Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს


100 ქვეყანას შორის, რომლებმაც გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, 5 ივნისი, უკვე 36-ედ აღნიშნეს, საქართველოცაა. თბილისში გარემოს დაცვის სამინისტრო ამ დღეს რამდენიმე ღონისძიებითა და აქციით გამოეხმაურა, არასამთავრობო სექტორმა კი საგანგებო განცხადება გაავრცელა.

დილიდან ქალაქში ველომრბოლელები გამოჩნდნენ და სპორტის სასახლიდან ვაკის პარკამდე საზეიმო მსვლელობა გამართეს - ასეთი იყო გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების სტარტი თბილისში. შემდეგ მოქმედებამ ანტიპოლიეთილენის პაკეტების აქციაზე გადაინაცვლა - ჰიპერმარკეტ ”გუდვილში”. აქციის მთავარი მოწოდება იყო, ჩავანაცვლოთ ისინი ქაღალდის პაკეტებით. შემდეგ ვაკის პარკიდან რესპუბლიკის მოედნამდე, მოძრაობის თეატრთან ერთად მოეწყო კიდევ ერთი მსვლელობა, რომელშიც გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც მონაწილეობდა. მისთვის ეს დღე კიდევ ერთი ექსპერიმენტის გამო იყო მნიშვნელოვანი:

”გარემოს დაცვის მსოფლიო დღე უკვე 36-ედ აღინიშნება, მსოფლიოს ასი ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს და საქართველოც, მათ შორის. ჩემთვისაც განსაკუთრებული დღეა, რადგან დღეიდან რადიო ”იმედის” ეთერში იწყება გადაცემა, რომლის წამყვანიც პირადად მე ვიქნები და ყველა კითხვას ვუპასუხებ.”

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. საქართველოც უკვე რამდენიმე წელია ამ დღეს სხვადასხვაგვარი აქციებით ეხმაურება ხოლმე. ოფიციალური სტრუქტურების გარდა, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სპეციალური მიმართვის გავრცელებით გამოეხმაურნენ. მიმართვას ხელს 25 სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს და მასში იმ პრობლემებზეა საუბარი, რომლებიც დღეს საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში არსებობს. მიმართვაში ასევე ვკითხულობთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო მხოლოდ ხეების დარგვისა და საყოფაცხოვრებო ნაგვის შეგროვების ერთჯერადი აქციებით შემოიფარგლება და პრობლემების ფუნდამენტური მოგვარება ვერ ხერხდება. მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში გარემოს დაცვის სფერო პრიორიტეტულად არ ითვლება. ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” წევრი ირაკლი მაჭარაშვილი განმარტავს, რომ ამ მიმართვის სამიზნე არა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრო, არამედ ზოგადად საქართველოს მთავრობაა:


” პრეტენზიები ჩვენ იმდენად გარემოს დაცვის სამინისტროსთან არ გვაქვს, რამდენადაც მთავრობასთან. 2005 წლის შემდეგ, რაც ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი” მივიღეთ, მიზანმიმართულად ხდებოდა გარემოს დაცვის პრინციპების უგულებელყოფა და ამას ახვევდნენ საბურველში, თითქოს ხდებოდა ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. სინამდვილეში კი ხალხისთვის ბევრი საზიანო გადაწყვეტილება მიიღეს და ისინი პირდაპირ არღვევენ ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ და უვნებელ გარემოში.”

ხოლო მოთხოვნები, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აყენებს, ასეთია:

”გვინდა, რომ გარემოს დაცვა ამ ქვეყნისათვის გახდეს უფრო მეტად პრიორიტეტული, უფრო მყარ პოზიციაზე დადგეს გარემოს დაცვის სამინისტრო, განსაკუთრებით, როცა საუბარია ლიცენზიების გაცემასა და მათ კონტროლზე, და უფრო მეტად გამოიკვეთოს გარემოს დაცვითი ვალდებულებები ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.”

ირაკლი მაჭარაშვილმა საქართველოში გარემოს დეგრადაციის არაერთ ფაქტორზე ისაუბრა. ერთ-ერთი ფაქტორი წიაღის მოპოვებას ეხება და, როგორც ირკვევა, სერიოზულ საფრთხეებთანაა კავშირში:

”მაგალითად, წიაღის მოპოვება შესაძლებელია გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე. ასეთი რამ მხოლოდ განუვითარებელ ქვეყნებში ხდებოდა და ეს ჩვენც დაგვიდგება ძალიან მალე წინ. აი, სულ უბრალო რამ: ინერტული მასალების მოპოვება მდინარეებიდან მომავალ წლებში გამოიწვევს ნაპირების გარეცხვასა და წყალდიდობებს და უფრო მეტ ზიანს მოიტანს ეს, ვიდრე დღეს ამ გზით ბიუჯეტში შესული თანხებია.”

გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ თავისთავად ის ფაქტი, რომ სიტყვა ”გარემო” ვიღაცამ ახსენა და მიმართვაც გაავრცელა, მისთვის უკვე მნიშვნელოვანია, ხოლო მათი მისამართით, ვინც მათ აქტივობას აკრიტიკებს, აცხადებს, რომ სამინისტრო ღიაა ყველა იდეისა და შენიშვნისათვის:


”თუ ვინმეს არ მოსწონს ხის დარგვა, ნაგვის შეგროვება და სხვადასხვა ინტერაქტიული აქციები, მაშინ გვითხრან რას აკეთებენ თავად ისინი, რა იდეები აქვთ და ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით მათ აქტივობებში.”

გარემოს დაცვის სამინისტროს უახლესი გეგმა, რაც კანონმდებლობის ცვლილებას უკავშირდება, გარემოს დაცვის კოდექსის პარლამენტში განსახილველად შეტანაა. კოდექსზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ერთ რამეში კი გარემოს დაცვის სამინისტროც და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც თანხმდებიან - სიტყვა ”გარემოს” რაც უფრო ხშირად და რაც უფრო მეტი ადამიანი ახსენებს, ამ სფეროს მით მეტად მიექცევა ყურადღება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG