Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოეს კიდობანი


ადამიანს, ჩვეულებრივ, ორი ბებია ჰყავს, მე კი სამი მყავდა: დედის დედა, მამის დედა და მამაჩემის მამიდა, ანუ ბაბუდა.

გუშინ საღამოს რომელიღაც დისკუსიაში ამოვიკითხე: ყველაფერი, რაც საბჭოთა პერიოდიდან მოგვყვება, მოსაშორებელიაო. ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობდნენ, მაგრამ მე კი რატომღაც ჩემი ბებიები გამახსენდა – ერთი კახელი და ორი გურული.

სამივე რთული ბედის ადამიანი იყო, სამივეს მძიმე და გაუტეხელი ცხოვრება ჰქონდა, სამივემ ოთხმოც წელს გადააბიჯა.

კახელ ბებოსთან დაკავშირებით ერთადერთი, რაც არ მომწონდა, მისი სახელი იყო. რომ დაიბადა, პატიოსნად, სოფიო დაარქვეს: სოფიო კირვალიძე. მერე, ნათლობისას, რატომღაც სახელი შეუცვალეს და დაარქვეს სირანა, რაც მთელი ცხოვრება შემორჩა. ჰოდა, ეს ჩემი სირანა ბებო ძალიან შემოქმედებითი ადამიანი იყო: ახალგაზრდობაში შესანიშნავად კერავდა, ნამცხვრებს და კერძებს თხზავდა, სიცოცხლის ბოლო წლებში კი კახეთში, ჩვენი სახლის ეზოში, განსაცვიფრებელი ვარდები მოაშენა. იმის გამო, რომ დღისით წყალი ჭირდა, ღამის ოთხ საათზე დგებოდა მათ მოსარწყავად. ოთხი შვილიდან სამი გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ როდის და როგორ გლოვობდა, ახლაც არ ვიცი.

ერთი შემთხვევა მახსენდება: უკვე სტუდენტი ვიყავი და გადავწყვიტე, ახალი წელი ბებოსთან ერთად გამეტარებინა აკურაში. პაპა უკვე გარდაცვლილი იყო. არადა, ძალიან ციოდა და თბილი ოთახიდან ფეხს ვერ ვადგამდი. ბებო კი გახარებული ემზადებოდა – გადიოდა ცივ სამზარეულოში, შემოჰქონდა ახალი თავი საჭმელი, მერე გადიოდა უფრო ცივ ეზოში, შემოჰქონდა შეშა, გადიოდა... შემოდიოდა... და სულ ხალისით, სულ მხნედ. ცდილობდა, ხალისი ჩემთვისაც გადმოედო. მე კი ვიჯექი დარცხვენილი იმით, რომ ვერ ვეხმარებოდი – ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად – და ვფიქრობდი: რატომ ვარ მე უფრო მოხუცი, ვიდრე ჩემი მოხუცი ბებია?

ბებო მთელი ცხოვრება კითხულობდა. დღისით შრომობდა, მერე ყველას დაგვაძინებდა, თვითონ კი იჯდა და კითხულობდა. ჰოდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ვხედავ, ჯეიმს ჯოისის „ულისე“ გადაუშლია და ყურადღებით ჩასცქერის. ვხვდები, რომ ცუდად არის საქმე. ვეკითხები: „ბებო, მოგწონს?“ მშვიდად, დარბაისლურად მპასუხობს: „არა უშავს...“

გურული ბებო – ანეტა (ანა) გოგიჩაიშვილი – ის ადამიანია, ვინც გამზარდა და ყველა საზრუნავს ამარიდა. ერთადერთი ადამიანია, ვისთან ერთადაც წლობით და, თანაც, სრულიად მშვიდობიანად მიცხოვრია ერთ ოთახში. რაც ზუსტად ვიცი – მისგან მივიღე მემკვიდრეობით პოლიტიკის და სპორტის მიმართ ინტერესი. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი გურული ბებო უნიკალური ადამიანი იყო იმით, რომ ძალიან პატრონობდა მთელ სანათესაოს. ყველას რაღაცით ეხმარებოდა, ოღონდ, წყნარად, უხმაუროდ. ყველას მისი იმედი ჰქონდა. დედამთილი რომ გარდაეცვალა, დედაჩემმა მაშინ ხელახლა ისწავლა სადილების კეთება და სახლის დალაგება. ანეტა ბებო განსაკუთრებით უყვარდათ ჩემს მეგობრებს, ყველას ცოტა საკუთარ ბებიადაც მიაჩნდა. მე კი ისე შევეჩვიე მის სიკეთეს და უნიკალურობას, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივ ადამიანად აღვიქვამდი. ცოტა არაჩვეულებრივი ეგ იყო, რომ მეუღლე ძალიან ახალგაზრდას გარდაეცვალა და სამი თვის შვილი დარჩა, რომელსაც მთლიანად მიუძღვნა თავისი ცხოვრება. პათეტიკურად კი ჟღერს და ულამაზოდ, მაგრამ, სინამდვილეში, ლამაზად გამოვიდა.

რაც შეეხება ბაბუდას – სულიკო ანთაძეს. ოჰ, რა მაგარი ქალი იყო! გიტარას აიღებდა ხელში და მღეროდა და მღეროდა: „ჩორნოე მორეე, ბელი პარახოოდ..“ მარტო ცხოვრობდა და ჩაის ხომ უვლიდა, თხილი ხომ ჰქონდა, ძროხაც ჰყავდა, გოჭებიც, ქათმებიც... ყველაზე მეტად ის სწყინდა, ვინმე თუ ეტყოდა, მარტო ხარ და ამდენს რატომ წვალობო. სინამდვილეში, ჩვენთვის წვალობდა და თან საკუთარ თავსაც პატივს იმით სცემდა, რომ სრულფასოვანი ოჯახური ცხოვრება მოიწყო. ზაფხულში რომ ვესტუმრებოდით, როცა მამაჩემის დედულეთში – გოგიჩაიშვილებში გადავიდოდით (ნახევარი საათის სავალზეა), დღეში სამჯერ მაინც ჩამოგვაკითხავდა, ღობესთან დადგებოდა და შემოგვძახებდა: არ მოდიხართ სახლში? ოთხმოცს რომ გადასცილდა, მაშინაც ასე მიდი-მოდიოდა, ვერ ისვენებდა, სანამ თავის ეზოში არ დაგვიგულებდა. ერთადერთი, ვისზეც ოდესმე მიფიქრია, სიკვდილი ამას ვერ მოერევა-მეთქი, სულიკო ბებია იყო.

ჰოდა, აი, ასეთი ბებიები მყავდა. ყოველ ახალ წელს სამივე თავს თბილისში, ჩვენს ოჯახში იყრიდა და ოჯახი სიყვარულით იხუნძლებოდა. ვისაც ნამდვილი დღესასწაული ენატრებოდა, ყველა ჩვენ გვსტუმრობდა, ბებიების გამო.

მჯერა ახლა მე, რომ ჩემი ქვეყნის ისტორია 2003 წლის 23 ნოემბერს დაიწყო? და რომ ყველაფერი ძველი გადასაყრელია? და რომ ახალი ადამიანი უნდა შეიქმნას რეფორმაციის შედეგად, რისთვისაც ნაციონალურ მოძრაობას, ასე, სამოცდაათი წელი დასჭირდება?

როგორ თანამედროვედ მესმის დღეს ეს სიტყვები, „ანას ხანაში“ (1945 წელს) რომ დაიწერა:

ვჭვრეტ სიყვარულით
შენს დაღარულ სახეს დიდებულს,
ოდეს ვნებიანს...
შენი ოთახი ძველს, ბიბლიურ ნოეს კიდობანს
რატომ მაგონებს?..
მე რა მაღონებს?
გეტყვი, ბებია!

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG