Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გვხდიან ლიბერალებად?


რა კარგი ინტერვიუ იყო! ”ცხელი შოკოლადის” საუკეთესო პუბლიკაცია - ზაზა ბურჭულაძის გასაუბრება ლევან ბერძენიშვილთან. იმ ინტერვიუში თქვა სწორედ ბატონმა ლევანმა, ქართველებს მასწავლებლობისკენ აქვთ მიდრეკილებაო. მაშინ დავფიქრდი პირველად, საიდან გაჩნდა ჩვენს კულტურაში ეს ვნება, რატომ გვინდა ყველას მასწავლებლობა? პასუხს დღემდე ვერ მივაგენი. თუმცა ბევრი ტვინის ჭყლეტის შემდეგ დავასკვენი, რომ მასწავლებლობა მშვენიერი საქმიანობაა - გააჩნია, რას ასწავლი და როგორ ასწავლი.

მასწავლებლის პროფესიის დაცვამ იმდენად გამიტაცა, რომ ყველა რეპლიკას, რომელშიც სიტყვა ”აღზრდა” ნეგატიურადაა მოხსენიებული, პირადად ჩემს მიმართ ნასროლ ტყვიად აღვიქვამდი. მახსოვს, როგორ ვეცი ერთხელ ზვიად ქორიძეს, რომელმაც ბიოლის ფონდში წაკითხულ მოხსენებაში ამ ხელისუფლების ლამის მთავარ დანაშაულად (მედიასფეროში) რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის ნათქვამი სიტყვა დაასახელა; ”ჩვენ უნდა აღვზარდოთ, უნდა შევქმნათ ახალი ადამიანი!” - უთქვამს ბატონ დავარაშვილს.

”პრავდაო”, თქვა ზვიადმა... ”ბოლშევიკური გადმონაშთიო”... მომკალით და ვერ ვხვდები, ”აღზრდა” და ”შექმნა” რატომაა ”ბოლშევიკური გადმონაშთი”. არაერთხელ დამიწერია ამაზე - აბსოლუტური ობიექტურობის პრეტენზია, რომელიც დროდადრო უჩნდება ხოლმე მედიას, პრინციპში თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. ტელევიზიაში, მაგალითად, ყოველი სიუჟეტის უკან ცოცხალი ადამიანები დგანან - ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები. ყოველი მათგანის განწყობილება, მოქალაქეობრივი პოზიცია (თუკი აქვს, რა თქმა უნდა), და ისიც კი, როგორ ეძინა ღამე, ასე თუ ისე აისახება სიუჟეტში - მომზადებული მასალის სტრუქტურაში, დრამატურგიაში, განათებაში, კადრის კომპოზიციაში, მონტაჟში.

ჟურნალისტიკა, ისევე როგორც ნებისმიერი საქმიანობა ამქვეყნად - შემოქმედებაა. შემოქმედება კი არ არსებობს ასეთი ფონის გარეშე.

ჰოდა, თუკი ჟურნალისტები ხელოვანები არიან და არა რობოტები, სიტყვა ”აღზრდამ” რატომ უნდა დააფრთხოს? აბა, რატომ ვაწვდი ინფორმაციას ჩემს მაყურებელს, რატომ ვუამბობ რაღაც მოვლენაზე, თუკი არ მინდა, ამ ინფორმაციამ რაღაც შეცვალოს მასში? გააბრაზოს, გააცინოს, ატიროს, გაანათლოს.

თანაც, იცით, რა საინტერესოა მასწავლებლობა? თან ასწავლი, თან შენს გამოცდილებას უზიარებ. და ამავე დროს თავად სწავლობ. პირველ რიგში სწავლობ იმისგან, ვისაც ასწავლი.

სხვანაირად არ გამოვა. ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც პედაგოგიური სტაჟი 1981 წლიდან აქვს!

ჰოდა, ჩვენ ხომ არ ვიცით, ზუსტად რა თქვა დავარიშვილმა? იქნებ თქვა - ”ჩვენ უნდა ავღზარდოთ ახალი ადამიანი” და დააყოლა ”საბჭოთა და ქურდული მენტალიტეტის გარეშე, კერპთაყვანისმცემლობის გარეშე, ლაღი, ცნობისმოყვარე, ღია, სამართლიანი, ემპათიური...”

არ დაიწყოთ ახლა ”საბჭოთა გადმონაშთი”, ”კომუნიზმი” და რამეები... ახალი ადამიანის აღზრდის იდეა, გარკვეული თვალსაზრისით, ქრისტიანობის საფუძველიცაა, განმანათლებლობისაც. ცხოვრების მთელი გემო ადამიანის სიჯიუტეა - იცის, რომ იდეალურ ”ჯიშს” ვერ გამოიყვანს, მაგრამ მაინც იღწვის... სულ ეუბნებიან, ამპარტავნობაა ეს, არა გაქვს ამის უფლებაო, მაგრამ მაინც არ ჩერდება, მაინც აქვს იმედი, რომ მიზანს მიაღწევს.

სწორედ ეს მომწონს ადამიანებში.

აღზრდა კონტაქტია, ურთიერთობაა, შეხებაა. ბერგმანის ერთი ინტერვიუსი არ იყოს, ეს კონტაქტი, როგორც წესი, გულის გატეხითა და იმედგაცრუებით მთავრდება, მაგრამ ადამიანი თავისას მაინც არ იშლის, სიყვარულს ეძებს - აძლევს და იღებს!

ამიტომ სავსებით შესაძლებელია ჟურნალისტებთან თავისი მონოლოგი ბატონმა დავარაშვილმა ასე დაასრულა: ”მაგრამ ამისათვის, პირველ რიგში თქვენ უნდა ისწავლოთ, თქვენ უნდა შობოთ საკუთარ თავში ახალი ადამიანი”.

გეცინებათ, არა? მაგრამ რა გაცინებთ, თუკი არ იცნობთ ბატონ დავარაშვილს? (სხვათა შორის, არც მე ვიცნობ) იქნებ ასეთი რომანტიკოსი იყო? ან იქნებ რომანტიკოსებმა სთხოვეს, ასე უთხარიო? იმ რომანტიკოსებმა, რომელთაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გულწრფელად სჯეროდათ, რომ ქართული საზოგადოების ”გალიბერალება” განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, რადგანაც ”მე ვარ ქართველი”, იგივეა, რაც ”მე ვარ ევროპელი”.

მაგრამ მოულოდნელად ბატონმა დავარაშვილმა ჯერ საშინლად დაამცირა ”ჯეობარის” მონაწილე ჰომოსექსუალი, მერე კი თანამდებობა დატოვა. ”ახალი ადამიანის აღზრდის” იდეამ ნელ-ნელა დაკარგა აქტუალობა.

და აი, მრავალი განსაცდელის მერე, რაც გაიარა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო გადაცემა ”ქრონიკაში” გავიდა სიუჟეტი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ახალი ადამიანის აღზრდის იდეა განსაზღვრავს.

აღმოჩნდა, რომ ვინმე თაკო აბაშიძეს, რომელიც მსახიობი ყოფილა (პოპულარულ სერიალში იღებენ თურმე), რომელიღაც ინტერვიუში განუცხადებია, "თუ ასე გაგრძელდა, მომავალში ქობულეთის ნაცვლად ერევანში წავალ დასასვენებლად"... ქალბატონი თაკო წერდა, რომ წელს, ქობულეთში დასვენების დროს, სომხეთის მოქალაქეებით გარშემორტყმულს კინაღამ დაავიწყდა, რომ საქართველოში ისვენებდა.

ტელეკომპანია ”იმედმა” ამ ინტერვიუს მიუძღვნა უგრძელესი სიუჟეტი, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობის ეს მოსაზრება შეფასდა როგორც ”ქსენოფობია”. სიუჟეტის ავტორმა აგვიხსნა, რას ნიშნავს ბერძნული სიტყვა ”ქსენოფობია” (დედას ვფიცავარ, ასე იყო!) და მოგვასმენინა ინტერვიუები ”არაქსენოფობ” ხალხთან - ნოდარ ლადარიასთან, ნინია კაკაბაძესთან, შორენა შავერდაშვილთან!

მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი ”აღმზრდელობითი” სიუჟეტი იყო, რომელიც არაფრით გამაღიზიანებდა, თუნდაც იმიტომ, რომ მეგობრები ვიხილე ტელეეკრანზე.

მაგრამ სიუჟეტის ავტორი ასეთი გაკვეთილით არ დაკმაყოფილდა. ნოდარმა, ნინიამ და შორენამ ”ჩაიარეს” და პოეზია აბსოლუტურმა პროზამ შეცვალა. სიუჟეტის ავტორმა ციფრები გაგვაცნო. გვიამბო, რამდენად გაზარდეს სომეხმა დამსვენებლებმა საქართველოს ბიუჯეტი... ანუ ტელემაყურებელს უთხრეს, რომ აჭარის კურორტების პოპულარობა სომეხ ტურისტებში, სულ მალე ჩვენსავე ჯიბეზე აისახება. ცოტა გაგვამდიდრებს!

არ გჯერათ?

აი, ფრაგმენტი საინფორმაციო პორტალ ”ამბები.ge”-ზე გამოქვეყნებული წერილიდან (ინტერვიუ ჟურნალ ”რეიტინგში” დაიბეჭდა):

თაკოსთან საუბრის შემდეგ ჩვენ სიუჟეტის ავტორს - ლიკა ბერაიასა და "იმედის" საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერ ეკა შანიძეს დავუკავშირდით.

ლიკა ბერაია:

- ამ სიუჟეტის მომზადება პროდიუსერმა დამავალა, მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩვენს პროდიუსერს დაუკავშირდით და უფრო დაწვრილებით ის გაგცემთ პასუხს.

- რით გამოიწვია ასეთი დიდი ყურადღება ჩვენს ჟურნალში დაბეჭდილმა ინტერვიუმ, რომ სიუჟეტი მიუძღვენით? ბევრჯერ დაგვიბეჭდავს უფრო სკანდალური მასალები და მათ არ მოჰყოლია ასეთი გამოხმაურება...

ეკა შანიძე:

- ჩვენ ჟურნალებში სკანდალებს არ ვეძებთ. უბრალოდ, ეს იყო განზოგადებული ფაქტი, ბევრს გაუჩნდა ანალოგიური მოსაზრებები და გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ქსენოფობიის დონემ იმატა და ეს პრობლემაა. არადა, თანამედროვე ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.


”ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის”... ამიტომ არ უნდა ვიყოთ ქსენოფობები!

”იმედის” ამ სიუჟეტს ნამდვილად ჰქონდა ”ახალი ადამიანის აღზრდის” პრეტენზია, მაგრამ იმას, ვინც ქალბატონი თაკოს მოსაზრებას იზიარებს, სიცილად არ ეყოფოდა საუბარი ”ბიუჯეტის გაზრდაზე”.

რატომ?

იმიტომ, რომ სიუჟეტს თავიდან ბოლომდე ეტყობოდა, რომ ”პროდიუსერმა დაავალა”. იმიტომ, რომ მასწავლებლობის ეს ”მარადქართული ვნება” შედეგს მხოლოდ მაშინ მოიტანს, როცა საქმეში ნიჭი, შემოქმედება, ფანტაზია ჩაერთვება. როცა ”მასწავლებლისა” და ”მოსწავლის” როლები ხანდახან ერთმანეთს შეენაცვლება და ქართველი ჟურნალისტი, სანამ ახალი ადამიანის აღზრდის საინტერესო, ფათერაკებით სავსე პროცესში ჩაერთვება, ცოტათი მაინც გაეხსნება თავის მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს, რათა გაიგოს, რეალურად რა ხდება ქვეყანაში.

პირადად მე ქალბატონ თაკო აბაშიძესა და მის თანამოაზრეებს ერთ რამეს ვეტყოდი; არა, ძვირფასებო. ტურიზმის განვითარება არაა ასეთი მნიშვნელოვანი. არც ისაა არსებითი, რომ თქვენმა ამ განცხადებებმა შეიძლება მეზობელი გაგვინაწყენოს. მთავარი ისაა, რომ ყოველი უცხოელის შემოსვლა ჩვენ არა ფულით, არამედ ახალი ენით, ახალი კულტურით გამდიდრების შანსს გვაძლევს. მრავალფეროვანი სამყარო გაცილებით უფრო საინტერესოა და ”ბევრი ენა” პლაჟზე, რაღაც ახალი ბაბილონი, თავის დროზე ასე ლამაზად რომ გამოხატა ლუკინო ვისკონტიმ, კულტურათა მშვიდობიანი თანაარსებობა, ეს სიჭრელე, დიახაც, უტოპიური ოცნებაა, ამპარტავნობაა, მაგრამ ადამიანი თავისას მაინც არ იშლის, რადგანაც არ შეუძლია ერთფეროვნებაში ცხოვრება. სული ეხუთება!

”მასწავლებლობა” კი სხვა არაფერია, თუ არა ამ მრავალფეროვნების ჩვენება, სხვისთვის თვალის ახელა. მერე კი სიხარულის ცრემლები, როცა ”მოწაფე” გეტყვის, ვხედავ, ვხედავ... მართლა რა ლამაზი ყოფილა!.. და ”ახალ ადამიანად” იქცევა.
თუნდაც ერთი წამით.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG