დავაკვირდებით, ალასანიას შესახებ ჩვენი ცოდნა უფრო გარეგნულ ნიშნებს ეყრდნობა, სუბარის შესახებ კი – უფრო შინაგანს. ეს მათი კარიერის შინაარსმა განაპირობა. ალასანია მუშაობდა უშიშროების სამინისტროში – რაც შინაარსის გამომზეურებას ნაკლებად გულისხმობს, მუშაობდა ელჩად – რაც აგრეთვე თავშეკავებული ადამიანების საქმეა. სუბარი იყო ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საჯარო ფიგურა; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში – საქართველოში ადამიანის უფლებების მთავარი დამცველი. მისი სამუშაოს ხასიათი ყოველთვის გულისხმობდა მისივე პიროვნული პრინციპების, მსოფლხედვის, შინაარსის წარმოჩენას.

ასე რომ, დღეს ირაკლი ალასანია საზოგადოებისთვის მისაღებია თავისი ფორმით – რაც გულისხმობს გარეგნული ნიშნების ერთობას: ენების ფლობას, კავშირებს უცხოეთში, იერსახეს, სიდინჯეს, წონასწორობას, დალაგებულ მეტყველებას, ჩაცმის აკადემიურ სტილს. მისი მაღალი რეიტინგი სწორედ მის მიმზიდველობას ეფუძნება. სოზარ სუბარი კი საზოგადოებისთვის მისაღებია თავისი შინაარსით – ადამიანების გულშემატკივრობით და მათი დაცვით, პრინციპების ერთგულებით, უშიშრობით, მკაფიოდ გამოხატული ეროვნული იდენტობით. მისი მაღალი რეიტინგი სწორედ მის მიმართ ნდობას ეფუძნება.

ის გარემოება, რომ ირაკლი ალასანიას პიროვნული შინაარსი დაფარულია საზოგადოებისთვის, საფუძვლად დაედო მის მიმართ ყველაზე მეტად გავრცელებულ ეჭვს, რომ ალასანია – „მიშა ორია“. ხოლო ის ფაქტი, რომ სოზარ სუბარის გარეგნული იერსახე ძალიან შორს არის წარმატებული პოლიტიკოსის იმიჯისგან, საფუძვლად დაედო მის მიმართ ყველაზე მეტად გავრცელებულ ეჭვს, რომ „ეგ ამათ ვერ მოერევა“.

დღეს მიმზიდველი ფორმა და მიმზიდველი შინაარსი ერთმანეთს დაუახლოვდა, რაც მხოლოდ პირველი ნაბიჯია. თუ ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი ფორმა თავისივე შინაარსით არ შეავსო, სხვისი შინაარსით ფონს ვერ გავა. აგრეთვე, თუ სოზარ სუბარმა თავისი ფორმა – გარეგნული ფაქტორების ერთობლიობა – თავისსავე ახალ ფუნქციას არ მიუსადაგა, სხვისი ფორმა მას ვერაფერში დაეხმარება. ამიტომ, პირადად ჩემთვის სრულიად ნათელია, რა უნდა გააკეთოს ამ პოლიტიკური ტანდემის თითოეულმა წევრმა იმისათვის, რომ მათ მიმართ ცალ-ცალკე არსებული ეჭვები გაიფანტოს. ოღონდ, ერთმანეთის გვერდით დგომა თითოეულ მათგანს აძლევს ერთგვარ „ფორას“ – სანამ პოლიტიკური ცხოვრებისთვის აუცილებელ ხარვეზს აღმოფხვრიდნენ, ორივეს გვერდით არის პარტნიორი, რომელიც საზოგადოების თვალში მისი დეფიციტური მხარის შემავსებელია. სულ-სულ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ირაკლი ალასანიას სოზარ სუბარი ავსებს შინაარსით, სოზარ სუბარს კი ირაკლი ალასანია ავსებს ფორმით.

დღევანდელ საქართველოში ფორმას მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე შინაარსს. ამიტომ, საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში, დღეს ირაკლი ალასანია გაცილებით მომზადებულად გამოიყურება პოლიტიკური ასპარეზისთვის, ვიდრე სოზარ სუბარი. თუმცა, ხვალინდელი უკეთესი საქართველოს გარანტი უფრო სოზარ სუბარია, რადგან იგი – რომელიც სხვა ენებზე უკეთესად მშობლიურ ქართულს ფლობს და რომელიც ჰალსტუხით ათასში ერთხელ თუ გამოჩნდება – მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანების სამსახურის მაგალითს იძლევა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკის გავლენიან წრეებში, სადაც ყოველთვის აინტერესებთ, ვინ იქნება საქართველოში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი პირი, ირაკლი ალასანია „თავისიანია“, სოზარ სუბარი კი – „უცხო“. საქართველოში, პირიქით – სოზარს უფრო „თავისიანად“ მიიჩნევენ, ირაკლი კი იმით არის კარგი, რომ „სა-უცხო-ოა“.

იმის შესახებაც დავწერ ორიოდე სიტყვას, რომ ორსახა იმიჯი, რასაც დღეს ეს ორი ადამიანი ითავსებს, ვარდების რევოლუციის წინ მიხეილ სააკაშვილში – ერთ ადამიანში – იყო შერწყმული: უცხოელებისთვის მიმზიდველი და ქართველებისთვის ახლობელი. ამიტომაც მიაღწია მიზანს.

საკუთარი პოლიტიკური კარიერის უკეთესი გაგრძელებისთვის, ირაკლი ალასანიამ მეტი სილაღე უნდა შეიძინოს და საკუთარ ხალხს დაუახლოვდეს, სოზარ სუბარმა კი – მეტ აკადემიურობაზე იზრუნოს და უცხოელებს თავი გააცნოს, როგორც საინტერესო პოლიტიკურმა მოთამაშემ. რომელიც უფრო სწრაფად შეივსებს ამჟამინდელ დეფიციტს, მომავალში მეტ წარმატებასაც ის მიაღწევს. თუმცა, დღეს ალასანიასა და სუბარის პოლიტიკური ტანდემი ობიექტურად ქმნის ისეთ არჩევანს, როგორიც, დიდი ხანია, აღარ გვქონია. ძალიან კარგად მესმის, რომ ამ არჩევანის მიმართ ბევრი გულგრილი დარჩება, ბევრის გაგულგრილებას შეეცდებიან, ბევრს კიდევ, პირიქით, ცეცხლს შეუნთებენ.

მაგრამ მთავარი ის იქნება, გზას რომ ორი კაცი დაადგა, ის თუ მართლა გზა აღმოჩნდება. თორემ მაგის მეტი რა ვიცით, რომ უგზოობაც გზაა?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG